აქამდე გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტწილად ცხოვრების წესსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, ვეიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის (Weizmann Institute of Science) მკვლევართა ახალმა ნაშრომმა სრულიად განსხვავებული შედეგები აჩვენა.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით, შესაძლოა, გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული.
რა აჩვენა კვლევამ?
აქამდე ჩატარებული კვლევები „მემკვიდრეობითობას“ (heritability), ანუ გენეტიკის წილს სიცოცხლის ხანგრძლივობაში, 6%-დან 33%-მდე აფასებდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავდა, რადგან ისინი არ ითვალისწინებდნენ ე.წ. „გარეშე ფაქტორებით გამოწვეულ სიკვდილიანობას“ (extrinsic mortality), როგორიცაა, მაგალითად, უბედური შემთხვევები, ინფექციური დაავადებები თუ სხვა გარე ფაქტორები.
სტატისტიკურ მონაცემებს ხშირად ისეთი გარემოებები ამახინჯებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმთან კავშირში არ არის. მათემატიკური მოდელირებისა და დანიელი და შვედი ტყუპების ისტორიული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მეცნიერებმა „ბიოლოგიური დაბერების“ მექანიზმი გამოიკვლიეს. შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც გარეგანი ფაქტორების გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი, გენეტიკური ფაქტორის როლი დაბერების პროცესში 50%-მდე იზრდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კვლევა?
სპეციფიკური გენების სიღრმისეული შესწავლა იმ მექანიზმების გაგების საშუალებას იძლევა, რომლებიც ადამიანის „შინაგანი საათის“ მუშაობას წარმართავენ. მსგავსი აღმოჩენები სამომავლოდ შესაძლოა იქცეს თერაპიად, რომელიც დაბერების ტემპს შეანელებს და ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს კომპლექსურად შეებრძოლება.
აღნიშნულ ჰიპოთეზას ას წელს მიღწეულ ადამიანებზე დაკვირვებაც ამყარებს, რომელთა 20% ყოველგვარი დაუძლურების გარეშე 100 წლის ასაკს აღწევს. ყოველივე ეს მათ ორგანიზმში არსებულ „დამცავ გენეტიკურ ეფექტზე“ მიანიშნებს.
მიუხედავად გენეტიკის გადამწყვეტი როლისა, სიცოცხლის ხანგრძლივობის განმსაზღვრელი დარჩენილი 50% კვლავაც ისეთ ცვლადებზე მოდის, როგორიცაა, მაგალითად, კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა, სოციალური ურთიერთობები და ეკოლოგიური გარემო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მემკვიდრეობითობის თვალსაზრისით ადამიანი სხვა ძუძუმწოვრების იდენტურ შედეგს აჩვენებს, რაც იმედს იძლევა, რომ ლაბორატორიულ პირობებში გამოცდილი დაბერების საწინააღმდეგო მეთოდები ადამიანებზეც ეფექტური აღმოჩნდება.
საბოლოო ჯამში, გენეტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება და გარეგანი რისკების შემცირება მაინც აუცილებელ პირობად რჩება.
წყარო: Science

