კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტექნოლოგიური გიგანტები, Meta და YouTube, დამნაშავედ ცნო ახალგაზრდა ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და პლატფორმებზე მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური მედიის კომპანიებს მსგავსი ბრალდებით პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიები დაუდევრად მოეკიდნენ თავიანთი პლატფორმების დიზაინს, იცოდნენ საფრთხეების შესახებ, თუმცა მომხმარებლები არ გააფრთხილეს. ვერდიქტის თანახმად, მიყენებული ზიანის 70%-ზე პასუხისმგებლობა Meta-ს ეკისრება, ხოლო 30%-ზე – YouTube-ს.
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლომ კომპანიებს ჯამში 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით. გარდა ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა დამატებითი საჯარიმო სანქციებიც გასცეს. 2.1 მილიონი დოლარი Meta-სთვის და 900,000 დოლარი YouTube-ისთვის.
თუმცა, საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. ეს ვერდიქტი გზას უხსნის კიდევ 1,500-ზე მეტ მსგავს სარჩელს, რომლებიც ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგაა შეტანილი. ექსპერტები ამ სასამართლო პროცესს იმ ისტორიულ ბრძოლას ადარებენ, რომელიც ათწლეულების წინ თამბაქოს გიგანტების წინააღმდეგ გაიმართა. მაშინ დადასტურდა, რომ სიგარეტის მწარმოებლებმა იცოდნენ პროდუქტის მავნებლობის შესახებ, თუმცა ამას მალავდნენ.
დღეს სოციალურ ქსელებსაც მსგავს ბრალდებას უყენებენ, რომ მათ შეგნებულად შექმნეს დამოკიდებულების გამომწვევი ალგორითმები. ეს ნიშნავს, რომ ვერდიქტმა შესაძლოა კომპანიები აიძულოს, ძირფესვიანად შეცვალონ პლატფორმების მუშაობის პრინციპი, რათა მათ მომხმარებლის (განსაკუთრებით ბავშვების) ჯანმრთელობას ზიანი აღარ მიაყენონ.
რას ამბობენ ტექნოლოგიური გიგანტები?
ტექნოლოგიური გიგანტები ბრალდებებს უარყოფდნენ. Meta ამტკიცებდა, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემების მიზეზი მისი რთული ბავშვობა იყო და არა აპლიკაცია, ხოლო YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მონაცემების მიხედვით, ის პლატფორმას დღეში მხოლოდ მცირე დროით იყენებდა, რაც, მათი აზრით, დამოკიდებულების შესახებ ბრალდებას ეწინააღმდეგებოდა.
ორივე გიგანტი გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. Meta აცხადებს, რომ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა კომპლექსური საკითხია და მისი დაკავშირება ერთ კონკრეტულ აპლიკაციასთან არასწორია. Google-ის (YouTube-ის მფლობელი) წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ ერკვევა მათ პლატფორმაში, რადგან YouTube არის სტრიმინგ-სერვისი და არა სოციალური მედია.
წყარო: CNN

