პათოლოგანატომი და ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე TV პირველთან ინტერვიუში მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სუროგაციის სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს.
„როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას“, — ამბობს მუსერიძე.
მისი შეფასებით, აკრძალვა არსებულ რისკებს არ გააქრობს, არამედ პროცესის იატაკქვეშეთში გადასვლას შეუწყობს ხელს.
„აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ეს მკურნალობის მეთოდია და არ შეიძლება ამ სფეროზე ისაუბრო, რომ ბავშვისთვის რაღაც პრობლემა იქმნება. ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს — აკრძალვა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროცესი მიწისქვეშეთში არ გადავიდეს და კიდევ უფრო ცუდად არ მოხდეს ყველაფერი, რაც ახლა კანონის ფარგლებში კეთდება“, — აცხადებს იგი.
მუსერიძის თქმით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სფეროს ასოციაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორედ რეგულაციებზე მუშაობდნენ.
„ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა, რადგან ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ასოციაციების პრეზიდენტები შევიკრიბეთ. შეხვედრა იყო გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ისეთი კარგი რეკომენდაციები გვაქვს რეგულაციებისთვის, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საერთოდ საუბარი იქნებოდა — ყველა მტკივნეული თემა და ხარვეზი, რაც ამ სფეროში არსებობს, გავითვალისწინეთ და გავწერეთ“, — აღნიშნავს ემბრიოლოგი.
იგი ყურადღებას იმ პაციენტებზე ამახვილებს, რომლებისთვისაც სუროგაცია შვილის გაჩენის ერთადერთი სამედიცინო გზაა.
„ძალიან ბევრი გენეტიკური პათოლოგიის მქონე პაციენტი გვყავს, ვისაც არ აქვს საშვილოსნო — ის სხვანაირად შვილს ვერანაირად ვერ გააჩენს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო დავარეგულიროთ, რათა რეგულირება და კანონის გამჭვირვალობა იყოს როგორც სუროგატი დედის, ისე მშობლისა და ბავშვის უფლებების დაცვა“, — განმარტავს მუსერიძე.
ექიმი საერთაშორისო გამოცდილებაზე, დემოგრაფიულ რისკებსა და სამედიცინო სექტორზე მოსალოდნელ დარტყმაზეც საუბრობს.
„აკრძალვის შემთხვევაში ძალიან ბევრ ცუდს მოვიმკით, რადგან ეს თემა ბევრმა ქვეყანამ გაიარა და დღეს დიდ ჩიხში არიან — დაბერდა ერი, ვერ მრავლდება. ისეთ პატარა ერში, როგორიც საქართველოა, როდესაც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, აკრძალვების ნაცვლად იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს სფერო დაფინანსდეს და ქართველი პაციენტების მკურნალობა სრულად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდეს“, — აცხადებს იგი და დასძენს: „აქ მხოლოდ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი — ძალიან ბევრი სამშობიარო სახლი, რომელიც დღეს მუშაობს, და ძალიან ბევრი კლინიკა დაიხურება“.
მუსერიძემ მაგალითად სომხეთის პრაქტიკაც მოიყვანა:
„სომხეთში სუროგაცია ლეგალურია და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სამედიცინო ტურიზმი განავითარონ. სომხეთმა აკრძალვის მცდელობა უკვე გამოიარა და მიიღო ის, რომ სფერო პრაქტიკულად აღარ განვითარდა. დღეს იქ ორ ინ ვიტრო განაყოფიერებას სახელმწიფო აფინანსებს, ომში დაღუპულთა შვილმკვდარ დედებს კი სუროგაციას უფინანსებს. რა, სომხეთი არ არის ქრისტიანული სახელმწიფო?“ — ამბობს ნინო მუსერიძე TV პირველთან ინტერვიუში.

