იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელებში მნიშვნელოვანი ხარვეზი იპოვეს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს მანქანური ალგორითმები ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ნეირონული ქსელები აქამდე ადამიანის აზროვნების სისტემის საუკეთესო მოდელებად მიიჩნეოდა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი შიდა სტრატეგიები პრიმატების ტვინის მუშაობის პრინციპებს სრულად არ ემთხვევა.
ხელოვნური ინტელექტის მოდელებს სულ უფრო ხშირად იყენებენ კლინიკურ კვლევებში ადამიანის ქცევის შესასწავლად, მათ შორის აუტიზმისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სამკურნალოდ. თუ მოდელი სამყაროს ადამიანისგან განსხვავებულად აღიქვამს, მისი გამოყენება ექსპერიმენტებში სახიფათო შეიძლება იყოს.
რას ამბობს კვლევა?
აქამდე მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ცალმხრივად ამოწმებდნენ. აკვირდებოდნენ, რამდენად ახერხებდა პროგრამა ადამიანის ტვინის რეაქციების წინასწარმეტყველებას. იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი ეს მიდგომა ლოგიკურად შეაბრუნეს.
მათი თეორია იმ მტკიცებას ემყარება, რომ თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ადამიანის ტვინის ციფრული ასლია, მაშინ კავშირი ორმხრივი უნდა იყოს ანუ ჩვენი ტვინის აქტივობაზე დაკვირვებითაც ზუსტად უნდა ვხვდებოდეთ, რა ოპერაციები სრულდება ხელოვნური ინტელექტის მოდელის შიგნით.
ამ თეორიის შესამოწმებლად მკვლევრებმა მასშტაბური ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც 1600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის გამოსახულება გამოიყენეს, კერძოდ, ცხოველების რეალური ფოტოებიდან დაწყებული, მათი სქემატური ნახატებითა და მხატვრული ვარიაციებით დასრულებული.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ნეირონების ქცევას კარგად ხსნის, ადამიანის ტვინს არ შეუძლია იმავე სიზუსტით გამოიცნოს ხელოვნური ინტელექტის შიდა გამოთვლები. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არსებული მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია და პროგრამა სულ სხვა პრინციპით მუშაობს.
საბოლოო ჯამში, კვლევამ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი ვიზუალურ ინფორმაციას ისეთი სტრატეგიებით ამუშავებს, რომლებსაც ბუნება და ადამიანის ევოლუცია საერთოდ არ იყენებს. ეს აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ ხელოვნური ინტელექტი სამყაროს ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს, მისი გამოყენება სამედიცინო კვლევებსა თუ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში შესაძლოა მცდარი დასკვნების საფუძველი გახდეს. მეცნიერები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვონ ტვინის მუშაობის რეალურ, ბიოლოგიურ პრინციპებს.
მეცნიერებმა სპეციალური ტესტირების ინსტრუმენტები უკვე შექმნეს, რომლებიც AI დეველოპერებს საკუთარი მოდელების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მიზანია შეიქმნას ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანის ტვინთან მაქსიმალურად თავსებადი იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეიროტიპული ტვინის მოდელირებისთვის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ სამედიცინო კვლევებს.
წყარო: Nature

