ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ფეხბურთის გულშემატკივრებში ე.წ. „საფეხბურთო ციებ-ცხელება“ სერიოზულ ფიზიოლოგიურ და ემოციურ რეაქციებს იწვევს.
კვლევამ, რომელიც 2025 წლის გერმანიის თასის (DFB-Pokal) ფინალის დროს ჩატარდა, აჩვენა, რომ საფეხბურთო კლუბ „არმინია ბილეფელდის“ ფანებში სტრესის საშუალო დონე მატჩის დღეს ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით 41%-ით უფრო მაღალი იყო.
მეცნიერებმა 12 კვირის განმავლობაში 229 ზრდასრული გულშემატკივრის სმარტ-საათების მონაცემები გააანალიზეს. კვლევამ აჩვენა, რომ სტრესის დონე მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მატებას იწყებდა, ხოლო პიკს თამაშის დაწყებისას აღწევდა და მომატებული მისი დასრულების შემდეგაც რჩებოდა.
ამასთან, გულისცემის საშუალო სიხშირე წუთში 71 დარტყმიდან 79-მდე გაიზარდა. განსაკუთრებული დატვირთვა იმ გულშემატკივრებში შეინიშნებოდა, რომლებიც მატჩს უშუალოდ სტადიონზე ესწრებოდა. ამ ადამიანების გულისცემა 23%-ით უფრო მაღალი ტელემაყურებლებთან შედარებით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფაქტორებს შორის, რომლებიც გულისცემაზე გავლენას ახდენდა, ალკოჰოლის მოხმარებაც მოიაზრება. სასმელის მიღებისას გულისცემის მაჩვენებელი დამატებით 5%-ით იზრდებოდა. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გულისცემის მსგავსმა მკვეთრმა მატებამ, ალკოჰოლთან კომბინაციაში, შესაძლოა, არითმიის რისკი გაზარდოს.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რამდენად მჭიდრო კავშირშია სპორტის მიმართ ემოციური დამოკიდებულება ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მაღალი სტრესის შემცველი სიტუაციების შესწავლა მომავალში დაეხმარებათ უკეთ განსაზღვრონ ორგანიზმის პასუხი ემოციურად ინტენსიურ შემთხვევებზე, რაც ჯანდაცვის პრევენციული სტრატეგიების დახვეწას შეუწყობს ხელს.
წყარო: Nature

