back to top

ალცჰაიმერის სადიაგნოსტიკო სისხლის ანალიზის პირველი გაიდლაინი

გააზიარე

ალჰაიმერის დიაგნოსტიკა ახალ ეტაპზე გადადის. ალცჰაიმერის ასოციაციის მოწვეულმა ექსპერტებმა პირველად შექმნეს სისხლის ტესტის (Blood Based Biomarker – BBM) ოფიციალური გაიდლაინი,  რათა კოგნიტური პრობლემების მქონე პაციენტებში დემენციის ეს ფორმა დროულად აღმოაჩინონ. ინოვაცია მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის გამარტივებასა და ინვაზიური პროცედურების შემცირებას. 

რა არის BBM ტესტი? 

BBM, ანუ სისხლზე დაფუძნებული ბიომარკერული ტესტი, არის მარტივი ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც სისხლში აღმოაჩენს ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებულ სპეციფიკურ ცილებს. ეს ცილებია:

  • ამილოიდ ბეტა (Aβ) პეპტიდები – ცილები, რომლებიც  გროვდება ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების ტვინში.
  • ფოსფორილირებული ტაუ (p-tau) – შეცვლილი ტაუ ცილები, რომლებიც ალცჰაიმერის დროს ტვინში ჩახლართულ გროვებს წარმოქმნიან.

გაიდლაინი გვთავაზობს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს:

  • მაღალი სიზუსტის (≥90% მგრძნობელობა, ≥75% სპეციფიკურობა) BBM ტესტები გამოიყენება საწყის ეტაპზე. მათი დახმარებით შეიძლება დაავადების გამორიცხვა ან იმ პაცინეტების იდენტიფიცირება, ვისაც ესაჭიროება დამატებითი კვლევები.
  • სპეციალიზებულ კლინიკებში, იმ BBM ტესტებს, რომელთა მგრძნობელობა და სპეციფიკურობა ≥90%, შეუძლიათ ჩაანაცვლონ ინვაზიური პროცედურები: ზურგის ტვინის სითხის (CSF) ანალიზი და PET სკანირება.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ყველა კომერციული BBM ტესტი ჯერ ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, ამიტომ მხოლოდ ამ ტესტის შედეგებზე დაყრდნობა არ შეიძლება, მათი გამოყენება საჭიროა სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებთან ერთად.

რატომ არ არის ჯერ საკმარისი მტკიცებულებები?

მთავარი პრობლემაა ის, რომ ერთი და იმავე ბიომარკერის შემთხვევაშიც კი, ტესტების შედეგები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ამიტომ, ლაბორატორიებმა უნდა უზრუნველყონ ტესტების თანმიმდევრულობის მკაცრი კონტროლი, რომ თავიდან აიცილონ შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია.

გარდა ამისა, ექსპერტთა ჯგუფმა ვერ გამოიყენა მრავალი მნიშვნელოვანი კვლევის მონაცემი. ეს იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთ კვლევაში ჯანმრთელი და კოგნიტური პრობლემების მქონე ადამიანები ერთ ჯგუფად განიხილებოდა, ან არ არსებობდა საკმარისი მონაცემი დიაგნოზის სიზუსტეზე. ამიტომ, მომავალი გაიდლაინებისთვის, აუცილებელია ყოვლისმომცველი და სტანდარტიზებული კვლევების ჩატარება, შედეგების დეტალური აღრიცხვით.

ტესტის ხელმისაწვდომობა

ამჟამად მთავარი გამოწვევაა BBM ტესტების ფართო ხელმისაწვდომობა და დაფინანსება. სათანადო პოლიტიკის გარეშე, ამ ინოვაციური დიაგნოსტიკური მეთოდით სარგებლობის პრივილეგია, სავარაუდოდ, მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ექნებათ, რაც ჯანდაცვის სფეროში არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

იმისთვის, რომ ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ, ექსპერტთა ჯგუფი BBM ტესტების ხარჯთეფექტურობის უკეთ შესწავლას მოითხოვს. 

ალცჰაიმერის სისხლის ტესტის გაიდლაინი პერსპექტიული დასაწყისია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი. იმისთვის, რომ BBM ტესტების პოტენციალი კლინიკურ პრაქტიკაში სრულად იქნეს რეალიზებული, საჭიროა დამატებითი კვლევები, ტესტების სტანდარტიზაციის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ეკონომიკური ასპექტების სიღრმისეული ანალიზი.

 

წყარო: Alzheimer’s Association 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები