ნობელის პრემიის კომიტეტიდან ზარი ღამის 12:27 საათზე შემოვიდა. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ დეისეროტმა ზარს ვერ უპასუხა. რამდენიმე წამში ზარი უკვე მისი მეუღლის ტელეფონზე შევიდა. დეისეროტი იხსენებს, რომ სიურპრიზისგან 30 წამით საუბრის უნარი დაკარგა, პირველი, ვისაც გამარჯვება ახარა, დედამისი იყო, მაგრამ ნობელიატის სტატუსს მისი დილის რუტინა არ შეუცვლია, როგორც ყოველთვის, გამთენიისას შვილებისთვის სენდვიჩების მომზადებას შეუდგა.
კოლეგები მას აღწერენ როგორც მოკრძალებულ, თავისუფალი სტილის მქონე ადამიანს, რომელიც ლაბორატორიაში ხშირად ჯინსითა და მაისურით დადის, მაგრამ ამ სიმარტივის მიღმა დაუოკებელი ინტელექტუალური ვნება იმალება. იმ დილითაც, როცა სახლში ჟურნალისტების ზარები არ წყდებოდა, ის ყავას სვამდა ფინჯნიდან წარწერით: „მე ვსვამ და მე ვიცი რაღაცები“ (ციტატა სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“).
დეისეროტი თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 2004 წლიდან ის მუშაობდა იდეაზე, რომელმაც მეცნიერებაში რევოლუცია მოახდინა — ეს არის ოპტოგენეტიკა. თუ ამ რთულ პროცესს 10 წლის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ავხსნით, როგორც ამას თავად მეცნიერი აკეთებს: „ჩვენ შეგვიძლია სინათლის გამოყენებით ტვინის უჯრედები ჩავრთოთ ან გამოვრთოთ. ამისთვის კი ვიყენებთ პატარა მოლეკულებს, რომლებიც ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან — წყალმცენარეებიდან მივიღეთ. ეს ჰგავს სისტემის გაგებას მისი „შეჯანჯღარებით“ — ოპტოგენეტიკით ჩვენ ტვინს ვეხებით“.
დეისეროტი პრაქტიკოსი ფსიქიატრიც არის, რომელიც მძიმე, რეზისტენტული დეპრესიისა და აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტებს მკურნალობს. ოპტოგენეტიკამ სწორედ ასეთი დაავადებების (მათ შორის პარკინსონის, შიზოფრენიის, შფოთვის) გამომწვევი მიზეზების პოვნისა და მათი მკურნალობის სრულიად ახალი პერსპექტივები გააჩინა.
საინტერესოა, რომ მეცნიერების მიღმა, დეისეროტის პირველი სიყვარული მწერლობა და ლიტერატურა იყო. ჯერ კიდევ ბავშვობაში აინტერესებდა, თუ როგორ იწვევდა სიტყვები ემოციებს ადამიანის ტვინში. 2021 წელს მან გამოსცა წიგნი „პროექციები: ადამიანური ემოციების ისტორია“ (Projections: A Story of Human Emotions), სადაც პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ლიტერატურულ ენაზე აქვს გადმოცემული. წიგნი 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ნობელის პრემიის მიღების აღნიშვნას, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის ავტორი, რომელიც ტვინს „სამყაროს ყველაზე რთულ ობიექტს“ უწოდებს, მოკლედ პასუხობს: „დავუბრუნდები სამუშაოს. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს აღმოსაჩენი და ბევრი ადამიანი გვყავს დასახმარებელი“.
წყარო: Stanford

