აშშ-ში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა მარტა ლილარდი – ბოლო ამერიკელი, რომელიც პოლიომიელიტის (ბავშვთა დამბლის) გართულებების გამო სიცოცხლის შესანარჩუნებლად სპეციალურ კაფსულას იყენებდა. ლილარდი 5 წლის ასაკში დაინფიცირდა, რის შემდეგაც მისი სუნთქვის ფუნქცია მძიმედ დაზიანდა. მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა ცილინდრულ ლითონის მოწყობილობაში (ე.წ. „რკინის ფილტვში“), რომელიც ჰაერის წნევის ცვალებადობით მის ფილტვებს ხელოვნურად აფართოებდა და სუნთქვაში ეხმარებოდა.
ექიმების პროგნოზით, მარტას 20 წელზე მეტი არ უნდა ეცოცხლა, თუმცა ამ ადამიანმა 78 წლამდე მიაღწია. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ფილტვის ქრონიკული უკმარისობა და პოსტ-პოლიომიელიტური სინდრომი დასახელდა. მიუხედავად ფიზიკური შეზღუდვებისა, ოჯახის დახმარებით ლილარდმა მოახერხა სკოლის დამთავრება, სპეციალურად გადაკეთებული ტრეილერით მოგზაურობდა და გარკვეული პერიოდი ავტომობილსაც კი მართავდა. ის აღნიშნავდა, რომ აპარატში ყოფნა მისთვის შვება იყო, რადგან ამის გარეშე სუნთქვა ფიზიკურად არ შეეძლო.
მარტა ლილარდამდე ორი წლით ადრე, ასევე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი, პოლ ალექსანდრე. ის გინესის რეკორდების წიგნში იყო შესული, როგორც ადამიანი, რომელმაც ამ სასუნთქ კაფსულაში ყველაზე ხანგრძლივი დრო გაატარა.
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ვაქცინის შექმნამდე, პოლიომიელიტი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიდემია იყო, რომელმაც ათასობით ბავშვის პარალიზება გამოიწვია. მასშტაბური ვაქცინაციის შედეგად, 1979 წლისთვის ამერიკაში პოლიომიელიტი სრულად ლიკვიდირებულად გამოცხადდა, ხოლო „რკინის ფილტვები“ თანამედროვე სასუნთქმა აპარატებმა ჩაანაცვლა.
წყარო: The Guardian

