ცოფის შემთხვევა წალკაში: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო ღონისძიებები დაიწყო

გააზიარე

წალკის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დაავადება გარეულ ცხოველს – მელას დაუდასტურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის მოკვლევით გაირკვა, რომ დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები.

ინფექციის კერის ლოკალიზაციის მიზნით, ტარდება შემდეგი სამუშაოები:

  • ინფექციის კერის დეზინფექცია;

  • ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია;

  • ცხოველთა გადაადგილებაზე მკაცრი ზედამხედველობა;

  • დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.

მიმდინარე წელს საქართველოში ცოფის სულ 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 300 ათასამდე შინაურ ცხოველს უფასოდ ცრის და მოუწოდებს მოსახლეობას, პრევენციის მიზნით, აუცილებლად აცრან საკუთარი ძაღლები და კატები. სპეციალისტების განმარტებით, დაავადების აღმოსაფხვრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ვაქცინაციასა და უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლს ენიჭება.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები