38 წლის ქალმა ორსულობის დროს შვიდი მარათონი გაირბინა

გააზიარე

ნიუ-იორკელმა პრაქტიკოსმა ექთანმა და მენეჯმენტის კონსულტანტმა, 38 წლის დირდრე კინმა ნოემბრის დასაწყისში, ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ნიუ-იორკის მარათონი დაასრულა. ეს ორსულობის პერიოდში მისი მეშვიდე მარათონი იყო. ამავდროულად, ამ გარბენით მან ერთ წელიწადში მსოფლიოს შვიდივე მთავარი მარათონის (World Marathon Majors: ტოკიო, ბოსტონი, ლონდონი, სიდნეი, ბერლინი, ჩიკაგო და ნიუ-იორკი) დაფარვის მიზანი შეასრულა.

კინმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 74 მარათონი და ულტრამარათონია, ნიუ-იორკის დისტანცია ორსულობის 34-ე კვირაზე 4 საათსა და 6 წუთში (4:06:55) დაფარა. შედარებისთვის, 2025 წელს მან იგივე მარათონი სამ საათზე ოდნავ მეტ დროში გაირბინა.

ორსულობის შესახებ მან აპრილში, ბოსტონისა და ლონდონის მარათონების პერიოდში შეიტყო, როცა შენიშნა, რომ ჩვეულებრივზე ნელა დარბოდა. ამის შემდეგ მან უარი თქვა დაგეგმილ „აირონმენსა“ და მეორე ულტრამარათონზე, შეანელა ტემპი და თითოეულ გარბენზე გადაწყვეტილებას ეტაპობრივად იღებდა. ირლანდიის მარათონის შემდეგ მან 25-ე კვირაზე სიდნეის, 29-ე კვირაზე ბერლინის, 31-ე კვირაზე კი ჩიკაგოს მარათონები დაასრულა.

„ვიცოდი, რამდენად უჩვეულო იყო 34-ე კვირაზე მარათონის სირბილი, მაგრამ საკუთარ ფიზიკურ მზაობასა და სხეულს კარგად ვიცნობდი“, — განუცხადა კინმა Associated Press-ს და დასძინა, რომ დისტანციების დაძლევაში მას შეუპოვრობასთან ერთად კარგი თვითშეგრძნებაც დაეხმარა.

მარათონებში მონაწილეობაზე კინმა ნებართვა საკუთარი მეან-გინეკოლოგისგან მიიღო იმ პირობით, რომ მკაცრად გააკონტროლებდა კვებასა და სითხის მიღებას, კუნთების სპაზმის პირველივე ნიშანზე კი სირბილს შეწყვეტდა. ეს მიდგომა მის შემთხვევაში მისი მაღალი ფიზიკური მომზადების გამო გახდა შესაძლებელი.

სპეციალისტების განმარტებით, ჯანმრთელი ორსულობის დროს ფიზიკური აქტივობა, როგორც წესი, უსაფრთხო და სასარგებლოა. ქალებს, რომლებიც დაორსულებამდე რეგულარულად და ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, ექიმის თანხმობით აქტივობის გაგრძელება შეუძლიათ, თუმცა რეკომენდებულ ზღვარზე მაღალი დატვირთვის შესახებ სამეცნიერო კვლევები კვლავ შეზღუდულია.

წყარო: CBS

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები