ახალი კვლევის თანახმად, FaceAge – ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ინსტრუმენტი – საშუალებას იძლევა, ადამიანის ბიოლოგიური ასაკი ზუსტად განისაზღვროს, მხოლოდ ფოტოსურათების საფუძველზე. ეს სისტემა ასევე აუმჯობესებს კიბოთი დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შეფასებას.
FaceAge ეფუძნება 50 000-ზე მეტი ჯანმრთელი ადამიანის ფოტოს და მედიკოსებს სთავაზობს მძლავრ ინსტრუმენტს, პაციენტის მკურნალობის პროცესში საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ქრონოლოგიური ასაკი ყოველთვის არ ასახავს ადამიანის რეალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, ბიოლოგიური ასაკის დასადგენად FaceAge იყენებს სახის ნაკვთების ანალიზს, რაც, როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ორგანიზმის მდგრადობის უფრო ზუსტი განმსაზღვრელია.
კვლევამ აჩვენა, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტები, როგორც წესი, ბიოლოგიურად თითქმის ხუთი წლით უფროსები ჩანდნენ, მათ რეალურ ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, რომლებიც FaceAge-ის მიხედვით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებოდნენ, კიბოსგან განკურნების ნაკლები შანსი ჰქონდათ. ყოველივე მიუთითებს FaceAge-ის პოტენციალზე, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კიბოს დიაგნოსტიკისა და პაციენტის მდგომარეობის შეფასების პროცესში.
ნიდერლანდებისა და აშშ-ის საავადმყოფოებში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 6000-ზე მეტი კიბოთი დაავადებული პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ FaceAge-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ექიმების შესაძლებლობა, განსაზღვრონ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი განვითარება. კლინიკურ მოდელებში ინტეგრირებისას, FaceAge-მა პროგნოზირების სიზუსტე 74%-დან 80%-მდე გაზარდა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პალიატიური მზრუნველობის ქვეშ იყვნენ.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რომ ეს შედეგები უფრო დიდ ჯგუფებზეც დადასტურდეს. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში პაციენტის უბრალო ფოტოთიც იქნება შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.
The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა და ევროპის კვლევითმა საბჭომ დააფინანსეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მარტივი მონაცემებიდან — მაგალითად, სახის გამომეტყველებიდან — მოგვაწოდოს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ მეტი და უფრო ზუსტი ინფორმაცია.
წყარო: The Lancet

