განათლების რეფორმის შემდეგ, ქართული ოცნების გუნდი კიდევ ერთ მიმართულებაზე – ჯანდაცვაზე ამახვილებს ყურადღებას. ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დააანონსა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის სიღრმისეული გადახედვა იგეგმება, რაც მხოლოდ ეტაპობრივ კი არა, ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს. მისი შეფასებით, არსებული სისტემა განვითარებას განაგრძობს, თუმცა ხარისხის მხრივ კვლავ მნიშვნელოვან ხარვეზებს აქვს ადგილი, რაც მოქალაქეების ნაწილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ალტერნატივას უფრო მიმზიდველს აქცევს. ამ ფონზე, მმართველი გუნდის მიზანი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა, რომელმაც ჯანდაცვის სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის განვითარების 2036 წლამდე დაგეგმილი გეგმის ნაწილად იქცეს.
“„ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ სისტემური მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმ დონის სამედიცინო მომსახურება, რაც დღეს არსებობს თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში“,
კობახიძის განცხადებაში ერთ-ერთ ცენტრალურ ხაზად არა მხოლოდ ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი განიხილება, არამედ სამედიცინო მომსახურების ხარისხი. აქცენტი იმ რეალობაზე უნდა გაკეთდეს, რომ მოქალაქეების ნაწილი იძულებულია მკურნალობისთვის ქვეყანა დატოვოს, რაც სისტემური სისუსტის პირდაპირ ინდიკატორად უნდა ჩაითვალოს. ეს შეფასება ირიბად აჩვენებს, რომ ჯანდაცვის რეფორმა უნდა შეეხოს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას ან დაფინანსებას, არამედ პროფესიულ სტანდარტებს, არამედ მართვასა და მომსახურების შედეგებს
კობახიძე ერთდროულად მზადყოფნას აცხადებს ფართო დისკუსიისთვის და ამავე დროს ეჭვქვეშ აყენებს პოლიტიკური ოპონენტების კომპეტენციას. ამ გზით ის თითქოს იმ სუბიექტთა წრეს ზღუდავს, ვისაც რეფორმის შინაარსზე გავლენის მოხდენის ლეგიტიმაცია ექნება. პოლიტიკური ძალების მიმართ სკეპტიციზმის ფონზე, პრემიერის განცხადებით უპირატესობა პროფესიულ ავტორიტეტს და ექსპერტულ ცოდნას მიენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი ჯანდაცვის სისტემაზეა.
აქცენტი ექიმებზე და დარგის სპეციალისტებზე უნდა კეთდებოდეს, კობახიძე ჯანდაცვას წარმოაჩენს როგორც ისეთ სფეროს, სადაც პოლიტიკოსთა შეფასებები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და გადაწყვეტილებების საფუძველი პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია უნდა იყოს. ეს შეიძლება განიმარტოს როგორც მცდელობა, რეფორმის გარშემო დისკუსია პოლიტიკურ პოლემიკას გასცდეს.
“ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული. თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიციური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში“
მმართველი გუნდის განცხადებით დღევანდელი მოცემულობით სფერო ნელა ან ფაქტობრივად არ იძვრის და „ერთ ადგილს ტკეპნის“ შესაბამისად ამ რეფორმის ფარგლებში 11 წლიანი გეგმის გაწერა ანონსდება, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა და გამოწვევა უნდა აღმოფხვრას.

