ხმაურით დაბინძურება: პათოლოგიური გავლენა ჯანმრთელობაზე და პრევენციული სტრატეგიები

გააზიარე

ხმაურით დაბინძურება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაღიზიანებელი ფონური ხმა. უახლესი კვლევები ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან პათოგენურ ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც მოიცავს ფაქტობრივად ყველა ორგანოთა სისტემას, ძილის ფიზიოლოგიური ფაზებიდან დაწყებული კარდიოვასკულური სისტემის ფუნქციონირებით დამთავრებული. ამ პათოლოგიური რისკის გაცნობიერება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებას, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაში, ისე ურბანული განვითარების დაგეგმარებაში.

რა არის ხმაურით დაბინძურება?

ხმაურით დაბინძურება განისაზღვრება, როგორც არასასურველი ან ჭარბი ბგერითი სტიმულაცია, რომელიც უარყოფითად აისახება ინდივიდის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გავრცელებული წყაროებია ტრანსპორტი (ავტომობილები, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა), ინდუსტრიული ობიექტები, სამშენებლო სამუშაოები და მასშტაბური გასართობი ღონისძიებები. პრობლემას ამძიმებს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მეზობლების ხმაურიც.

ხმაურის ინტენსივობა იზომება დეციბელებში (dB). მაგალითად, ოფისის საშუალო ხმაური ≈70 dB-ია, რეაქტიული ძრავა კი ≈110 dB. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მავნე ზემოქმედების ზღვრად ადგენს 55 dB-ს საშუალოდ 24 საათის განმავლობაში, ან 50 dB-ს ღამის პერიოდში, ინტენსივობა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა მუდმივად განიცდის.

როგორ მოქმედებს ხმაური ჯანმრთელობაზე?

ხმაურით დაბინძურება ორგანიზმში სტრესულ რეაქციას იწვევს, რადგან აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა და ხდება სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლება. ეს პროცესი არღვევს ძილს, ყოველდღიურ აქტივობასა და ფსიქიკურ სტაბილურობას. არსებული მტკიცებულებები ხმაურს აკავშირებს შემდეგ პათოლოგიებთან:

ძილის დარღვევა: სრული გამოღვიძების გარეშეც კი, ხმაური ზრდის არტერიულ წნევას და იწვევს ნორმალური ძილ-ღვიძილის ციკლების მოშლას.

კარდიოვასკულური პათოლოგიები: ხმაურის გრძელვადიანი ზემოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი სერიოზული მდგომარეობების ალბათობას, როგორიცაა ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება და ინსულტი.

ფსიქიკური ჯანმრთელობა: ხმაურით გამოწვეული გაღიზიანება ასოცირდება შფოთვის, დეპრესიისა და გაღიზიანებადობის მომატებულ რისკთან. ბავშვებში კი, აეროპორტებთან ახლოს ცხოვრების შემთხვევაში, დაფიქსირებულია მეხსიერებისა და კოგნიტური უნარების დაქვეითება.

კოგნიტური დაქვეითება: ხანდაზმულებში ხმაური მჭიდრო კორელაციაშია დემენციის განვითარების მაღალ ალბათობასთან.

ორსულობის გართულებები: ხმაურის ინტენსიურმა დონემ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის დაბალი წონით დაბადების რისკის ზრდას; თუმცა, ამის დამადასტურებელი კლინიკური მონაცემები ჯერ კიდევ შეზღუდულია.

პოტენციური რისკები: კვლევები მიუთითებს შესაძლო კავშირზე უნაყოფობასა და ონკოლოგიური დაავადებების გარკვეულ რისკებს შორის, თუმცა, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მონაცემები ჯერ კიდევ არ იძლევა საბოლოო დასკვნების გამოტანის საშუალებას.

წყარო: bmj

ევროპაში ხმაურით დაბინძურებას ყოველწლიურად მიეწერება დაახლოებით 48,000 ახალი კარდიოვასკულური პათოლოგია და 12,000 ნაადრევი სიკვდილის შემთხვევა. ეს უზარმაზარი, მაგრამ ფარული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტვირთია, რომელიც, ჰაერის დაბინძურების მსგავსად, სათანადო მარეგულირებელი და საჯარო ყურადღების გარეშე რჩება.

მოწყვლადი ჯგუფები და მისი აღიარება კლინიკურ კონტექსტში

ხმაურის ყველაზე ინტენსიურ ზემოქმედებას განიცდიან ურბანულ ცენტრებსა და სატრანსპორტო მაგისტრალებთან მცხოვრები პირები. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე თემებს ხშირად ემუქრებათ ყველაზე მაღალი რისკი. მოწყვლად ჯგუფებში შედიან ხანდაზმულები, ორსული ქალები, ღამის ცვლის მუშაკები და უკვე დიაგნოსტირებული ძილის ან ფსიქიკური აშლილობების მქონე პირები. მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი (33%) ხასიათდება ხმაურისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობით, რაც ზრდის პათოლოგიური შედეგების სიმძიმეს.

პაციენტებში, რომლებზეც ხმაური ახდენს პათოლოგიურ გავლენას, შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული დაღლილობა, მუდმივი სტრესის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მომატებული აგზნებადობა, ან არსებული გულის დაავადებებისა და შფოთვითი მდგომარეობების გამწვავება. სიმპტომების პირდაპირ ხმაურთან დაკავშირება რთულია, მაგრამ ექიმის მიერ კითხვების დასმა საცხოვრებელი გარემოს ხმაურის ინტენსივობისა და ბგერითი მგრძნობელობის შესახებ, ხელს უწყობს პრობლემის დროულ იდენტიფიცირებას.

მართვის სტრატეგიები

ხმაურის დაბინძურებასთან ბრძოლა ხორციელდება სამ ძირითად სტრუქტურულ დონეზე: პაციენტის, ჯანდაცვის პროვაიდერისა და მარეგულირებელი პოლიტიკის დონეზე.

პაციენტის დონე (თვითმოვლა):

ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, სასარგებლოა მარტივი მეთოდების გამოყენება, მაგალითად, ყურის საცობები, თეთრი ხმაურის გენერატორები (თეთრი ხმაური არის ბგერების კრებული, რომელსაც აქვს იდენტური ინტენსივობა აუდიო დიაპაზონში, რაც ქმნის ერთგვაროვან ხმას, რომელიც შესანიშნავად ახშობს სხვა ხმებს) ან დამამშვიდებელი ვარჯიშები. ეს დაბალბიუჯეტური საშუალებები განსაკუთრებით ეხმარება ღამის საათებში ხმაურის შემცირებას.

ჯანდაცვის პროვაიდერის დონე:

კლინიცისტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ხმაურის ზემოქმედებას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას და შესაბამისად შეცვალონ მკურნალობის სტრატეგია. მათ შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ სოციალურ მხარდაჭერას და გადაამისამართონ პაციენტი შესაბამის სპეციალისტებთან იმ შემთხვევებში, როდესაც ხმაურის ზემოქმედება აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.

პოლიტიკა და ურბანული დაგეგმარება:

ხმაურის შემცირება უშუალოდ მისი წარმოქმნის ადგილას არის ყველაზე ქმედითი სტრატეგია, რაც შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს:

სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის ლიმიტების შემცირებას და შესაბამისი საგზაო საფარის გამოყენებას.

მძიმე სატვირთო ტრანსპორტის შეზღუდვას საცხოვრებელ ზონებში.

ელექტრომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების წახალისებას.

ფრენებსა და სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების დაწესებას ღამის საათებში.

ხმაურის დამცავი ბარიერების მშენებლობასა და მწვანე სივრცეების (პარკები, სკვერები) გამოყენებას ქალაქდაგეგმარებაში ხმაურის ერთგვარ ბუფერად.

მარეგულირებელი ნორმების გამკაცრებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

შვეიცარიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის ლიმიტის 50-დან 30 kph-მდე დაწევამ მკვეთრად შეამცირა ხმაურის დონე და დადებითად აისახა მოსახლეობის ძილის ხარისხზე.

ხმაური არის სერიოზული გლობალური საფრთხე, რომელიც საჭიროებს ისეთივე ყურადღებას, როგორც ჰაერის დაბინძურება. ხმაურის შემცირება გვეხმარება დაავადებების პრევენციასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

წყარო:  bmj



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები