კვლევა: ომის გავლენა სამოქალაქო პირების ჯანმრთელობაზე 50 წლის შემდეგაც არ ქრება

გააზიარე

ბუფალოს უნივერსიტეტის სოციოლოგების უახლესი კვლევის თანახმად, ბავშვობის ასაკში გადატანილი საომარი კონფლიქტები და ძალადობა ხანდაზმულობაში ქრონიკული ტკივილის განვითარების მაღალ რისკთან პირდაპირ კავშირშია.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Journal of Health and Social Behavior-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ომის გავლენას სამოქალაქო პირების ჯანმრთელობაზე ათწლეულების შემდეგაც კი.

მეცნიერების განმარტებით, ფსიქოლოგიური სტრესი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფიზიკური ტკივილის ჩამოყალიბებაში. კვლევის ავტორებით თქმით, ბავშვობის ასაკში გადატანილი შიში და სტრესი იმ ფიზიკურ შეზღუდვებთან პირდაპირ კავშირშია, რომლებიც ადამიანს წლების შემდეგ უვლინდება.

კვლევის თანახმად, ომის გავლენა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება, რაც სპეციფიკური ინტერვენციების საჭიროებას განაპირობებს. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სტრესთან გამკლავების ჯანსაღი მექანიზმების სწავლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა, მაგალითად, თამბაქოს მოხმარება, რასაც ისინი ფსიქოლოგიური ზეწოლის შესამსუბუქებლად ხშირად მიმართავენ.

რაც შეეხება სასკოლო ასაკის მოზარდებს, მათთვის გადამწყვეტ ფაქტორს კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნება წარმოადგენს, რაც სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ტრაექტორიის შენარჩუნებასა და ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე ნეგატიური ჯანმრთელობის გამოსავლების პრევენციას ხელს უწყობს.

მკვლევრებმა 2018 წლის ვიეტნამის ჯანმრთელობისა და დაბერების კვლევის (VHAS) მონაცემები გამოიყენეს, რომელშიც 2400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ იმ რეგიონებში, სადაც დაბომბვების ინტენსივობა მაღალი იყო, ხანდაზმულ მოსახლეობაში ქრონიკული ტკივილის შემთხვევები საგანგაშოდ ხშირია.

კვლევის ავტორები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებენ, რომ ომისშემდგომი რეაბილიტაციის პროგრამები მხოლოდ ვეტერანებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია სამოქალაქო პირების, განსაკუთრებით კი ბავშვების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაში ინვესტირება, რათა მომავალში ქრონიკული დაავადებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების განვითარება თავიდან იქნას აცილებული.

წყარო: Journal of Health and Social Behavior

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები