BBC-ის ფარულმა გამოძიებამ პაკისტანის ქალაქ ტაუნსას სახელმწიფო საავადმყოფოში (THQ Hospital Taunsa) კატასტროფული ჰიგიენური დარღვევები გამოავლინა. ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამედიცინო პერსონალი ბავშვების სამკურნალოდ ერთი და იგივე შპრიცებს მრავალჯერადად იყენებდა, რამაც რეგიონში აივ-ინფექციის (HIV) მასშტაბური აფეთქება გამოიწვია.
გამოძიების დეტალები
BBC Eye-ის მიერ მოპოვებული 32-საათიანი ფარული ჩანაწერი უსაფრთხოების პროტოკოლების სისტემურ დარღვევას ასახავს. სამედიცინო პერსონალი შპრიცებს მრავალჯერადად იყენებდა და ერთსა და იგივე ინსტრუმენტს სხვადასხვა პაციენტისთვის ხმარობდა, რაც ექსპერტების განმარტებით, ინფექციის გადაცემის პირდაპირი წყაროა, რადგან ვირუსი შპრიცის კორპუსში ნემსის გამოცვლის შემდეგაც რჩება. კადრებში ჰიგიენის ნორმების უგულებელყოფაც ჩანს. პერსონალი ინექციებს ხელთათმანების გარეშე აკეთებდა და ნემსებს სამუშაო მაგიდებზე ტოვებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე ტაუნსაში აივ-ინფექცია 331 ბავშვს დაუდგინდა. შემთხვევათა ნახევარზე მეტში გადაცემის სავარაუდო გზად დაბინძურებული ნემსი მოიაზრება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ინფექცია არ არის დედიდან შვილზე გადაცემული. 97 შემოწმებული ოჯახიდან მხოლოდ 4 შემთხვევაში აღმოჩნდა დედა ინფიცირებული. ეს ადასტურებს ეჭვს, რომ ვირუსის გავრცელება უშუალოდ საავადმყოფოში მომხდარი სამედიცინო მანიპულაციების შედეგია.
კრიზისის სიმბოლოდ იქცა 8 წლის მუჰამედ ამინი, რომელიც აივ-დადებითი სტატუსის მიღებიდან მალევე გარდაიცვალა. მოგვიანებით ვირუსი მის დას, ასმასაც აღმოაჩნდა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ორივე ბავშვი რუტინული მკურნალობისას დაინფიცირდა.
საავადმყოფოს პასუხი და სისტემური პრობლემა
მიუხედავად ვიდეომტკიცებულებებისა, საავადმყოფოს ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს. სამედიცინო ზედამხედველმა, დოქტორ კასიმ ბუზდარმა ვიდეოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ინფექციის კონტროლი მათი პრიორიტეტია.
პენჯაბის მთავრობამ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში, როცა შემთხვევათა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, საავადმყოფოს ხელმძღვანელი გადააყენა, თუმცა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახიფათო პრაქტიკა ამის შემდეგაც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
ექსპერტები აფრთხილებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მსგავსი აფეთქებები კვლავ განმეორდება, თუ არ მოხდება ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და მკაცრი კონტროლი სანიტარიული ნორმების დაცვაზე.
წყარო: Gulf News

