“ლენაკაპავირი” – გარღვევა აივ-ის პრევენციაში, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა

გააზიარე

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აივ-ის პრევენციისთვის გამოყენების ნებართვა მიანიჭა ინოვაციურ, ხანგრძლივი მოქმედების საინექციო პრეპარატს – “ლენაკაპავირს” (Lenacapavir).  ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს აივ-ის გლობალურ პრევენციაში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის. თუმცა, მისი მაღალი ფასი და ხელმისაწვდომობის პრობლემები, გლობალური მასშტაბით, კვლავ მთავარი დაბრკოლებაა.

“ლენაკაპავირის” ინოვაციური ტექნოლოგია და პრევენციის რევოლუცია

“ლენაკაპავირი” წარმოადგენს ნამდვილ გარღვევას აივ-ის პრევენციაში. ის არის პირველი და ერთადერთი ხანგრძლივი მოქმედების კაფსიდის ინჰიბიტორი, რომელიც თავისი უნიკალური მოქმედების მექანიზმით გამოირჩევა. კერძოდ, ის ხელს უშლის აივ ვირუსის რეპლიკაციის სხვადასხვა ეტაპს, მათ შორის ვირუსული დნმ-ის ბირთვში ტრანსპორტირებას, ვირუსის აწყობასა და მომწიფებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შეყვანის ინტერვალი – ინექცია მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ კეთდება. ეს რადიკალურად განსხვავდება დღეისათვის აივ-ის პრევენციისთვის არსებული სტანდარტული ორალური პრეპარატებისგან, რომლებიც ყოველდღიურ მიღებას საჭიროებს. “ლენაკაპავირის” ასეთი იშვიათი დოზირება მნიშვნელოვნად ამარტივებს პრეპარატის მიღების რეჟიმს და ზრდის მკურნალობის (პრევენციის) ადჰერენტობას, ანუ რამდენად რეგულარულად იღებენ ადამიანები პრეპარატს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებში და ისეთ პირობებში, სადაც ყოველდღიური მედიკამენტების მიღება სირთულეებს ქმნის (მაგალითად, სტიგმის, დავიწყების ან რუტინის შენარჩუნების პრობლემების გამო).

კლინიკური კვლევების შედეგები და ეფექტურობა

“ლენაკაპავირის” უპრეცედენტო ეფექტურობა და უსაფრთხოება დასტურდება მასშტაბური კლინიკური კვლევების შედეგებით, მათ შორის PURPOSE 1 და PURPOSE 2 კვლევებით.

PURPOSE 1 კვლევა ჩატარდა აივ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ქალებსა და მოზარდ გოგონებში სამხრეთ აფრიკასა და უგანდაში. ეს გეოგრაფიული მდებარეობა კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან აფრიკის ქვეყნები აივ-ის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებად რჩებიან. კვლევამ აჩვენა, რომ “ლენაკაპავირი” 100%-ით ეფექტური აღმოჩნდა აივ-ის პრევენციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის მიმღებ არცერთ მონაწილეს, კვლევის პერიოდში, არ განუვითარდა აივ ინფექცია.

PURPOSE 2 კვლევა ასევე ეფექტური აღმოჩნდა აივ ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ სხვა მაღალი რისკის ჯგუფებშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეპარატის ფართო პოტენციალს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, “ლენაკაპავირს” პაციენტები ზოგადად კარგად იტანდნენ, გვერდითი მოვლენები კი ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო. მისი ხანგრძლივი მოქმედების პროფილი ამცირებს პოტენციურ ტოქსიკურობას ხშირი დოზირებისგან, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა.

ფასი და ხელმისაწვდომობის სირთულეები

მიუხედავად უდავო ეფექტურობისა, “ლენაკაპავირის”  მაღალი ფასი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა. აშშ-ის ბაზარზე პრეპარატის საბაზრო ფასი წელიწადში დაახლოებით 28 000 აშშ დოლარია, რაც მას მიუწვდომელს ხდის მოქალაქეების უმრავლესობისთვის. ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ  მოსახლეობისთვის, ვინც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ეს საბაზრო ფასი მკვეთრად განსხვავდება გენერიკული “ლენაკაპავირის” წარმოების ღირებულებისგან. დამოუკიდებელი კვლევებით ვარაუდობენ, რომ წარმოების რეალური ღირებულება წელიწადში ერთ ადამიანზე შესაძლოა 35-46 აშშ დოლარს შეადგენდეს, ხოლო, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში (მასობრივი წარმოებისას), ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 25 აშშ დოლარამდეც შემცირდეს. ეს მნიშვნელოვანი დისპროპორციაა წარმოების ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის. ფასებს შორის სხვაობა,  საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, აქტიური განხილვის საგანია.

გლობალური და ეთიკის საკითხები

“ლენაკაპავირის” მაღალ ფასს პირდაპირი გავლენა აქვს აივ-ის პრევენციის პროგრამებზე, დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის. თუ ფინანსური ბარიერების გამო პრეპარატი არ იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი, მისი პოტენციალი გლობალური ეპიდემიის შეკავებაში, ვერ იქნება სრულად გამოყენებული. ეს ქმნის ეთიკურ დილემას: სამედიცინო მიღწევა, რომელსაც უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის ან მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამიტომ, UNAIDS და WHO აქტიურად მოუწოდებენ ფარმაცევტულ კომპანიებს (კერძოდ, Gilead Sciences-ს, პრეპარატის მწარმოებელს), რომ ითანამშრომლონ მთავრობებთან. მიზანია, შეიქმნას სამართლიანი ფასთწარმოქმნის პოლიტიკა, გაფორმდეს ლიცენზირების ხელშეკრულებები (მაგალითად, გენერიკული ვერსიების წარმოების უფლება) და შემუშავდეს განაწილების სტრატეგიები, რომ პრეპარატი სწრაფად და სამართლიანად გავრცელდეს მსოფლიო მასშტაბით.

სამომავლო პერსპექტივები და გრძელვადიანი მიზნები

“ლენაკაპავირი”  აივ-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა. მისი ინოვაციური მექანიზმი და ხანგრძლივი მოქმედება ზრდის პრევენციულ შესაძლებლობებს. თუ ხელმისაწვდომობის პრობლემა სამართლიანი ფასთწარმოქმნის, ლიცენზირების ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მოგვარდება, „ლენაკაპავირი“, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს აივ-ის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყარო და კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ლინკის საშუალებთ:

WHO. (2025). FDA approval of injectable lenacapavir marks progress for HIV prevention. 

WHO. (2024). Long-acting injectable lenacapavir proves effective in HIV prevention for women. 

WHO. (2024). Long-acting injectable lenacapavir continues to show promising results for HIV prevention. 

UNAIDS. (2025). The United States Food and Drug Administration approves long-acting injectable lenacapavir for HIV infection around the world. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები