ქრონიკულ ანთებასთან ბრძოლაში სიახლეებია – ცდომილი ნერვის სტიმულაციამ (VNS) შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მკურნალობის ტაქტიკა. ამერიკელი მეცნიერები აქტიურად იკვლევენ VNS-ს, როგორც პოტენციურ თერაპიას, რომელსაც შეუძლია ორგანიზმი ქრონიკული ანთებისგან განკურნოს, მედიკამენტების გვერდითი მოქმედების გარეშე. Northwell Health-ის Feinstein-ის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ბიოელექტრონული მედიცინის პიონერები არიან, აცხადებენ, რომ ეს ინოვაციური, არაფარმაკოლოგიური მიდგომა მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს ანთებითი პროცესების მართვაში.
რა არის ქრონიკული ანთება და რატომ არის ის საშიში?
ანთება ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა დაზიანებასა ან ინფექციაზე. ეს არის სამკურნალო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას. თუმცა, როდესაც პროცესი ხანგრძლივდება, ან არ სრულდება, ის ქრონიკული ხდება. ქრონიკული ანთება კი სერიოზული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, მათ შორის – გულის დაავადებებს, დიაბეტს, კიბოს და აუტოიმუნური მდგომარეობებს. მსოფლიოში სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი სწორედ ქრონიკულ ანთებას უკავშირდება, რაც ხაზს უსვამს მისი ეფექტური მართვის გადაუდებელ საჭიროებას.
ცდომილი ნერვი – ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ხიდი
ცდომილი ნერვი (Vagus Nerve) სხეულის ყველაზე დიდი და რთული ნერვია. ის ტვინიდან იწყება და სხეულის მრავალ სასიცოცხლო ორგანოს უკავშირდება, მათ შორისაა გული, ფილტვები, კუჭი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ელენთა და ღვიძლი. ცდომილი ნერვი მოიცავს მგრძნობიარე, მამოძრავებელ და ვეგეტატიურ ბოჭკოებს, რაც მას აქცევს ორგანიზმის ერთგვარ საკომუნიკაციო „ხიდად“, რომელიც ტვინსა და შინაგან ორგანოებს შორის ორმხრივ კომუნიკაციას ამაყარებს.
ეს ნერვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის და ანთებითი რეაქციების რეგულირებაში. ის აკონტროლებს ე.წ. “ანთებითი რეფლექსის” პროცესს, რომლის დროსაც ტვინიდან ნერვული სიგნალები იგზავნება ელენთაში. ეს იწვევს ანთების საწინააღმდეგო მოლეკულების, მაგალითად, ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის, გამოყოფას. აცეტილქოლინი, თავის მხრივ, ურთიერთქმედებს იმუნურ უჯრედებთან და ეფექტურად ამცირებს ანთების გამომწვევ ციტოკინებს, როგორიცაა TNF-alpha (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა) და IL-6 (ინტერლეიკინი-6), რომლებიც ქრონიკული ანთების ძირითადი გამომწვევები არიან.
როგორ მუშაობს VNS? ტექნოლოგია და მექანიზმი
ცდომილი ნერვის სტიმულაცია ბიოელექტრონული მედიცინის წამყვანი მიმართულებაა. სპეციალური მოწყობილოებებით ელექტრულ იმპულსებს აწვდიან ცდომილ ნერვს და მას ასტიმულირებენ. ეს იმპულსები „გადააწყობენ“ იმუნურ პასუხს და ამცირებენ ანთებას, ნერვული სიგნალების მეშვეობითა და ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო მექანიზმების გააქტიურებით. არსებობს VNS-ის გამოყენების ორი ძირითადი მეთოდი:
- ქირურგიული იმპლანტაცია: მცირე ზომის მოწყობილობა, დაახლოებით 50 ცენტიანი მონეტის სიდიდის, კისრის მიდამოში, , კანქვეშ ინერგება. ის სადენების მეშვეობით უშუალოდ ცდომილ ნერვს უკავშირდება და მას პერიოდულ ელექტრულ იმპულსებს აწვდის. ეს მეთოდი უკვე დამტკიცებულია ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ეპილეფსიის სამკურნალოდ
- არაქირურგიული სტიმულაცია: ამ შემთხვევაში, გარე მოწყობილობები სტიმულაციას კანის მეშვეობით ახდენენ. ეს შეიძლება მოხდეს კისრის ან ყურის გარკვეულ უბნებზე, სადაც ცდომილი ნერვის ტოტები ზედაპირთან ახლოსაა. ეს მეთოდი ნაკლებ ინვაზიურია და მიმდინარეობს კვლევები, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მის ფართო გამოყენებაზე.
მკურნალობის პერსპექტივები და სარგებელი: VNS-ის ფართო სპექტრი
VNS-ს დიდი პოტენციალი აქვს მრავალი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.. ასევე, კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შემდეგი დაავადებები:
აუტოიმუნური დაავადებები: ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს VNS-ის კვლევა რევმატოიდული ართრიტის (RA) და ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნათ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წამლების გარეშეც, რაც VNS-ს მედიკამენტების ალტერნატივად ან დანამატად აქცევს.
მეტაბოლური დაავადებები: მიმდინარეობს კვლევები სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან VNS-ს შეუძლია გავლენა იქონიოს სიმაძღრის შეგრძნებაზე.
ნეიროდეგენერაციული დაავადებები: VNS-ის პოტენციალს სწავლობენ ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების მართვაში, სადაც ნეირონების ანთება მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ფსიქიატრიული და ნევროლოგიური მდგომარეობები: VNS უკვე დამტკიცებულია ეპილეფსიის, რეზისტენტული დეპრესიის, თავის ტკივილისა და ინსულტის შემდგომი აღდგენისთვის. მას ბიპოლარული აშლილობისა და შაკიკის მართვის შესაძლებლობაც აქვს.
გულის დაავადებები: Feinstein-ის ინსტიტუტებში მიმდინარეობს კვლევები, თუ როგორ შეუძლია VNS-ს გავლენა მოახდინოს გულისცემაზე და შეამციროს ანთება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა მისი მიზანმიმართული და არაფარმაკოლოგიური მოქმედებაა, რომელიც ანთებას ამცირებს კონკრეტულ არეალში, გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანით.
უსაფრთხოება და სამომავლო გამოწვევები
VNS ზოგადად უსაფრთხოა და მარტივად გადაიტანება. არაქირურგიული სტიმულაციის შემთხვევაში, შესაძლოა, აღინიშნოს კანის მსუბუქი გაღიზიანება, დროებითი ხველა ან ხმის ჩახლეჩა.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, VNS ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა. მაგალითად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) ჯერ არ დაუმტკიცებია VNS ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. ამასთან, ტექნოლოგიის ფართოდ გამოყენებისთვის აუცილებელია დამატებითი მასშტაბური კლინიკური კვლევები, რომ დადასტურდეს მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება და ეფექტურობა. სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ, რომ დაგროვდეს მეტი მტკიცებულება VNS-ის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
გამოყენებული მასალა
Northwell Health. How vagus nerve stimulation calms chronic inflammation.

