“საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Microbiology”

გააზიარე

„ახლახან საქართველოს უნივერსიტეტის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Microbiology.

სტატიაში აღწერილია სალმონელას ფაგების სასიცოცხლო ციკლთან ასოცირებული ტრანსლაციის ადაპტირების მანამდე უცნობი მოლეკულურ-გენეტიკური მექანიზმები.

ვულოცავ ამ მორიგ ბრწყინვალე კვლევასა და წარმატებას მთავარ მკვლევარსა და პირველ ავტორს, ქეთევან თაქთაქიშვილს, და თანაავტორებს: თიკო ელბაქიძეს, საბა კობახიძეს, დათიკო ჯანელიძესა და ანა გამყრელიძეს.

ასევე, ვულოცავ ამ მორიგ წარმატებას საქართველოს უნივერსიტეტსა და მის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტს“, — წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კოტეტიშვილი.

რას ეხება კვლევა?

სალმონელას (Salmonella enterica) ბაქტერიოფაგები ბაქტერიების ევოლუციას მართავენ და ფაგოთერაპიაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენენ. აქამდე მეცნიერებმა ზუსტად არ იცოდნენ, რა მოლეკულური ნიშნებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული სასიცოცხლო ციკლის მქონე, ზომიერი (temperate) და ვირულენტური (virulent), ფაგები.

ქართველმა მკვლევრებმა სალმონელას 41 ზომიერი და 41 ვირულენტური ფაგის გენომი, ჯამში კი 7 759 ცილის მაკოდირებელი გენი შეისწავლეს. კომპლექსურმა სტატისტიკურმა და ბიოინფორმატიკულმა ანალიზმა ორივე ჯგუფში მკაფიო მოლეკულური თავისებურებები გამოავლინა:

  • გენომის ზომა და არქიტექტურა: ვირულენტური ფაგები გენეტიკურად ერთმანეთისგან მეტად განსხვავდებიან და თითქმის ორჯერ დიდ გენომს ფლობენ (საშუალოდ 80 784 საბაზისო წყვილი, ზომიერი ფაგების 44 433-ის წინააღმდეგ).

  • ნუკლეოტიდური შემადგენლობა: ზომიერი ფაგები გენომში GC და GC3 ნუკლეოტიდების მნიშვნელოვნად მაღალი შემცველობით გამოირჩევიან.

  • ტრანსლაციური ადაპტაცია: ვირულენტურ ფაგებს კოდონების ადაპტაციისა (CAI-2) და ტრანსლაციის ელონგაციის (ITE) უფრო მაღალი ინდექსები აღმოაჩნდათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მასპინძელი ბაქტერიის უჯრედულ აპარატს საკუთარი ცილების სწრაფი სინთეზისთვის ბევრად ეფექტიანად იყენებენ.

  • ფუნქციური გენები: მოლეკულური განსხვავებები ხუთივე ფუნქციურ კატეგორიაში დადასტურდა, თუმცა ყველაზე მკვეთრად დნმ-ის აღდგენა/რეკომბინაციის, ბაქტერიის დაშლისა (ლიზისის) და სტრუქტურულ გენებში გამოვლინდა. ამასთან, 59 სინონიმური კოდონიდან 23-ის გამოყენების სიხშირე ფაგების ტიპების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება.

კვლევის შედეგები მომავალში ფაგებზე დაფუძნებული ანტიბაქტერიული პრეპარატების მიზნობრივ შექმნას დააჩქარებს.

სამეცნიერო სტატია იხილეთ ბმულზე: frontiersin.org

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები