ხელოვნურ ინტელექტს დეპრესიის ფარული ნიშნების გამოვლენა შეუძლია

გააზიარე

იაპონელი მეცნიერების ინოვაციური კვლევა, რომელიც ჟურნალ „Scientific Reports“-ში გამოქვეყნდა, დეპრესიის ადრეული, ფარული სიმპტომების გამოვლენაში სახის გამომეტყველების როლზე ამახვილებს ყურადღებას.  

კვლევაში გამოყენებულმა ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემამ აჩვენა, რომ ე.წ. ქვეზღვრული დეპრესია (subthreshold depression – StD), რომელიც კლინიკური დიაგნოზის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ დეპრესიის განვითარების რისკ-ფაქტორად ითვლება, სახის მიკრო-მოძრაობებში დახვეწილ, შეუმჩნეველ ცვლილებებს იწვევს (დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი, DSM-5-ის მიხედვით, 9 სიმპტომიდან მინიმუმ 5-ის არსებობას გულისხმობს, ხოლო ქვეზღვრული დეპრესიის შემთხვევაში სიმპტომების რაოდენობა ნაკლებია).

დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომლის ადრეული სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამ მდგომარეობას ხშირად ახასიათებს სახის ექსპრესიულობის შემცირება. თუმცა, დღემდე უცნობი იყო, რამდენად უკავშირდება დეპრესიის მსუბუქი ფორმები, ანუ ე.წ. ქვეზღვრული დეპრესია, ფსიქომოტორულ რეტარდაციას.

იაპონიის ვასედას უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორმა ერიკო სუგიმორიმ და დოქტორანტმა მაიუ იამაგუჩიმ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეისწავლეს დეპრესიის მსუბუქი ფორმების კავშირი სახის გამომეტყველების ცვლილებებთან.

ამ კვლევის შედეგები განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან სახის ექსპრესიულობის დაქვეითება, ე.წ. „გაყინული გამომეტყველება“, ასევე პარკინსონის დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. ამ დაავადების დროს, დოფამინის ნაკლებობის გამო, სახის მიმიკური მოძრაობები შეზღუდულია. საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმატებით გამოიცადა სწორედ პარკინსონის დაავადების ამოცნობაშიც მსგავსი პრინციპით.

კვლევაში მონაწილე 64 იაპონელმა სტუდენტმა ჩაწერა მოკლე ვიდეო-წარდგინებები, რომლებიც შემდგომში ორი გზით იქნა შეფასებული:

  1. ადამიანური შეფასება: 63 სტუდენტისგან შემდგარმა მეორე ჯგუფმა შეაფასა მონაწილეთა ექსპრესიულობა, მეგობრულობა, ბუნებრიობა და სიმპათიურობა.
  2. ხელოვნური ინტელექტის ანალიზი: ამავე ვიდეოების გასაანალიზებლად გამოყენებულ იქნა OpenFace 2.0 – ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც სახის კუნთების მიკრო-მოძრაობებს იკვლევდა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა თანმიმდევრული კორელაცია: სტუდენტები, რომლებსაც სუბზღვრული დეპრესიის სიმპტომები აღენიშნებოდათ, თანატოლების მიერ შეფასდნენ როგორც ნაკლებად მეგობრულები და ექსპრესიულები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი არ გამოირჩეოდნენ დაძაბულობით, ხელოვნურობით ან ნერვიულობით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სუბზღვრული დეპრესია ადამიანს ღიად ნეგატიურს არ აჩენს, არამედ მის პოზიტიურ ექსპრესიულობას ამცირებს.

ხელოვნური ინტელექტის ანალიზმა გამოავლინა თვალებისა და პირის მოძრაობის სპეციფიკური ნიმუშები, რომლებიც უფრო ხშირი იყო სუბზღვრული დეპრესიის მქონე მონაწილეებში. აღნიშნული ნიმუშები მოიცავდა ისეთ მიკრო-მოძრაობებს, როგორებიცაა, მაგალითად, წარბის, ქუთუთოს, ტუჩებისა და პირის მოძრაობა. ეს დახვეწილი მოძრაობები მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული დეპრესიის სიმპტომების სიმძიმესთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანური თვალისთვის შეუმჩნეველი იყო.

მკვლევრების განცხადებით, მათი მიდგომა, რომელიც ვიდეო ჩანაწერებსა და სახის გამომეტყველების ავტომატიზებულ ანალიზს ეფუძნება, შეიძლება ეფექტიანად იქნას გამოყენებული სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამუშაო სივრცეებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგისთვის.

ეს ინოვაციური მეთოდი ხელს შეუწყობს დეპრესიის ადრეულ გამოვლენას (კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე), რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს დროულად მოხდეს ინტერვენცია და შესაბამისი ზრუნვა იმ პირებზე, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკი აქვთ.

წყარო: Nature

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები