2025 წლის 7-8 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასმა უმასპინძლა „კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმს”. ამ მასშტაბურმა სამეცნიერო ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა ექსპერტებმა მეიოს კლინიკიდან – მსოფლიოში რეიტინგით N1 ჰოსპიტალიდან, ასევე თბილისის მედიცინის ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტებმა. მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოში დარგის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ზავრაშვილი, გვესაუბრება ფორუმის წარმატებაზე და იმ გზაზე, რომელიც მეიოს კლინიკის ექიმთა გუნდის თბილისში მოწვევას უძღოდა წინ.
საიდან გაჩნდა იდეა და საჭიროება მსგავსი კონფერენციის საქართველოში ჩატარების?
საქართველოში მეიოს კლინიკის ენდოკრინოლოგიური გუნდის მოწვევის იდეა პირველად 2016 წელს გაჩნდა, როდესაც მქონდა ბედნიერება გამეცნო და მემუშავა მეიოს კლინიკის ენდოკრინოლოგიის, დიაბეტის, მეტაბოლიზმისა და ნუტრიცილოგიიის განყოფილებაში, როჩესტერში, აშშ. ამ პერიოდში ჩემი მენტორი გახლდათ ექიმი ნინა ნეთი, ამჟამად მეიოს კლინიკის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური ხელმძღვანელი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზე და მალევვე დაიბადა პირველი იდეაც. ექიმი ნინა ნეთის დიდი დამსახურებაა მეიოს ენდოკრინოლოგთა პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წელს. სწორედ ამ წელს, პირველად საქართველოში, 2 დღიანი კლინიკური კურსი ჩავატარეთ და ვუმასპინძლეთ 200-მდე პრაქტიკოს ექიმს. მაშინვე დიდი სურვილი გაჩნდა შემდგომი თანამშომლობის. საბედნიეროდ, ბევრად დიდი მასშტაბით შევძელით უკვე ახალი, მეორე ღონისძიების ჩატარება, რომელმაც 400 მდე ადგილობრივ და საერთაშორისო დელეგატს უმასპინძლა ენდოჰაბის ორგანიზებით.
მეიოს ენდოკრინოლოგთა გუნდს წარმოადგენდნენ დარგის წამყვანი ექიმები: უილიამ იანგი, ნინა ნეთი, ირინა ბანკოსი, კურტ კენელი და იფა იგანი.
რა იყო ძირითადი თემები და სიახლეები რომელიც წარადგინეს მოწვეულმა სპიკერებმა?
2 დღიანი ფორუმის განმავლობაში დაიფარა ენდოკრინოლოგიის ძირითადი საკითხები, განსაკუთრებული აქცენტი გვქონდა ენდოკრინულ ჰიპერტენზიაზე, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებზე, ოსტეოპოროზსა და დიაბეტის მართვის თანამედროვე ასპექტებზე.
ამოწმებთ თუ არა კონფერენციის შემდგომ დამსწრე ექიმების უკუკავშირს? როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის აქ მოსმენილი სიახლეები მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობას?
დიახ, ცხადია. განსაკუთრებით გვახარებს დამსწრე ექიმთა დადებითი უკუკავშირი. ვფიქრობ, რომ ის ფორმატი, რითაც ზოგადად მეიოს კლინიკა გვანებივრებს – კლინიკური შემთხვევებზე დაფუძნებული ლექციები და დისკუსიები, პრაქტიკოსი ექიმებისათვის პირდაპირი გზამკვლევი ხდება და გვიადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას ყოლევდღიურ პრაქტიკაში.
რამდენად იოლი იყო, მეიოს კლინიკის გამოჩენილი ენდოკრინოლოგების დათანხმება საქართველოში ვიზიტზე?
მეიოს კლინიკასა და საქართველოს შორის უკვე მრავალწლიანი მეგობრობაა. არაერთი გუნდი სტუმრობდა საქარველოს ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. მეიოს ექიმთა ერთ-ერთი პირველი ვიზიტი პედიატრიული მიმართულებით ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ანა მრელაშვილის დიდი დამსახურებით შედგა. მე და ანა კი პირველად მეიოში 2009 წელს ერთად აღმოვჩნდით ე. წ. სტუდენტური კლერკშიპ პროგრამის ფარგლებში. ამ დროს ალბათ ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმომედგინა, რომ მსოფლიო ლიდერი კლინიკის ექიმების მასპინძლობა შემეძლებოდა ჩვენს ქვეყანაში და არა ერთხელ.
მეიოს კლინიკის მიგნებაა ზუსტად გუნდური მუშოაბა, როცა 1 პაციენტისთვის ექიმთა გუნდები ერთიანდებიან. ასეთი გუნდური მუშაობით შევძელით ჯერ ასოციაციის დაფუძნება, ესაა ენდოჰაბი – კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია. ენდოჰაბს კი ზურგი გაუმაგრა არაერთმა ორგანიზაციამ, რეზიდენტებმა და სტუდენტებმა. ამ ძალისხმევით შევძელით 2 დღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება თბილისში.
კონფერენციის განმავლობაში, მოწვეულმა სპიკერებმა წარადგინეს რამდენიმე გამორჩეული კლინიკური შემთხვევა. რა არის ის ძირითადი სიახლეები, რომლებიც ცვლიან ენდოკირონოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის პროცესს?
ენდოკრინოლოგია ფართე დარგია, საბედნიეროდ დიდია წინსვლა და ყოველწლიურად იცვლება მიდგომები, რაც ჩვენი პაციენტების უკეთ მართვის საშუალებებს გვაძლევს. ამ 2 დღის განმავლოვაში მოვიცავით ენდოკრინოლოგიის პრაქტიკულად ყველაზე აქტულაური საკითხები, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ენდოკრინული ჰიპეტენზიის თანამედროვე მართვის ასპექტების განხილვასა და თირკმელზედა ჯირკვლის ვენების კათეტერიზაციის დანერგვას საქართველოში. ამ საკითხში დიდი წვლილი მეიოს კლინიკას და ექიმ უილიამ იანგს მიუძღვის.
მოლოდინი გვაქვს, რომ მეიოს კლინიკისა და სხვა მოწინავე საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის სამედიცინო და სამეცნიერო სფეროში.

