ახლად შემუშავებული ინოვაციური ზურგჩანთა, რომელიც კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა, ატაქსიის მქონე პაციენტებს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ატაქსია ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც კოორდინაციის დარღვევას იწვევს. მოწყობილობა, სახელად „გიროპაკი“ (Gyropack), შემოწმდა კვლევის ფარგლებში, რომელსაც რაუდბუდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (TU Delft) და ერაზმუსის სამედიცინო ცენტრთან (Erasmus MC) თანამშრომლობით ხელმძღვანელობდა.
ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, რომ „გიროპაკს“ შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოძრაობის სტაბილურობა და შეამციროს დამხმარე საშუალებებზე პაციენტების დამოკიდებულება.
ატაქსია მაშინ ვითარდება, როდესაც ნათხემი — თავის ტვინის ის რეგიონი, რომელიც კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი — არასწორად ფუნქციონირებს, რაც წონასწორობისა და სიარულის პრობლემებს იწვევს. „ატაქსიის მქონე ადამიანები ხშირად დამხმარე საშუალებებზე არიან დამოკიდებულნი. ეს მოწყობილობები, შესაძლოა, იყოს მძიმე და მოუხერხებელი,“ — განმარტავს დოქტორი იორიკ ნონეკესი კვლევის ხელმძღვანელი რაუდბუდის სამედიცინო ცენტრიდან.
მოწყობილობა იყენებს იმავე ტექნოლოგიას, რასაც სატელიტები და კოსმოსური სადგურები სივრცეში ორიენტაციის შესანარჩუნებლად. „გიროპაკი“ შეიცავს მბრუნავ ბორბლებს, რომლებიც ტანის ზედმეტ მოძრაობას აბალანსებს და სხეულს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
კვლევის ფარგლებში 14 პაციენტზე რამდენიმე ცდა ჩატარდა: ზურგჩანთის გარეშე, მისი აქტიური ვერსიით და „ცრუ“ რეჟიმით, როდესაც გიროსკოპები მუშაობდნენ, მაგრამ პაციენტებს არ ეხმარებოდნენ.
როგორც აღმოჩნდა, პაციენტების მდგომარეობა მაშინაც კი გაუმჯობესდა, როცა ზურგჩანთა არააქტიური იყო. მისი 6-კილოგრამიანი წონა ტანის ზედა ნაწილის სტაბილიზებას უწყობდა ხელს. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი შედეგები აქტიურმა „გიროპაკმა“ აჩვენა. როგორც ექიმმა ნონეკესმა აღნიშნა, პაციენტები შესამჩნევად უფრო სტაბილურად მოძრაობდნენ და შეეძლოთ ბევრად უფრო გამართულად ევლოთ სწორ ხაზზე.
ამჟამად, მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ მოწყობილობა გახდეს უფრო მსუბუქი და კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „გიროპაკი“ ჯერ მზად არ არის ფართო გამოყენებისთვის, ნონეკესს სჯერა, რომ მომავალში ის ატაქსიის მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
წყარო: Nature

