ტრადიციულად, ძუძუთი კვების მნიშვნელობა ძირითადად ჩვილის ჯანმრთელობის კონტექსტში განიხილება. თუმცა, ბოლო წლების კვლევების თანახმად, ლაქტაცია დედისთვისაც სასარგებლოა და დადებითად აისახება მის კეთილდღეობაზე მშობიარობის შემდგომი წლების განმავლობაშიც. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) გამოყენებით ჩატარებულმა კვლევამ მოგვაწოდა ახალი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ზემოქმედებს ლაქტაციის ხანგრძლივობა დედის ძვალ-კუნთოვან სისტემასა და მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე. ეს შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის, სარკოპენიისა (კუნთების მასის კარგვა) და მეტაბოლური დარღვევების პრევენციისთვის ქალის ცხოვრების გვიანდელ ეტაპებზე.
კვლევის დეტალები:
მკვლევრებმა გამოიყენეს მოწინავე MRI მეთოდი (CSE-MRI), რომელიც საშუალებას იძლევა, არაინვაზიურად შეფასდეს პროტონის სიმკვრივის ცხიმოვანი ფრაქცია (PDFF) – რაც ძირითადად ცხიმის შემცველობის მაჩვენებელია – მალის ძვლის ტვინსა და პარასპინალურ კუნთებში.
წინა კვლევების საფუძველზე ცნობილი იყო რომ ძვლის ტვინში ცხიმის მატება უკავშირდება ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) დაქვეითებასა და ოსტეოპოროზის რისკს. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება დროებით გავლენას ახდენს ძვლის მინერალიზაციაზე (ჰორმონალური ფაქტორებისა და კალციუმის გაცემის გამო), სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაურკვეველი რჩებოდა მისი გრძელვადიანი ეფექტი ცხიმის განლაგებასა და კუნთოვანი ქსოვილის “ხარისხზე”.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 37 პრემენოპაუზურმა ქალმა (ზოგიერთი მათგანი ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტის (GDM) ანამნეზით), რომელთაც მშობიარობის შემდგომ 6 თვიდან 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ქალებში რომელთა ლაქტაციის ხანგრძლივობა 8 თვეს აღემატებოდა, გამოვლინდა საგრძნობლად შემცირებული ცხიმოვანი ინფილტრაცია ძვლის ტვინსა და კუნთოვან ქსოვილში იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც უფრო მოკლე ვადით (8 თვე ან ნაკლები) კვებავდა ჩვილს.
ეს შედეგები მიანიშნებს, რომ ხანგრძლივი ძუძუთი კვება ხელს უწყობს ძვალ-კუნთოვანი სისტემის ოპტიმალურ რეგენერაციას და აუმჯობესებს მეტაბოლურ პროფილს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული პათოლოგიების პრევენციისთვის.
ძირითადი შედეგები:
ხანგრძლივი ძუძუთი კვების (BF) ჯგუფში ასევე დაფიქსირდა კუნთის განივი კვეთის არეალის (CSA) ზრდა, რაც მიანიშნებს კუნთოვანი მასის გაუმჯობესებასა და ატროფიის შემცირებაზე.
ხანგრძლივი ძუძუთი კვება დაკავშირებული იყო გლუკოზის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებასთან, რაც გამოიხატებოდა ინსულინის მიმართ დაბალი რეზისტენტობითა და მაღალი მგრძნობელობით. შესაბამისად, ამ ქალებში მნიშვნელოვნად შემცირებული იყო მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი.
დაფიქსირდა, რომ რაც უფრო მეტხანს გრძელდებოდა ძუძუთი კვება, მით უფრო მცირე იყო ცხიმის დაგროვება კუნთებში. ეს კავშირი მხარს უჭერს ხანგრძლივი BF-ის პრევენციულ როლს სარკოპენიის განვითარებაში.

წყარო: European Journal of Radiology; პროტონის სიმკვრივის ცხიმოვანი ფრაქციის (PDFF) ფერადი რუკა L2 (წელის მეორე) მალის დონეზე: (ა) ხანგრძლივი ძუძუთი კვების მქონე ქალის (BF>8 თვე) საწყისი მონაცემები: BMI იყო 20.97 კგ/მ2. PDFF საშუალო მაჩვენებელი წელის მალების დონეზე იყო 43.04%, psoas muscle – 8.09%, ხოლო autochthonous muscle – 11.03%. (ბ) იგივე მონაწილე 5-წლიანი დაკვირვების შემდეგ: PDFF საშუალო მაჩვენებელი წელის მალებში მნიშვნელოვნად შემცირდა 30.23%-მდე, psoas muscle – 6.20%-მდე, ხოლო autochthonous muscle – 7.31%-მდე. გ) ხანმოკლე ლაქტაციის ქალის (BF≤8 თვე) საწყისი მონაცემები: BMI იყო 19.15 კგ/მ2. PDFF საშუალო მაჩვენებელი წელის მალების დონეზე იყო 46.63%, psoas muscle – 6.51%, ხოლო autochthonous muscle – 8.17%. (დ) იგივე მონაწილე 5-წლიანი დაკვირვების შემდეგ: PDFF საშუალო მაჩვენებლებმა მინიმალური ცვლილება აჩვენა: წელის მალები 44.39%,psoas muscle – 4.67%, ხოლო autochthonous muscle – 6.72%.
კვლევის შეზღუდვები
კვლევის ძირითადი შეზღუდვები მოიცავს: შედარებით მცირე საკვლევ ნიმუშის ზომას; ორსულობამდელი MRI მონაცემების არარსებობას; ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) სტანდარტული შეფასების მეთოდების გამოუყენებლობას; ექსკლუზიური (მხოლოდ ძუძუთი) და ნაწილობრივი ძუძუთი კვების მკაფიო დიფერენცირების შეუძლებლობას. დამატებით, არ იყო გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის აღდგენა და დიეტური თავისებურებები, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა საბოლოო შედეგებზე.
ამ ასოციაციების დასადასტურებლად და ფიზიოლოგიური მექანიზმების სიღრმისეულად შესასწავლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ლონგიტუდინური კვლევების ჩატარება. PDFF MRI მეტრიკების ძვლის სიმკვრივის სტანდარტულ ზომებთან ინტეგრირებამ შესაძლოა გააუმჯობესოს ოსტეოპოროზის რისკის პროგნოზირება და ხელი შეუწყოს პერსონალიზებული პრევენციული სტრატეგიების შემუშავებას.
წყარო: European Journal of Radiology

