წლებია კიბო სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ის არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, არამედ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება პაციენტებსა და მათ ოჯახებს – წარმოიდგინეთ დაუსრულებელი გადასახადები, მძიმე დანაკარგი და გაურკვეველი ხვალინდელი დღე.
სწორედ ამ რეალობას ასახავს ტერმინი „ფინანსური ტოქსიკურობა“ – აღწერს იმ მძიმე რეალობას, როცა ონკოლოგიური მკურნალობის მზარდი ხარჯები ოჯახის სტაბილურობასაც ისევე ანგრევს, როგორც – თავად დაავადება.
ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და აზიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფინანსური სირთულეები ხშირად იწვევს მკურნალობის შეწყვეტას, გადარჩენის დაბალ მაჩვენებელსა და მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს (Zafar et al., 2013; Carrera et al., 2018; Khera et al., 2014). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გვაფრთხილებს, რომ სამედიცინო ხარჯები, რომელთა დაფარვაც ოჯახებს არ შეუძლიათ, მოწყვლადი ჯგუფების გაღარიბების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გლობალური პრობლემის ქართული ანარეკლი
მიუხედავად იმისა, რომ კიბოს მკურნალობის ფინანსურ წნეხზე მუდმივად საუბრობენ, დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ონკოპაციენტების რეალური მდგომარეობა ხშირად ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის.
საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სისტემა რეფორმირების რთულ გზას გადის და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა მძაფრად იგრძნობა, კიბოს ფინანსურ გავლენაზე სანდო მონაცემები საგანგაშოდ მწირია. ეს უდიდესი ხარვეზი გადაუდებელ კვლევას მოითხოვდა.
ამ გლობალურ კონტექსტში საქართველოს მდგომარეობა წარმოაჩინეს თამარ კახნიაშვილმა, ივანე კილაძემ და ნინო ოკრიბელაშვილმა. მათი ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალ The Sage – Cancer Control-ში გამოქვეყნდა. კვლევა ნათლად გვიჩვენებს, თუ რის ფასად უწევთ ქართველ ონკოპაციენტებს არსებობა, როგორ ცდილობენ გაუმკლავდნენ სირთულეებს და რა მასშტაბის ხარჯის გაღება უწევთ საკუთარი ჯიბიდან.
Medscriptum-თან ინტერვიუში თამარ კახნიაშვილმა ისაუბრა კვლევის მიზნებსა და იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებლად უნდა გადაიდგას, რომ მოგვარდეს ფინანსური ტოქსიკურობის “ჩუმი” კრიზისი.
სალომე ჩხეიძე: თქვენი კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში ფარული ფინანსური ტოქსიკურობა რეალური სტატისტიკური მონაცემებით დაადასტურა. რა ტიპის სირთულეებს აწყდებიან ონკოპაციენტები და როგორ ფიქრობთ, რა დგას ამ ფენომენის მიღმა?
თამარ კახნიაშვილი: ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია და ფინანსური ტოქსიკურობა ერთ-ერთი მნიშველოვანი გამოწვევაა განვითარებულ ქვეყნებში. ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. ჩვენი კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში მდებარე 7 ჰოსპიტალში და მოიცავდა 181 ონკოლოგიურ პაციენტს. შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად საყოველთაო დაზღვევისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მრავალი წელია მოქმედებს და თითქმის სრულ მკურნალობას ფარავს, პაციენტები კვლავ აწყდებიან სხვადასხვა ფინანსურ პრობლემას.
უმრავლეს შემთხვევაში (74.5%) ონკოლოგიური დააავადების მკურნალობა არის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.
პაციენტების 71% აქვს დამატებითი ხარჯები, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ფარავენ (ე.წ. “out-of-pocket expenses”)
კვლევაში მონაწილეების 44.2% აღნიშნავს, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც მოუწიათ სესხის აღება ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში.
დასაქმებული პაციენტების 1/3 (33.5%) მიუთითებდა კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებულ სამსახურეობრივ პრობლემებზეც.
სალომე ჩხეიძე: ერიდებიან თუ არა პაციენტები სესხის აღებას ან დახმარების თხოვნას სოციალური სტიგმის გამო?
თამარ კახნიაშვილი: ჩვენს მიერ გამოკითხულ პაციენტებს მსგავს პრობლემაზე არ უსაუბრიათ.
სალომე ჩხეიძე: აჩვენა თუ არა კვლევამ რაიმე გრძელვადიანი ან მოულოდნელი სოციალური შედეგი?
თამარ კახნიაშვილი: განსაკუთრებული მოულოდნელობა იყო ის ფაქტი, რომ პაციენტების თითქმის ნახევარს მოუწია სესხის აღება დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ახალგაზრდა პაციენტებს უფრო ხშირად უწევდათ სესხის აღება, ვიდრე – ასაკოვნებს. პაციენტების 41%-ისთვის კიბოს მკურნალობა დღეს “მძიმე” ფინანსური ტვირთია.
სალომე ჩხეიძე: როგორც აღნიშნეთ, დასაქმებული ონკოპაციენტების მესამედს მკურნალობისას პრობლემები სამსახურშიც შეექმნათ. შრომითი პოლიტიკის რა ხარვეზები ამძიმებს ონკოლოგიური პაციენტების ფინანსურ ტვირთს საქართველოში?
თამარ კახნიაშვილი: ვფიქრობთ, დასახვეწია შრომითი ხელშეკრულებები და დასაცავია პაციენტთა შრომითი უფლებები. კერძო სადაზღვევო კომპანიებმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე.
სალომე ჩხეიძე: რატომ გადაწყვიტეთ ამ კვლევის ჩატარება? რომელიმე კონკრეტული პაციენტის ისტორია ან ამ პრობლემებზე დაკვირვება, ხომ არ გახდა მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ ღიად გესაუბრათ ონკოპაციენტების ფინანსურ სირთულეებზე?
თამარ კახნიაშვილი: მრავალი წელია ვმუშაობთ ონკოპაციენტებთან – მე, როგორც ონკო-ფსიქოლოგი და კვლევის თანაავტორი და ივანე კილაძე, როგორც კლინიკური ონკოლოგი. ყოველდღიურ პრაქტიკულ გამოცდილებაში ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა პაციენტებმა ვერ შეძლეს აუცილებელი ძვირადღირებული კვლევისა თუ მკურნალობის ჩატარება. ამასთან, მათ პრობლემები აქვთ სამსახურში, ოჯახსა და სოციუმშიც. მსგავსი შემთხვევები და ის ფაქტიც, რომ საქართველოში ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევებიც არ არსებობს, გახდა ამ კვლევის ჩატარების მიზეზი.
სალომე ჩხეიძე: რა ცვლილებებს ელით ამ კვლევის შემდეგ? შეიძლება თუ არა, რომ ამან იმოქმედოს როგორც ჯანდაცვის სფეროზე ისე საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და რას გეგმავთ მომავალში ამ საკითხის მუდმივი აქტუალობისთვის?
თამარ კახნიაშვილი: საქართველოში კიბოს მკურნალობა მრავალი პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია, რაც ხშირად იწვევს ვალების დაგროვებასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ეს მიგნებები მიუთითებს რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს ფინანსური დახმარების პროგრამები, რომ პაციენტებმა მკურნალობის დაფინანსებაც შეძლონ და, პარალელურად, თავიდან აიცილონ ეკონომიკური სირთულეები.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს ჯანდაცვის პოლიტიკაზე მომუშავე პირებსაც. კერძოდ: უნივერსალური ჯანდაცვის გაფართოება, რომ დაიფაროს პირველადი დიაგნოსტიკური თუ ლაბორატორიული კვლევები, ასევე – მედიკამენტები; პაციენტების მიერ გაწეული ხარჯების შემცირება; დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული ფინანსური დახმარების დანერგვა; მკურნალობის პროცესში სამუშაოს შენარჩუნება და შემოსავლის მხარდაჭერის გაძლიერება.
ეს პირველი კვლევაა, რომელიც კიბოს დიაგნოზით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს ეროვნულ დონეზე ასახავს. შედეგები მკაფიო სიგნალს უგზავნის ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს: კიბოს “ტვირთი” საავადმყოფოს კედლებს ცდება.
იხილეთ კვლევა სრულად შემდეგ ბმულზე: https://journals.sagepub.com

