DeltEx DRI იმუნოთერაპიამ გლიობლასტომის დიაგნოზის მქონე პაციენტებში პროგრესირების გარეშე გადარჩენის მაჩვენებელი ორჯერ მეტად გაზარდა

გააზიარე

გლიობლასტომა (Glioblastoma) ზრდასრულთა პოპულაციაში დიაგნოსტირებულ თავის ტვინის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ავთვისებიან ნეოპლაზმას წარმოადგენს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამკურნალო ონკოლოგიურ დაავადებად რჩება. მიუხედავად ქირურგიული, სხივური და ქიმიოთერაპიული მეთოდების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, გლიობლასტომის მქონე პაციენტების პროგნოზი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. დაავადების სწრაფი პროგრესირება, მაღალი რეციდივის სიხშირე და მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარება კვლავ მნიშვნელოვან კლინიკურ გამოწვევად რჩება, რაც ხაზს უსვამს ინოვაციური და უფრო ეფექტიანი თერაპიული სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის აუცილებლობას.

ალაბამას უნივერსიტეტის ბირმინგემის (University of Alabama at Birmingham, UAB) მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ახალმა I ფაზის კლინიკურმა კვლევამ შეაფასა უჯრედული იმუნოთერაპიის გამოყენების შესაძლებლობები გლიობლასტომის მკურნალობაში. კვლევის შედეგების მიხედვით, ინოვაციური იმუნოთერაპიული მიდგომის გამოყენებამ პაციენტებში პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენის (Progression-Free Survival, PFS) პერიოდი სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა.

კვლევა, რომლის შედეგებიც ჟურნალ The Journal of Clinical Oncology-ში გამოქვეყნდა, წარმოადგენს INB-200-ის I ფაზის კლინიკური კვლევის ანგარიშს. კვლევის ფარგლებში შეფასდა DeltEx DRI — გენეტიკურად მოდიფიცირებული, ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტული იმუნოთერაპია, რომელიც მსოფლიოში პირველი გენეტიკურად ინჟინერირებული გამა-დელტა T-უჯრედული თერაპიაა, რომელმაც კლინიკური კვლევის ეტაპს მიაღწია.

DeltEx DRI ეფუძნება პაციენტის საკუთარი იმუნური უჯრედების გამოყენებას და წარმოადგენს პერსონალიზებულ უჯრედულ იმუნოთერაპიულ მიდგომას. თერაპიის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს გამა-დელტა (γδ) T-ლიმფოციტები, რომლებიც გენეტიკური მოდიფიკაციის გზით იძენენ ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობას, რაც მათ საშუალებას აძლევს, ქიმიოთერაპიული ზემოქმედების პირობებშიც შეინარჩუნონ სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა და ეფექტიანად ამოიცნონ და გაანადგურონ ავთვისებიანი უჯრედები.

გლიობლასტომის თანამედროვე სტანდარტული მკურნალობა მოიცავს სიმსივნის ქირურგიულ რეზექციას, სხივურ თერაპიასა და ტემოზოლომიდით (Temozolomide) ქიმიოთერაპიას. თუმცა, მიუხედავად კომპლექსური თერაპიული მიდგომისა, ხშირად ნარჩუნდება მიკროსკოპული ნარჩენი სიმსივნური უჯრედები, რომლებიც დაავადების რეციდივისა და შემდგომი პროგრესირების ძირითად წყაროს წარმოადგენს. DeltEx DRI-ის მიზანია სწორედ ამ უჯრედების ამოცნობა და იმუნური სისტემის საშუალებით მათი განადგურება.

თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი კომბინაცია ტემოზოლომიდთან და უშუალოდ თავის ტვინში მიწოდება. ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს სიმსივნის ლოკალური მიკროგარემოს პირობებში იმუნური პასუხის გაძლიერებას და იმუნური უჯრედების მიერ დარჩენილი სიმსივნური უჯრედების უფრო ეფექტიან კონტროლს.

I ფაზის კვლევაში ჩართული იყო 13 ახლად დიაგნოსტირებული გლიობლასტომის მქონე პაციენტი, რომლებიც სამ კოჰორტად გადანაწილდნენ. კვლევის ფარგლებში შეფასდა DeltEx DRI-ის სხვადასხვა დოზირების რეჟიმი: პაციენტებმა მიიღეს ერთი, სამი ან ექვსი დოზა 28-დღიანი ინტერვალებით, სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.

კვლევის დიზაინი მოიცავდა დოზის ეტაპობრივი ზრდის ეტაპს, რომლის მიზანი იყო თერაპიის უსაფრთხოების შეფასება და იმის განსაზღვრა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა დოზის გაზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც აგრძელებდნენ სტანდარტულ მკურნალობას. მიღებული მონაცემების მიხედვით, DeltEx DRI კარგად გადაიტანებოდა და მკურნალობასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეებში არ დაფიქსირებულა ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი (Cytokine Release Syndrome, CRS) და იმუნური ეფექტორული უჯრედებით ასოცირებული ნეიროტოქსიკურობის სინდრომი (Immune Effector Cell-Associated Neurotoxicity Syndrome, ICANS) — მძიმე გართულებები, რომლებიც ზოგიერთ სხვა უჯრედულ იმუნოთერაპიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

კვლევაში ჩართული 13-ვე პაციენტის გაერთიანებულ ანალიზში პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენის (Progression-Free Survival, PFS) მედიანურმა ხანგრძლივობამ 9,9 თვე შეადგინა, რაც აღემატებოდა სტანდარტული თერაპიის ფონზე ისტორიულად აღწერილ 6,9 თვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებმაც განმეორებითი დოზები მიიღეს — ამ ჯგუფში პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენის მედიანურმა მაჩვენებელმა 16,1 თვეს მიაღწია.

განმეორებითი დოზირების ჯგუფში საერთო გადარჩენის (Overall Survival, OS) მედიანურმა ხანგრძლივობამ 19,5 თვე შეადგინა, მაშინ როდესაც სტანდარტული მკურნალობის ფონზე არსებული ისტორიული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 14,6 თვეს შეადგენს.

მკვლევართა განცხადებით, მიღებული შედეგები ადასტურებს ამ თერაპიული მიდგომის შემდგომი განვითარების აუცილებლობას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უჯრედების წარმოების მასშტაბების გაზრდაზე, ნერვულ სისტემაში მათი უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო მიწოდების მეთოდების გაუმჯობესებასა და სიმსივნური უჯრედების განადგურების უნარის გაძლიერებაზე.

კვლევის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლარი ლემბმა (Larry Lamb, Ph.D.), UAB-ის მედიცინის დეპარტამენტის ყოფილმა პროფესორმა და IN8bio Inc.-ის თანადამფუძნებელმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა. მან მონაწილეობა მიიღო როგორც ტექნოლოგიის პრეკლინიკურ განვითარებაში, ისე კლინიკური კვლევის დიზაინის ჩამოყალიბებაში.

IN8bio არის კლინიკური განვითარების ეტაპზე მყოფი ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც ავითარებს გამა-დელტა T-უჯრედებზე დაფუძნებულ თერაპიულ პროდუქტებს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით იმ სიმსივნეებისთვის, სადაც არსებული მკურნალობის შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია, მათ შორის გლიობლასტომის შემთხვევაში.

იუხედავად იმისა, რომ კვლევა I ფაზის კლინიკურ კვლევას წარმოადგენს და მასში მონაწილეთა რაოდენობა მცირე იყო, მიღებული შედეგები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომავალი, უფრო ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებისთვის. გენეტიკურად მოდიფიცირებული გამა-დელტა T-უჯრედული იმუნოთერაპიის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საბოლოო შეფასება დამატებით კვლევებს საჭიროებს, თუმცა აღნიშნული მიდგომა გლიობლასტომის მკურნალობის განვითარების ერთ-ერთ ახალ მიმართულებას წარმოადგენს.

წყარო: medicalxpress.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები