ხელოვნური ინტელექტის როლი რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა კომუნიკაციური ბარიერების დაძლევაში

გააზიარე

კლინიკურ გარემოში, განსაკუთრებით კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ვერბალური კომუნიკაციის დეფიციტი პაციენტის ავტონომიის მნიშვნელოვან შეზღუდვას იწვევს. ტრაქეოსტომიით, ნევროლოგიური პათოლოგიებით ან ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული მეტყველების უნარის დროებითი თუ ხანგრძლივი დაკარგვა ადამიანს საკუთარი საჭიროებების გამოხატვის ფუნდამენტურ შესაძლებლობას ართმევს. ასეთ ვითარებაში არავერბალური მეთოდები, როგორიცაა ჟესტების ენა, ხშირად არაეფექტური და ორაზროვანია, წერითი კომუნიკაცია კი, პაციენტის ზოგადი სისუსტიდან გამომდინარე, დიდ ფიზიკურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ეს გაუცხოება ხშირად პაციენტის შფოთვისა და მკურნალობის პროცესის გართულების მიზეზი ხდება.

ამ კომუნიკაციური ბარიერის დასაძლევად, კომპანია Liopa-მ ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტის 15-წლიანი აკადემიური კვლევა პრაქტიკულ ინოვაციად აქცია. მათ მიერ შემუშავებული ვიზუალური მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგია (VSR) ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა და ფუნქციონირებისთვის ხმოვან სიგნალს საერთოდ არ საჭიროებს.

Critical Care

SRAVI-ის აპლიკაცია ფრაზების დეკოდირებას მხოლოდ ტუჩების მოძრაობის ანალიზით ახდენს. პაციენტი სმარტფონის კამერის წინ სიტყვებს მხოლოდ ტუჩების მოძრაობით „წარმოთქვამს“, სისტემა კი წამებში ყველაზე ზუსტ ვერსიებს არჩევს. ეს კი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სოციალური იზოლაციიდან თავის დაღწევასა და სამედიცინო პერსონალთან ეფექტური, ორმხრივი კავშირის დამყარებაში ეხმარება.

Critical Care
Critical Care

კვლევის დიზაინი

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებული მულტიცენტრული კვლევა SRAVI-ს პრაქტიკულ ეფექტურობას 18 თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ პერიოდში მკვლევრები პაციენტების ასაკის, დიაგნოზისა და დელირიუმის მაჩვენებლების შესახებ მონაცემებს სისტემატურად აგროვებდნენ. 

პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: პაციენტები სპეციალური სიიდან სასურველ ფრაზებს ირჩევდნენ, აპლიკაცია კი მათ ტუჩების მოძრაობას აანალიზებდა და ეკრანზე სამ სავარაუდო პასუხს გამოსახავდა.

კვლევაში ხელოვნური ინტელექტის ორი განსხვავებული მოდელი გამოიყენეს:

DTW (Dynamic Time Warping): ეს ალგორითმი ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება. იგი კონკრეტული პაციენტის ტუჩების მოძრაობის მანერას სწავლობს. რადგან ყველა ადამიანი სიტყვებს განსხვავებული ტემპითა და არტიკულაციით წარმოთქვამს, DTW აპლიკაციას ზუსტად ერთი მომხმარებლის სპეციფიკურ მახასიათებლებს არგებს.

DNN (Deep Neural Network – ღრმა ნეირონული ქსელი): ეს მოდელი კი მასშტაბურ “გამოცდილებას” ეყრდნობა. მას ნახევარ მილიონზე მეტი სხვადასხვა ადამიანის მეტყველების ნიმუში აქვს დამუშავებული. DNN ამ გლობალურ მონაცემებს იყენებს, რათა ნებისმიერი ახალი პაციენტის ნათქვამი წინასწარი მომზადების გარეშე ამოიცნოს.

Critical Care

ჩრდილოეთ ირლანდიის კვლევამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად რთულია ტექნოლოგიისთვის რეალურ, კრიტიკულ გარემოში მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების საშუალო ასაკი 61 წელს შეადგენდა, მთავარ გამოწვევად მაინც მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა იქცა (მონაწილეთა 87.5%-ს დელირიუმი აღენიშნებოდა). ბუნებრივია, ცნობიერების ამგვარმა არევამ და ზოგადმა სისუსტემ პირდაპირი გავლენა აპლიკაციის პირველადი ვერსიის სიზუსტეზეც იქონია, რის გამოც სისტემამ მხოლოდ 21.8%-იანი სიზუსტე აჩვენა.

თუმცა, აპლიკაციის მეორე, თავისუფალ მეტყველებაზე ორიენტირებულმა ვერსიამ, წინამორბედთან შედარებით, შედეგი 34.6%-მდე გააუმჯობესა. ეს დინამიკა ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტი პაციენტების სპეციფიკურ არტიკულაციას თანდათან უფრო მეტად „სწავლობს“.

ლანკაშირის პილოტური პროექტის თანახმად, ოპტიმალურ პირობებში სისტემას გაცილებით მაღალი შედეგების ჩვენება შეუძლია. აქ DNN-ის სიზუსტემ 75%-ს მიაღწია, ხოლო სამ სავარაუდო ვარიანტს შორის სწორი პასუხის ამოცნობის ალბათობა 86%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ტექნოლოგიის დიდ პოტენციალზე მიუთითებს, თუმცა თეორიულ წარმატებასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კვლავ პაციენტის ფიზიკური მდგომარეობა დგას.

რეალურ გარემოში მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სხეულის სპეციფიკური პოზიცია იქცა; მაგალითად, წოლისას თავის დახრილობა კამერისთვის ტუჩების მოძრაობის აღქმას ხშირად სრულად ზღუდავდა. ასევე დამაბრკოლებელი იყო გარემო ფაქტორებიც: მკვეთრი ჩრდილები, არასაკმარისი განათება, სახვევები. აპლიკაცია მაქსიმალურ სიზუსტეს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში ზის, რაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

SRAVI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგია შემდგომ დახვეწას საჭიროებს. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მისი განვითარების პოტენციალი სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ დიდია. თუმცა, ​​ციფრული ინოვაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტური სამედიცინო ინსტრუმენტი, როდესაც ის კლინიკურ გამოცდილებას ერწყმის. ტრაქეოსტომით გამოწვეული ბარიერების, სოციალური იზოლაციისა და SRAVI-ის აპლიკაციის რეალური თერაპიული პოტენციალის შესახებ მეტყველების თერაპევტი, ეკატერინე ჭავჭავაძე გვესაუბრება.

კლინიკური თვალსაზრისით, რა ტიპის ბარიერებს ქმნის ტრაქეოსტომა ან პოსტ-ინტუბაციური ტრაქეის სტენოზი და როგორ აისახება ის პაციენტის ვერბალური კომუნიკაციის ხარისხზე? 

კლინიკური თვალსაზრისით, ტრაქეოსტომა და პოსტ-ინტუბაციური ტრაქეის სტენოზი პაციენტებს ანატომიურ – ფუნქციურ ბარიერებთან ერთად, საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც უქმნის, რაც პირდაპირ ისახება მათ ვერბალურ კომუნიკაციაზე. 

ტრაქეოსტომა  სასულეში ქირურგიული გზით შექმნილი ხვრელია, რომლის საშუალებითაც ადამიანი  ზედა სასუნთქი გზების გვერდის ავლით სუნთქავს, ანუ ჰაერი არ აღწევს ხმის წარმომქმნელ აპარატამდე – ხორხსა და სახმო იოგებამდე, შესაბამისად, ირღვევა ხმის წარმოქმნა, ადამიანს უჩნდება სუსტი, ჰაეროვანი ხმის ტემბრი,  მცირდება ხორხის  სენსორული სტიმულაცია, რაც აუცილებელია  ყლაპვის, ფონაციის  და მათ კოორდინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად.

ხმის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა მნიშვნელოვნად ამცირებს ხმის ძალასა და ამტანობას, ადამიანი საკმაოდ ადვილად და სწრაფად იღლება საუბრისას,  მეტყველება მოკლებულია ინტონაციებს, ემოციასა და მახვილებს, ზოგჯერ ალტერნატიულ კომუნიკაციის –  ჟესტები, წერილობითი კომუნიკაცია, აუგმენტურ საშუალებათა გამოყენების საჭიროება იკვეთება.

პოსტ-ინტუბაციური ტრაქეის სტენოზი ხანგრძლივი ინტუბაციის შემდეგ ტრაქეის ლორწოვანისა და ხრტილის დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ნაწიბუროვანი შევიწროებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქმნის კლინიკურ ბარიერებს:  ზრდის  ჰაერის ნაკადის რეზისტენციას, იწვევს ინსპირატორულ და ექსპირატორულ სტრიდორს,   ქვეთდება ხმის წარმოსაქმნელად საჭირო ჰაერის ნაკადის წნევა, ხმა დაძაბული და შეცვლილია, ადამიანი  სუნთქვა-ფონაციის დისბალანსის გამო, იძულებულია ხრინწიანი, დაძაბული ხმის ტემბრით მოკლე ფრაზებით, ხშირი პაუზებით ისაუბროს, ვითარდება ქოშინი.  ვერბალური კომუნიკაცია ისეთი დამღლელია, რომ  ხშირად  თავად აწესებენ სოციალურ იზოლაციას, კომუნიკაციური შეზღუდვებს, რაც მწვავე შფოთვას, პანიკურ რეაქციებს, ჩაკეტილობას, ღირსების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს იწვევს.

როგორ შეაფასებდით SRAVI-ის აპლიკაციის თერაპიულ პოტენციალს, რა არის გასათვალისწინებელი კლინიკურ პრაქტიკაში ინტეგრაციისას? 

SRAVI-ის აპლიკაციის თერაპიული პოტენციალი საკმაოდ დიდია, იმ რეალობის  გათვალისწინებით, რის წინაშეც  გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტები აღმოჩნდებიან ხოლმე, პირველ ყოვლისა, ეს თავად პაციენტებისთვის თვითრეალიზების  საშუალებაა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აპლიკაცია გაცილებით აადვილებს მედპერსონალის ქმედებას, მეტად მიზანმიმართულს და რაციონალურს ხდის მათ ქმედებებს უკუკავშირის მეშვეობით და ბოლოს, აპლიკაცია პაციენტის ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანებისთვის სტრესისა და განცდების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

თქვენი აზრით, ვინ უნდა მართავდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას პალატაში, რომ კომუნიკაციის პროცესი იყოს თანმიმდევრული და ეფექტური?

დასაწყისში უმჯობესია ტექნოლოგიის გამოყენება სპეციალისტმა დაიწყოს – მეტყველების თერაპევტმა,  რომელიც სამეტყველო ტესტებისა და სინჯების დახმარებით, დეტალურად  შეისწავლის პაციენტის სამეტყველო პორტრეტს, მის სასუნთქ, საარტიკულაციო და ფონაციურ რესურსს,  შეძლებს პაციენტის პიროვნულ-სოციალური, ფსიქოლოგიური ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, აპლიკაციაში საჭირო ფრაზებისა და წინადადებების დამატებას, მაქსიმალურად მოარგებს ტექნოლოგიას კონკრეტულ სამეტყველო შესაძლებლობებსა და სამედიცინო საჭიროებებს, ხოლო შემდგომ  გამოყენებასა და  ათვისებაში დაეხმარება,  როგორც თავად პაციენტს, მის მომვლელ პირსა და ოჯახის წევრს, თუ პაციენტი აპლიკაციის გამოყენებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.

როგორ შეაფასებდით კომუნიკაციის აღდგენის გავლენას პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და რამდენად შეუძლია იზოლაციის დროულ დაძლევას რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება?

კომუნიკაცია პაციენტს უბრუნებს თვითკონტროლის შესაძლებლობას – მე ისევ შემიძლია ვიყო მე! იგი ახერხებს გამოხატოს ტკივილი, სიხარული, მონატრება, ითხოვოს დახმარება, დასვას საჭირო კითხვები, სტრეს-ჰორმონების დონის შემცირება უზრდის უსაფრთხოების განცდას, უმცირებს შფოთვას, დეპრესიას,  პოსტ-ტრავმულ სიმპტომებს, გარემოსთან მყისიერი კომუნიკაციით უქრება  შიში, უბრუნდება იდენტობა, რადგან ენა იდენტობის მნიშვნელოვანი მდგენელია.

კომუნიკაციური იზოლაციისას მოტივაცია დაქვეითებულია, ავლენს თერაპიულ პასიურობას, კომუნიკაციის აღდგენისას  კი იზრდება თერაპიული ჩართულობა, პაციენტი უკეთ ასრულებს ინსტრუქციებს, აქტიურად მონაწილეობს რეაბილიტაცის პროცესში და მეტად ინტენსიურია ექიმთან  უკუკავშირი. უმჯობესდება კოგნიტური უნარებიც: ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება. ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, სოციალური მხარდაჭერა იწვევს იმედს და აძლიერებს რეაბილიტაციის ეფექტს.

კვლევებით დასტურდება, რომ კომუნიკაციური უნარების აღდგენისას მძიმე პაციენტებში მცირდება სედატიური პრეპარატების გამოყენების საჭიროება. ასე რომ იზოლაციის დროული დაძლევა აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს.

რა ტიპის რისკები შეიძლება ახლდეს თან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და სად გადის ზღვარი ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და კლინიკურ უსაფრთხოებას შორის?

პირველი, რაც შესაძლოა AI-ზე დაფუძნებულ კომუნიკაციისას საფრთხედ მივიჩნიოთ არის მსგავსი ტექნოლოგიების მიერ მეტყველების ავტომატური ამოცნობა, ტექსტიდან მეტყველების გენერაცია, არტიკულაციურ მოძრაობათა  ტექსტად გენერაცია, რაც არ გამორიცხავს ინფორმაციის მცდარ ინტერპრეტაციას,  მაგალითად, შესაძლოა ვერ განასხვავოს დისართრიული პრობლემები დისლალიურისგან, ვერ გაშიფროს სათანადოდ აფაზიური პაციენტის ენობრივი გადაცდომები,  ვერ მოახდინოს სიმპტომთა დიფერენციალური დიაგნოსტიკა, შედეგად კი დასვას მცდარი დიაგნოზი და დასახოს არაეფექტიანი თერაპიული სტრატეგიები. 

ვერბალური კომუნიკაცია მხოლოდ ლინგვისტური პროცესი როდია, იგი ადამიანის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ინდივიდუალიზმის გამოძახილია,  AI ტექნოლოგიები კი სერიოზულად მოიკოჭლებენ  კონტექსტუალური შტრიხების, კულტურული და ემოციური  ნიუანსების ამოცნობისას.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზღვარს, ნებისმიერ სპეციალისტს უნდა ახსოვდეს, რომ  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომუნიკაცია მართალია  ძლიერი მხარდამჭერი ინსტრუმენტია, მაგრამ იგი ვერასდროს შეცვლის ექიმსა და პაციენტს შორის ცოცხალ ურთიერთობას,  ემპათიას, ამიტომ მისი ინტეგრაცია ყოველთვის უნდა ემყარებოდეს კლინიკურ ზედამხედველობას, ეთიკურ სტანდარტებს და პაციენტის უსაფრთხოების პრინციპს. 

AI-ს  არ უნდა მივანიჭოთ  კლინიკური ავტონომია, ყოველი მისი რეკომენდაცია უნდა გადავამოწმოთ, უნდა მოვახდინოთ  შედეგთა ინდივიდუალური ინტერპრეტირება, ამასთან, პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა დონეზე მონაწილეობდა ხელოვნური ინტელექტი მის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნოლოგიური სარგებელი,  შესაძლოა გამოუსწორებელ კლინიკურ ზიანში გადაიზარდოს.

წყარო: Critical Care



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები