კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 12 021 და გარდაცვალების 5 904 შემთხვევაა რეგისტრირებული – შესაბამის ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ებოლას ეპიდემია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი და სწრაფად გავრცელებადია. აფეთქების მიზეზი ბუნდიბუგიოს ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა ან სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. ებოლას სხვა ვირუსისთვის შექმნილი ვაქცინებისა და მედიკამენტების ეფექტურობა ბუნდიბუგიოს წინააღმდეგ უპირობოდ ვერ ჩაითვლება. მკვლევრები სწავლობენ შესაძლო ვარიანტებს, მათ შორის მიმდინარეობს ვაქცინა Ervebo-ს კვლევა, თუმცა აღნიშნული ვირუსის მიმართ მისი ეფექტურობა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.
ეპიდემიის წინააღმდეგ ზომების გატარების პროცესს კიდევ უფრო აფერხებს დაპირისპირება შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და სამხედროებს შორის. შეტაკებებმა სწრაფი რეაგირების ჯგუფების ნაწილს ევაკუაციის გამოცხადება აიძულა, რამაც ფაქტობრივად შეზღუდა დასახლებულ პუნქტებთან მათი წვდომა და შეაფერხა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების მონიტორინგი. ამასთან, სამკურნალო დაწესებულებები პერსონალის სიმცირეს განიცდიან.
როგორც გამოცემა ABC News განმარტავს, ეს შეფერხებები საფრთხეს უქმნის ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელ სამუშაოებს: შემთხვევების სწრაფ გამოვლენას, სამედიცინო დახმარების გაწევას, კონტაქტების მოძიებასა და უსაფრთხო დაკრძალვის უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ ებოლა ვრცელდება ინფიცირებულ სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან (მათ შორის გარდაცვლილთა სხეულთან) პირდაპირი კონტაქტით, ასევე დაბინძურებული ნივთების მეშვეობით. ბუნდიბუგიოს სპეციფიკური მკურნალობის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ექიმებს ინფიცირებულების დახმარება არ შეუძლიათ. ადრეული დამხმარე თერაპია, მათ შორის სითხეების გადასხმა, ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა და გართულებების მკურნალობა გადარჩენის შანსებს ზრდის. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის აღნიშნული სახის დახმარების მიწოდებაა, ისე, რომ დაცული იყოს მედპერსონალისა და ადგილობრივი თემების უსაფრთხოება. ყოველი შეფერხება ართულებს ინფიცირებულთა გამოვლენას მანამ, სანამ ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება.
წყარო: ABC News

