ბრიტანელი ფიზიკოსი და მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან კოქსი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანური უგუნურება და ფაქტების უგულებელყოფა უქმნის. მეცნიერის განცხადებით, რეალობასთან კავშირის გაწყვეტა და ფსევდომეცნიერების გავრცელება კრიტიკულად აფერხებს ისეთი გლობალური გამოწვევების გადაჭრას, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, კლიმატის კრიზისი და გლობალური ომების თავიდან აცილება.
„როცა ადამიანები ფაქტებს სწყდებიან, უსერიოზულეს პრობლემას ვაწყდებით. მსგავსი გლობალური გამოწვევების მოგვარება რეალობასთან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს“, — აღნიშნავს ფიზიკოსი.
მეცნიერი სამყაროში სხვა ცივილიზაციების არსებობას არ გამორიცხავს, მაგრამ ვარაუდობს, რომ უშუალოდ ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში, ამჟამად მხოლოდ ჩვენი ცივილიზაცია არსებობს. სწორედ ეს მოცემულობა აკისრებს კაცობრიობას უდიდეს პასუხისმგებლობას, არ გაანადგუროს საკუთარი თავი.
პარალელურად, მკვლევარი მზის სისტემაში სიცოცხლის პოტენციური კვალის ძიების პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, კოსმოსური მისიები, Juice და Europa Clipper, იუპიტერის სისტემაში მიემართებიან, რათა პლანეტის თანამგზავრი ევროპა, როგორც სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი გარემო, დეტალურად შეისწავლონ.
მეცნიერმა ბრიტანეთის სამეცნიერო ინსტიტუტებზე Brexit-ის ნეგატიურ გავლენასაც გაუსვა ხაზი. კოქსის შეფასებით, ევროკავშირიდან გასვლამ ბრიტანეთის კოლაბორაციული სტრუქტურა დააზიანა, შეაფერხა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება და საერთაშორისო პროექტებში (მაგალითად, Horizon) მონაწილეობის პროცესი.
ამჟამად პროფესორი ახალ პროექტზე, Symphonic Horizons, მუშაობს. 90-კაციანი ორკესტრი სამეფო ოპერაში შტრაუსის, სიბელიუსისა და მალერის ნაწარმოებებს შეასრულებს, მუსიკალური პაუზების დროს კი ბრაიან კოქსი აუდიტორიას კოსმოსის შესახებ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს გააცნობს.
წყარო: Prospect

