თანამედროვე კლინიკურ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია სულ უფრო ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი იმ პათოლოგიების დიაგნოსტიკაში, რომლებიც ტრადიციული მეთოდებით შეუმჩნვეელი რჩება. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასთმის დიაგნოზით მკურნალობდნენ, თუმცა უახლესმა ალგორითმმა ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ანალიზისას გულის სერიოზული პრობლემა დააფიქსირა.
კვლევები აჩვენებს, რომ AI პროგრამებს აქვთ უნიკალური უნარი, ეკგ-ს ტალღებში აღმოაჩინონ ისეთი მიკროსკოპული პატერნები, რომელთა იდენტიფიცირებაც ადამიანის თვალისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარდატეხა სწორედ ახლაა. ერთ-ერთი ასეთი მოწინავე პროგრამა ექიმებისთვის საყოველთაოდ და სრულიად უფასოდ ხდება ხელმისაწვდომი.
ამ ტექნოლოგიის კლინიკური პოტენციალი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა Nature Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის ფონზე, რომლის ავტორებიც (აღწერენ სენსაციურ შემთხვევას, როდესაც ხელოვნური ინტელექტის დიაგნოსტიკამ პაციენტი გულის ტრანსპლანტაციამდე (გადანერგვამდე) მიიყვანა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
კვლევა ჩატარდა მასშტაბური კლინიკური ტესტირების — SAGE-ის (Structural Heart Disease Diagnosis using Artificial Intelligence in the Emergency Department) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში (ED) გულის სტრუქტურული დაავადებების (SHD) ადრეულ იდენტიფიცირებას. გულის სტრუქტურული პათოლოგიები, რომლებიც მოიცავს სარქვლების, კედლებისა და საკნების დაზიანებებს, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა მკვეთრად აუმჯობესებს პროგნოზს, ეს დაავადებები ხშირად დიაგნოსტირების გარეშე რჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული ექოკარდიოგრაფია დიდ დროს, ფინანსებს მოითხოვს და ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის — განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გეგმიურ ამბულატორიულ სერვისებზე წვდომა არ აქვთ.
სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს AI-ზე ბაზირებული ეკგ ანალიზი, რომელიც ხელმისაწვდომი მეთოდია. Nature Medicine-ში წარმოდგენილი პრეცედენტული შემთხვევა ამტკიცებს, რომ ატიპური (არადამახასიათებელი) კლინიკური სიმპტომების პირობებშიც კი, სადაც ექიმები დაავადებას ვერ ამჩნევდნენ, ხელოვნურმა ინტელექტმა ფარული პათოლოგია უშეცდომოდ აღმოაჩინა.
ზედაპირული და სიმპტომური დიაგნოსტიკა წარსულს ბარდება, რადგან ციფრული ტექნოლოგიები კლინიკურ მედიცინას ემპირიული ვარაუდებიდან ულტრაზუსტ, ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებულ მეცნიერებად აქცევს. აღნიშნული პროგრამის ფართო და უფასო ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების რგოლში შეამცირებს შეცდომების რაოდენობას და სამეცნიერო სიზუსტით უზრუნველყოფს კარდიოლოგიური რისკების დროულ მართვას.
წყარო: Nature

