შეიქმნა რევოლუციური ერთჯერადი სენსორი, რომელიც დიაგნოსტიკის მეთოდებს მნიშვნელოვნად შეცვლის. ეს ინოვაციური მოწყობილობა გვპირდება, რომ დიაგნოსტიკა გამარტივდება და ფინანსურად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
რა მოხდებოდა, თუ კიბოს ან აივ ინფექციის დიაგნოსტიკა ისეთივე მარტივი გახდებოდა, როგორც ორსულობის ტესტი და ის ავტობუსის ბილეთზე იაფი ეღირებოდა? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა ეს იდეა უკვე რეალობად აქციეს.
ACS Publications-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დნმ-ზე დაფუძნებული ახალი ელექტროქიმიური სენსორი, რომლის წარმოებაც მხოლოდ 50 ცენტი ჯდება, მძიმე დაავადებების აღმოჩენას მაღალი სიზუსტით უზრუნველყოფს. ის ეფექტურია ორი თვის განმავლობაში და მაცივრის გარეშე, უკიდურეს სიცხეშიც, ინახება. სწორედ ამიტომ, ეს სენსორი იდეალური საშუალებაა ნებისმიერი გარემოსთვის, მათ შორის, ლაბორატორიების მიღმაც.
ტექნოლოგია იყენებს სპეციალურ მექანიზმს, რომელიც CRISPR სისტემის დნმ-ის დამჭრელ ფერმენტს შეიცავს. ეს ფერმენტი დეტექტორივით მუშაობს. როგორც კი ის შეხვდება დაავადებასთან დაკავშირებულ გენეტიკურ მასალას, მაგალითად, პროსტატის კიბოს (PCA3) შარდში, მაშინვე აქტიურდება. ამ პროცესში ფერმენტი სენსორზე არსებულ დნმ-ს შლის, რაც ცვლის მოწყობილობის ელექტრულ სიგნალს. შემდეგ ამ ცვლილებას აფიქსირებს დიაგნოსტიკის ხელსაწყო. ეს კი დაავადების არსებობაზე მიუთითებს.
MIT-ის პროფესორის, არიელ ფურსტის თქმით, ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის დიაგნოსტიკას ხელმისაწვდომს ხდის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სამედიცინო სერვისებზე ნაკლებად აქვთ წვდომა. ამასთან, მისი გამოყენება სახლის პირობებშიც შეიძლება და კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში ვიზიტი სავალდებულო აღარ იქნება.
სენსორის ადრეული ვერსიები მაცივარში ინახებოდა. დნმ-ის ფენის სიმყიფის გამო, აუცილებელი იყო სენსორი აეწყოთ იქ, სადაც მის გამოყენებას გეგმავდნენ, ანუ – ლაბორატორიაში. MIT-ის გუნდმა ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა. მან სენსორს პოლივინილის სპირტის საფარი დაუმატა. ეს ჯავშანი დნმ-ს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურისგანაც კი იცავს.
სენსორმა წარმატებით აღმოაჩინა პროსტატის კიბოს გენი (PCA3) შარდის ნიმუშებშიც. ინოვაციას უკვე შეუძლია დაავადებების გამოვლენა ნერწყვისა და ცხვირის ნაცხებში. ამასთან, შესაძლებელია მისი გამოყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, პაპილომა ვირუსისა (HPV) და სხვა ინფექციების დასადგენადაც.
ფაქტია, ეს ინოვაცია ადამიანებს სამედიცინო დიაგნოსტიკას საგრძნობლად გაუმარტივებს და გლობალურ ჯანდაცვაში რევოლუციას მოახდენს, რადგან სერიოზული დაავადებების გამოვლენა მხოლოდ კლინიკებში ხელმისაწვდომი ფუფუნება აღარ იქნება.
წყარო: ACS Publications

