ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, პაციენტების პირველადი შეფასებისას (როცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო და ინფორმაცია მწირია), ადამიან ექიმებზე მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე აჩვენა.
ბოსტონის საავადმყოფოში 76 პაციენტის მონაცემებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მწირი ინფორმაციის პირობებში AI-მ შემთხვევათა 67%-ში ზუსტი დიაგნოზი დასვა, მაშინ როცა ექიმების სიზუსტე მხოლოდ 50-55% იყო. გარდა ამისა, ხანგრძლივი თერაპიული გეგმის (მაგალითად, ანტიბიოტიკოთერაპიის) შედგენისას, მანქანურმა ალგორითმმა 89%-იანი სიზუსტით მკვეთრად აჯობა ექიმთა 46-კაციან ჯგუფს, რომელთა მაჩვენებელიც მხოლოდ 34%-ს შეადგენდა. კვლევის ერთ-ერთ რეალურ შემთხვევაში, ხელოვნურმა ინტელექტმა ზუსტად შენიშნა, რომ პაციენტის ფილტვების პრობლემას თანმხლები ლუპუსი (მგლურა) იწვევდა, რაც ექიმებს გამორჩათ.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შედეგებისა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ტექნოლოგია ექიმებს ვერ ჩაანაცვლებს. ალგორითმი ექსპერიმენტისას მხოლოდ დოკუმენტურ მონაცემებს ეყრდნობოდა და არ შეეძლო პაციენტის ვიზუალური მდგომარეობის ან სტრესის დონის შეფასება. შესაბამისად, AI განიხილება არა როგორც ექიმის შემცვლელი, არამედ როგორც პროფესიონალური „მეორე აზრის“ გენერატორი.
სპეციალისტები ახალი ტექნოლოგიის დანერგვის თანმდევ რისკებზეც საუბრობენ. მთავარ გამოწვევებად რჩება იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი პროგრამის მიერ დაშვებული სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ ექიმები დამოუკიდებლად ფიქრის ნაცვლად, გაუაზრებლად დაეთანხმონ მანქანის გადაწყვეტილებებს. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, პაციენტებისთვის უპირველეს და გადამწყვეტ ფაქტორად კვლავ ადამიან ექიმთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა რჩება.
წყარო: The Guardian

