კარდიორეაბილიტაციის ახალი სტანდარტი: რატომ გამოეყო რეაბილიტაცია პრევენციის ზოგად ჩარჩოს?

გააზიარე

23-24 ოქტომბერს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10 საიუბილეო კონგრესი გაიმართა. ღონისძიებაზე სფეროს წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა კარდიოლოგიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები განიხილეს — პრევენციიდან და კარდიორეაბილიტაციიდან დაწყებული, მწვავე იშემიური დაავადებებითა და გამოსახულებითი კვლევებით დამთავრებული.

წლევანდელი კონგრესის მნიშვნელობის, ასევე პრევენციულ კარდიოლოგიასა და კარდიორეაბილიტაციაში შეტანილი სიახლეების შესახებ ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის (EAPC) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ანა აბრაუ გვესაუბრა.

პრევენციისა და კარდიოლოგიური რეაბილიტაციის განახლებული ევროპული გაიდლაინების კონტექსტში, რა არის ის ძირითადი ინოვაციები და უმთავრესი სიახლეები, რომლებიც დღეს წარადგინეთ?

ეს გაიდლაინები მხოლოდ კარდიოლოგიურ რეაბილიტაციას ეხება. პრევენციაზე ცალკე გაიდლაინები 2028 წელს გვექნება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კარდიოლოგიური რეაბილიტაცია გაიდლაინებში პრევენციისგან გამოყოფილია. აქამდე ის ყოველთვის ინტეგრირებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც იქნა, მას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა და არა უბრალოდ პრევენციის მორიგი სტრატეგიის სტატუსი.

პირველ რიგში, კარდიოლოგიური რეაბილიტაცია აღარ განიხილება მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშად — ეს არის მეორეული პრევენციის კომპლექსური სტრატეგია. კარდიოლოგიური რეაბილიტაცია საწყის ეტაპზე გულისხმობდა იმას, რასაც „ვარჯიშზე დაფუძნებულ კარდიოლოგიურ რეაბილიტაციას“ ეძახდნენ. ახლა ის მხოლოდ ვარჯიშზე დაფუძნებული აღარაა. ის მოიცავს ვარჯიშს, თუმცა ამასთანავე მოიცავს ისეთი რისკფაქტორების მართვას, როგორებიცაა დიაბეტი და სიმსუქნე, ასევე ფსიქოლოგიურ ჩარევას, კვების მართვასა და მედიკამენტური მკურნალობის დაცვის (ადჰერენციის) უზრუნველყოფას.

არსებობს კომპონენტების ჩამონათვალი, რომელიც ვარჯიშის თანაბარმნიშვნელოვნად მიიჩნევა — მათ შორის არის პაციენტის განათლებაც, ჯანმრთელობის წიგნიერების (health literacy) ამაღლების მიზნით. კომპონენტების ამ ერთობლიობას მულტიდისციპლინური გუნდი მართავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროცესში მხოლოდ კარდიოლოგი ან ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტი არ არის ჩართული.

პაციენტთა რომელი ჯგუფებისთვის გახდა ხელმისაწვდომი კარდიოლოგიური რეაბილიტაცია ამ განახლებული რეკომენდაციების შესაბამისად?

ჩვენ ასევე გავაფართოვეთ პაციენტთა არეალი. ადრე ის მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ ჩარევად ითვლებოდა, ახლა კი ეხება ყველა გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, რომელიც სტაბილიზებულად მიიჩნევა. მხოლოდ არასტაბილური პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული ვარჯიშისა და რეაბილიტაციის სხვა კომპონენტების შესრულება. ასე რომ, რეაბილიტაციას ვუტარებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ნებისმიერ პაციენტს, მწვავე იქნება ეს თუ ქრონიკული, თუკი პაციენტი სტაბილურია და ვარჯიშის შესრულება მაღალ რისკთან არ არის დაკავშირებული.

პაციენტთა რომელი კონკრეტული პოპულაციების ჩართვა გახდა პრიორიტეტული?

მესამე საკითხი იმ ადამიანების ჩართვაა, რომლებიც, როგორც წესი, რეაბილიტაციაში არ მოიაზრებოდნენ, მაშინ როცა მათ ყველაზე მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ხშირად არ გადიოდნენ რეაბილიტაციას — ახლა სწორედ ისინი არიან ის პირები, ვისთვისაც ეს პროცესი ნამდვილად აუცილებელია. ქალები, რომლებიც ხშირად რჩებოდნენ მიღმა, აუცილებლად უნდა ჩაერთონ რეაბილიტაციის პროცესში.

ასევე, თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანები — მაგალითად, სიმსუქნით, სიმსივნით ან გადატანილი ინსულტით. ადრე მიიჩნეოდა, რომ პაციენტის ავადმყოფობის გამო ვარჯიში მიზანშეწონილი არ იყო, დღეს კი მიდგომა შეიცვალა. თუ პაციენტი სტაბილურია, ჩვენ მას რეაბილიტაცია უნდა ჩავუტაროთ. რეაბილიტაციაში ადამიანების ჩართვა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის შედარებით მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, რადგან ისინი ამით რეალურ სარგებელს მიიღებენ.

რა არის თანამედროვე კარდიოლოგიური რეაბილიტაციის მთავარი მიზანი პაციენტის მკურნალობის გამოსავალთან მიმართებით?

ის უფრო მეტად ცხოვრების ხარისხზეა ორიენტირებული, ვიდრე სიკვდილიანობაზე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის ამცირებს სიკვდილიანობას. ახლა გვსურს არა მხოლოდ მისი შემცირება, არამედ ისიც, რომ პაციენტებმა თავი კარგად იგრძნონ. გვინდა ავამაღლოთ ცხოვრების ხარისხი და გავაუმჯობესოთ ფუნქციონირება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური.

როგორ ითვალისწინებს ეს გაიდლაინები პერსონალიზაციასა და ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას?

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პაციენტზე ორიენტირებაა. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს ისეთი პროგრამა, სადაც ექიმი ერთპიროვნულად მიუთითებს პაციენტს, თუ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვგეგმავთ პაციენტთან ერთად, ვუსმენთ მას — რა მოსწონს, რა არ მოსწონს, მის პრიორიტეტებს — და ვცდილობთ შევქმნათ პაციენტზე მორგებული გეგმა გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების საფუძველზე.

ეს არის პერსონალიზებული პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული პაციენტისთვის გვაქვს განსხვავებული ტიპის სავარჯიშო პროგრამა. ეს რეცეპტს ჰგავს: შეიძლება გქონდეს ზოგადი სტრუქტურა, მაგრამ, მაგალითად, თუ ადამიანი ფიზიკურად დაუძლურებულია (frail), კუნთოვანი მასის დაბალი მაჩვენებლით, უნდა გაზარდო ისეთი ვარჯიშების წილი, რომლებიც მოძრაობას გააუმჯობესებს, და რაციონში მეტი ცილა ჩართო. უნდა გაითვალისწინო პაციენტის ყველა ფაქტორი — რომელი ფიზიკური აქტივობა მიესადაგება, რომელი კვება, რომელი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მას პროგრამა მოარგო.

რა არის პროგრამის შეფასების ახალი სტანდარტი ამ გაიდლაინებში?

შეგიძლია ჩაატარო პროგრამა და განაგრძო მისი ჩატარება მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ახლა გჭირდება ხარისხის ინდიკატორები, რათა დარწმუნდე, რომ შენი პროგრამები ნამდვილად აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას. უნდა შეაფასო ისინი და ნახო, ჯდება თუ არა ხარისხის ინდიკატორების ჩარჩოში.

რა მნიშვნელობა აქვს ამ კონგრესის საქართველოში ჩატარებასა და საერთაშორისო ექსპერტებთან პირდაპირ ინტერაქციას?

კონგრესების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მომხსენებლებთან ინტერაქციაა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ახორციელებ ჩარევას, ამ შემთხვევაში რეაბილიტაციას, სხვებს უნდა აუხსნა, როგორ აკეთებ ამას. რა თქმა უნდა, შეგიძლია წაიკითხო წიგნში, გაიდლაინებში ან სტატიაში, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც გვერდით გყავს ვინმე, ვინც ამას გარკვეული დროის განმავლობაში აკეთებს და ვისაც შეუძლია პასუხი გასცეს შენს კითხვებს, ეჭვებს და განმარტოს კონკრეტული დეტალები.

სხვადასხვა საზოგადოებასა თუ ქვეყანაში რეაბილიტაციაზე მსჯელობის დაწყებასთან ერთად, ჩვენ ვზრდით ცნობიერებას მისი მნიშვნელობის შესახებ. ყველა საავადმყოფოსა და კლინიკას სჭირდება ეს, რადგან სხვაგვარად პაციენტი სათანადო მკურნალობას ვერ მიიღებს. ეს ეთიკური პრობლემაა, როდესაც იცი, რომ არსებობს რაღაც, რაც შეამცირებს შენი პაციენტის სიკვდილიანობას და შენ ამას არ აკეთებ.

როგორ განვითარდა თქვენი თანამშრომლობა ქართველ კარდიოლოგებთან დროთა განმავლობაში?

ქართველ ექიმებს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) კონგრესზე შევხვდი. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ ბაქოში ჩავატარეთ კარდიოლოგიური რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ქართველი ექიმებიც ესწრებოდნენ.

გაჩნდა ამ კავშირისა და თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროება. ეს ურთიერთობა ორმხრივია, რადგან ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებაში (ESC) ჩვენც ვსწავლობთ იმას, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში. ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციაში (EAPC) გვყავს პრევენციის განხორციელების კოორდინატორთა კომიტეტი (PIC), რომელშიც საქართველოს წარმომადგენელიცაა. ჩვენ ვხვდებით ESC-ის კონგრესებზე, რათა განვიხილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკები, პრევენციისა და რეაბილიტაციის დანერგვის გზები და ის, თუ როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს გულის უკმარისობისა და ჰიპერტენზიის მართვაში სხვადასხვა სტრატეგიის მეშვეობით.

ყველა ქვეყანას აქვს თავისი კულტურა, პრობლემები და ბარიერები, თუმცა ზოგიერთი საკითხი ყველა ქვეყნისთვის საერთოა. მაგალითად, ქალების მიერ კარდიოლოგიური რეაბილიტაციით ნაკლებად სარგებლობა ყველა ქვეყანაში პრობლემაა — ჩრდილოეთის (ნორდიკულ) ქვეყნებშიც კი, სადაც თეორიულად მეტი თანასწორობაა, ქალები მამაკაცებთან შედარებით მაინც ნაკლებად მიმართავენ რეაბილიტაციას. ასე რომ, ეს ერთობლივი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები