ისტორიული გარღვევა შოგრენის სინდრომის მკურნალობაში

გააზიარე

შოგრენის სინდრომის მკურნალობაში ახალი ეტაპი იწყება. FDA-მ ნოვარტისის მიერ შემუშავებულ პრეპარატ იანალუმაბს „თერაპიული გარღვევის“ სტატუსი მიანიჭა. ეს მონოკლონური ანტისხეული სპეციალურად შოგრენის სინდრომის სამკურნალოდ შეიქმნა და ამჟამად კლინიკური კვლევების გადამწყვეტ ეტაპს გადის.

აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე ფაზის კლინიკური კვლევების, NEPTUNUS-1-ისა და NEPTUNUS-2-ის, შთამბეჭდავ შედეგებს ეფუძნება. 48-კვირიანმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ პლაცებოსთან შედარებით, პრეპარატი ეფექტურად ამცირებს დაავადების აქტივობას (ESSDAI-ის სკალის მიხედვით).

მიუხედავად იმისა, რომ შოგრენის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური პათოლოგიაა, მისი დიაგნოსტირება ხშირად ვერ ხერხდება. შესაბამისად, პაციენტების გარკვეული ნაწილი ადეკვატური მართვის გარეშე რჩება. იანალუმაბის გამოჩენა პირველი ნაბიჯია შოგრენის სინდრომისთვის სპეციფიკური, ტარგეტული თერაპიის დასამკვიდრებლად.

იანალუმაბის ეფექტურობას მისი ინოვაციური, ორმაგი მოქმედების მექანიზმი განაპირობებს: პრეპარატი ბლოკავს β-უჯრედების გამააქტიურებელი ფაქტორის რეცეპტორს (BAFF-R), რაც უზრუნველყოფს β-უჯრედების შემცირებას და ხელს უშლის მათ აქტივაციას. ეს მაღალტექნოლოგიური თერაპია პაციენტებისთვის მარტივი, კანქვეშა ინექციის სახით იქნება ხელმისაწვდომი.

ნოვარტისი მარეგულირებელ ორგანოებში განაცხადის შეტანას 2026 წლის დასაწყისისთვის გეგმავს. ავტორიზაციის შემთხვევაში, იანალუმაბი შოგრენის სინდრომის სამართავად შექმნილი პირველი ტარგეტული თერაპია გახდება. 

ნოვარტისის იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანჟელიკა იაჰრაისმა განაცხადა, რომ FDA-ის გადაწყვეტილება ადასტურებს იანალუმაბის უნიკალურ შესაძლებლობას რადიკალურად შეცვალოს შოგრენის სინდრომის მართვა. 

აღნიშნული მიღწევა პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გარანტიაა, რაც ტკივილისა და დაღლილობის დაძლევასთან ერთად, მძიმე გართულებების პრევენციასაც გულისხმობს. გარდა ამისა, იანალუმაბის წარმატება შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს სხვა B-უჯრედოვანი აუტოიმუნური დაავადებების სამართავადაც.

წყარო: Novartis



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები