საქართველოს მოსახლეობა ბერდება – ეს პროცესი უკვე წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და სწორედ ახლა ვდგავართ გადამწყვეტ მომენტში. დღეს ქვეყანაში თითქმის ყოველი მეექვსე ადამიანი 65 ან მეტი წლისაა. სულ რამდენიმე წელში, 2030 წლისთვის, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი 20%-ს გადააჭარბებს. ეს დემოგრაფიული გარდაქმნა მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტებს, არამედ ღრმა კულტურულ და პოლიტიკურ ცვლილებას. როგორ ვიმოქმედებთ დღეს – განსაზღვრავს მომავალ თაობათა კეთილდღეობას, ღირსებას და ჩართულობას.
ნიშნები აშკარაა – საქართველოს მოსახლეობა სწრაფად ბერდება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის, შემცირებული შობადობის და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის ემიგრაციის ფონზე. მისი შედეგები შორსმიმავალია და მრავალ სფეროს შეეხება – საპენსიო სისტემას, შრომის ბაზრებს, ჯანდაცვის და გრძელვადიანი მოვლის სერვისებს, და იმასაც კი, თუ რამდენად ერთიანი და თანამდგომი ვიქნებით, როგორც საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა ცხადია, ხოლო მისი გადაჭრის საჭიროება – სასწრაფო, მოსახლეობის დაბერება კვლავ არ ჩანს ეროვნული პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი ასახულია ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტში, გამოწვევად რჩება ხანდაზმულთა უფლებების და საჭიროებების შესახებ ყოვლისმომცველი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტრატეგიის უქონლობა. ეს არა მხოლოდ აძნელებს ღირსეული დაბერების უზრუნველყოფას ინდივიდებისათვის, არამედ ასუსტებს საზოგადოების მდგრადობას კარს მომდგარი დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ.
ეს მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის – ეს გლობალური ტენდენციაა, და მრავალი ქვეყანა უკვე ახორციელებს კოორდინირებულ, სტრატეგიულ პოლიტიკას მოსახლეობის დაბერების შესახებ. საქართველო ამ პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს. საბედნიეროდ, ნულიდან დაწყება საჭირო არ არის – საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე შეიმუშავა გზამკვლევი სტრატეგიები ეროვნული ქმედებისთვის.
მაგალითისთვის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ახლახან მიღებული რომის დეკლარაცია დაბერებაზე (2022), რომელსაც საქართველოც შეუერთდა, მოუწოდებს დაბერების მიმართ სიცოცხლის ციკლისეული მიდგომის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ღირსეულ დაბერებას და საზოგადოების აქტიურ წევრებად დარჩენას. დეკლარაცია სამ პრიორიტეტს ასახელებს: მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ხელშეწყობა; გრძელვადიანი მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; და ხანდაზმულთა მონაწილეობის მხარდაჭერა ცხოვრების ყველა სფეროში. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ქვეყნებს, ებრძოლონ ეიჯიზმს და ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემები გახადონ ასაკისადმი მეტად მორგებული.
ამასთან ერთად, გაეროს ჯანმრთელი დაბერების ათწლეული (2021-2030), რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ადგენს გლობალურ მიზნებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელი დაბერება მხოლოდ დაავადებების არარსებობას კი არ ნიშნავს, არამედ „ფუნქციური შესაძლებლობების შენარჩუნებისა და განვითარების პროცესს, რაც ხანდაზმულ ასაკში კეთილდღეობას უზრუნველყოფს“. ინიციატივის ოთხი ძირითადი მიმართულებაა: ეიჯიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ასაკისადმი მეგობრული გარემოს შექმნა, ინტეგრირებული მოვლის გაუმჯობესება და გრძელვადიანი მოვლის სისტემების გაძლიერება.
მიუხედავად გლობალური ვალდებულებებისა, საქართველოში ეროვნულ დონეზე მათი განხორციელება კვლავ არაადეკვატურია. ფრაგმენტული ინიციატივები საკმარისი არ არის. საჭიროა:
-
მოსახლეობის დაბერება აღიარებულ იქნას, როგორც ეროვნული პრიორიტეტი – დემოგრაფიული ცვლილებები უნდა აისახოს საჯარო დისკურსში, შემუშავდეს სფეროთაშორისი სტრატეგია და გამოყოფილ იქნას შესაბამისი რესურსები, რათა სისტემები რეაგირებდნენ ხანდაზმულთა უფლებებსა და საჭიროებებზე.
-
განხორციელდეს ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემების რეფორმა, რათა სერვისები გახდეს გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი და ადეკვატურად მორგებული ხანდაზმულებზე. მრავალთა შორის ეს მოიცავს: ქრონიკული დაავადებების, პალიატიური და მენტალური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებას, გერონტოლოგიური კომპონენტის ინტეგრირებას პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, გრძელვადიანი მოვლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას, არაფორმალურ მზრუნველთა მხარდაჭერას, ინსტიტუციური მოვლის ალტერნატიული – სათემო სერვისების შექმნას და სოციალური და ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრირებას და კოორდინაციას.
-
ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი განწყობებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. დაბერება ხშირად აღიქმება როგორც ტვირთი – ხშირად, ადამიანებს ან ეშინიათ დაბერების, ან სრულად უგულებელყოფენ მას. ეს მიდგომა უნდა უარვყოთ. ცხოვრება სპრინტი კი არ არის, არამედ მარათონია. ჯანმრთელი დაბერება მხოლოდ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრებთ ხანდაზმულ ასაკში, არამედ იმაზე, როგორ ვემზადებით ხანდაზმულობისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე.
როგორი სიბერე მინდა მქონდეს? – შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხებმა გაგვიკვალოს გზა როგორც პირადი არჩევანის გაკეთებისას, ასევე საზოგადოებრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ინვესტიცია ჯანმრთელობაში, პრევენციასა და განათლებაში უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში და გაგრძელდეს ხანდაზმულობამდე. ხანდაზმულები უნდა აღვიქვათ არა როგორც მზრუნველობაზე დამოკიდებული ადამიანები, არამედ როგორც საზოგადოების ღირებული წევრები, მენტორები და მოქალაქეები.
როგორც რომის დეკლარაცია ამბობს: „ჩვენი საზოგადოებები უფრო ძლიერები, მდიდრები და მდგრადები არიან, როდესაც ისინი აძლევენ საშუალებას და აძლიერებენ ყველა ასაკის ადამიანებს.“
ცვლილება შესაძლებელია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ხანდაზმულთა ღირსებას, ავტონომიასა და აქტიურ მონაწილეობას დაბერების შესახებ პოლიტიკის ცენტრში აყენებს. ეს ძალისხმევა სცილდება ტრადიციულ მზრუნველობას – იგი ასახავს გაცილებით ფართო გაგებას, რომ დაბერება პრობლემად კი არ უნდა აღიქმებოდეს, არამედ ცხოვრების ბუნებრივ ეტაპად, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერასა და დაფასებას.

მაგალითად, იაპონია, ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს. იაპონიამ შექმნა სათემო ინტეგრირებული ზრუნვის სისტემები, რომლებიც ხანდაზმულებს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ საკუთარ სახლებსა და თემში და არ დასჭირდეთ გადასვლა ინსტიტუციური მოვლის დაწესებულებაში. ეს სისტემები აერთიანებს სამედიცინო მომსახურებას, საექთნო მხარდაჭერას, სახლში დახმარების სერვისებს, საკვების მიწოდებას, სოციალურ აქტივობებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე კოორდინირდება. აქ მთავარი ყურადღება გადატანილია დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, მარტოობის შემცირებასა და მოვლის ინდივიდუალურ მორგებაზე. ეს არის მოდელი, რომელიც თანაბრად აერთიანებს ზრუნვას, თანაგრძნობასა და ეფექტიანობას – იქცა გლობალურ ეტალონად დაბერების პოლიტიკაში.
პოლონეთში მიდგომა უფრო მიმართულია სოციალურ ჩართულობასა და თაობათა შორის თანადგომაზე. ქალაქები, მაგალითად, კრაკოვი, ყოველწლიურად მასპინძლობენ ხანდაზმულთა ზეიმს ფესტივალს და მხიარულ „ქუდების მარშს“, სადაც ხანდაზმულები ქალაქში სამხიარულო, კრეატიული ქუდებით აღლუმობენ. თუმცა, ძალისხმევა მხოლოდ სიმბოლური ღონისძიებებით არ შემოიფარგლება – პოლონეთი ასევე აკეთებს ინვესტირებას ხანდაზმულთა აქტივობის ცენტრებში, უწყვეტი განათლების პროგრამებსა და პლატფორმებში, რომლებიც ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს აკავშირებს ერთმანეთთან, რათა გაიზიარონ ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები. ეს ინიციატივები ანგრევს ასაკობრივ სტერეოტიპებს და ხელს უწყობს თაობებს შორის ურთიერთგაგებას.
ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ჯანმრთელი დაბერება მხოლოდ მედიცინას ან ინფრასტრუქტურას არ ეხება – იგი დაკავშირებულია თემთან და საზოგადოებასთან კუთვნილების შეგრძნებასა და წვლილის შეტანასთან მის სოციალურ ცხოვრებაში და ინდივიდუალურ ღირსებასთან. როცა ხანდაზმულებს აძლევენ საშუალებას დარჩნენ ჩართულნი, დაკავშირებულნი და აქტიურნი, მოგებულია მთელი საზოგადოება.
საქართველომ შეიძლება ისწავლოს და შექმნას მორგებული მიდგომა თავისი რეალობის შესაბამისად. უკვე არსებობს პოზიტიური მაგალითები საქართველოში — მუნიციპალიტეტების „60+ კლუბები ჯანმრთელი ცხოვრებისათვის“ ასახავს, როგორ შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს ხელი შეუწყონ აქტიურ დაბერებას და თაობათა შორის დიალოგს. მაგრამ საჭიროა, ასეთი ცალკეული პროექტები გადაიზარდოს ერთიან ეროვნულ პროგრამაში.
„საზოგადოება ყველა ასაკის ადამიანისთვის“
ის, როგორ ვექცევით ჩვენს ხანდაზმულებს, ასახავს ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. ის საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ასაკს, ადგენს და ახორციელებს გეგმებს დემოგრაფიული ცვლილებებისადმი საზოგადოების მდგრადობის ხელშესაწყობად და უზრუნველყოფს კეთილდღეობას ყველასთვის – იქნება ის ახალგაზრდა თუ ხანდაზმული – იქნება უფრო სამართლიანი, გამძლე და ჰუმანური.
საჭიროა ნება მოქმედებისთვის. ყველა მოქალაქეს, ახალგაზრდასა და ხანდაზმულს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს არა მხოლოდ დიდხანს, არამედ – უკეთ.
ავტორი: ლელა ბაქრაძე

