ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა იმ პაციენტებისთვის, ვინც აქამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა. განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფომ უკვე მოამზადა სარეგისტრაციო პლატფორმა და დეტალურად დაგეგმა პაციენტების გადასვლის პროცესი. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე ნებისმიერ ცენტრში. იმისთვის, რომ რეგისტრაციის პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და ბენეფიციარებმა სერვისით შეუფერხებლად ისარგებლონ, დაწესებულებების სია პლატფორმაზე გამოქვეყნდება.
„მომზადდა საკმაოდ, მოსახერხებელი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მოხდება რეგისტრაციის განხორციელება. თუმცა, ვინც უპირატესობას მიანიჭებს უშუალოდ ადგილზე ამ განაცხადის გაკეთებას, შეუძლია, ნებისმიერ ცენტრს მიმართოს. დაწესებულებების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება იმავე პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესი აუცილებელია თავად ბენეფიციარების ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესი და შესაძლებელი იყოს სერვისით შეუფერხებლად სარგებლობა“, – განაცხადა მინისტრმა. რეგისტრაცია ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი იქნება 4-11 აგვისტოს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის განყოფილებებში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 15:00-18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.ost.moh.gov.ge.
მინისტრის თქმით, პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება და დაცული იქნება პერსონალური მონაცემები. მედიკამენტების არარეგულარული მოხმარების შემთხვევაში, მომსახურება შესაძლოა შეწყდეს. კერძო სერვისის მიმწოდებლებს დაევალათ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მონაცემების გადაცემა, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.
“ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გადასვლისთვის, პაციენტი 2025 წლის 1 აგვისტომდე ჩართული უნდა იყოს ჩანაცვლებითი მკურნალობის შესაბამის პროგრამაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პაციენტი SMS შეტყობინებას მიიღებს, სადაც მითითებული იქნება, როდის და სად უნდა გამოცხადდეს წამლის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

