PillTrek – ჭკვიანი კაფსულა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკას ამარტივებს

გააზიარე

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Caltech) ინჟინრების ჯგუფმა შეიმუშავა ახალი, ჭკვიანი კაფსულა, სახელად PillTrek, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას სხვადასხვა ბიომარკერით ზომავს. მოწყობილობა აფასებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.

როგორ მუშაობს PillTrek

PillTrek პასიური კაფსულაა, რომელიც ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი მოძრაობით, დამოუკიდებლად გადაადგილდება. მისი ფუნქცია მხოლოდ სხვადასხვა ბიომარკერის გაზომვაა. კაფსულა დიამეტრით 7 მმ-ია, ხოლო სიგრძით –  25 მმ. ის, უკვე არსებულ ენდოსკოპიურ კაფსულებთან შედარებით, გაცილებით პატარაა. PillTrek შეიცავს მინიატურულ უკაბელო ელექტროქიმიურ სამუშაო სადგურს, რომელიც იაფ და დაბალი ენერგიის მქონე სენსორებს იყენებს. კაფსულას შეუძლია გაზომოს pH, ტემპერატურა, მეტაბოლიტები, იონები და ჰორმონები, როგორიცაა სეროტონინი და დოფამინი. კონცეფციის დასამტკიცებლად, PillTrek-ი ცხოველებზე გამოსცადეს. მან წარმატებით გაზომა pH, ტემპერატურა, გლუკოზისა და სეროტონინის დონეები. შედეგებმა აჩვენა, რომ კაფსულას შეუძლია ზუსტად დაადგინოს ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც საჭმლის მომნელებელ, ისე მეტაბოლურ და ნევროლოგიურ პრობლემებთან. ამით დამტკიცდა, რომ PillTrek-ს შეუძლია ეფექტურად იმუშაოს რეალურ პირობებში.

რატომ არის მნიშვნელოვანი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც უამრავი ბიომარკერია თავმოყრილი. PillTrek-ის ტექნოლოგია უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ბიომარკერები არაინვაზიურად შემოწმდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები და, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული, ნევროლოგიური დაავადებები.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ Caltech-ის კვლევას:

Fesenmaier, K. (2025, June 27). New “Smart Capsule” to study the health of the GI tract. Caltech

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები