კვლევა: სკოლის მოსწავლეები დეპრესიას პანდემიის დროს უფრო იშვიათად განიცდიდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრებისას

გააზიარე

გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ პანდემიამ და იზოლაციამ მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედა, ნაგოიას უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. ტოკიოელი მოზარდები ლოკდაუნის პერიოდში დეპრესიას უფრო იშვიათად განიცდიდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრების დროს.

ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომი უნიკალურია იმით, რომ მეცნიერები სტუდენტებს პანდემიის დაწყებამდეც აკვირდებოდნენ, რაც ცვლილებების ზუსტი ანალიზის საშუალებას იძლევა.

რა აჩვენა კვლევამ?

კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიამდე სტუდენტები ჯანსაღ მენტალურ მდგომარეობაში 11-ჯერ უფრო მეტად იყვნენ, ვიდრე დეპრესიულში. ლოკდაუნის დროს კი ეს მაჩვენებელი 15-18-მდე გაიზარდა. კვლევისთვის მეცნიერებმა მეთოდი გამოიყენეს, რომელსაც „ენერგეტიკული ლანდშაფტის ანალიზი“ ეწოდება.

„ენერგეტიკული ლანდშაფტის ანალიზი“ მეცნიერული მეთოდია, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას ვიზუალურ რუკაზე გამოსახავს, სადაც ჯანსაღი და დეპრესიული განწყობები ორმოებს წააგავს. რაც უფრო ღრმაა ორმო, მით უფრო სტაბილურია მასში არსებული მდგომარეობა და ადამიანს იქიდან ამოსასვლელად მეტი ენერგია სჭირდება.

კვლევამ აჩვენა, რომ ლოკდაუნის დროს ტოკიოელი მოზარდებისთვის „ჯანსაღი ორმო“ გაცილებით გაღრმავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის პოზიტიურ მენტალურ მდგომარეობაში ყოფნა 15-18-ჯერ უფრო ბუნებრივი და მყარი გახდა. ამავდროულად, დეპრესიული მდგომარეობის ორმო დათხელდა, რამაც მათ, ვისაც ფსიქოლოგიური სირთულეები ჰქონდა, ჯანსაღ განწყობაზე დაბრუნება ბევრად გაუადვილა.

მკვლევარებმა მოზარდების ორი ძირითადი ჯგუფი გამოყვეს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში განსხვავებული ფსიქოლოგიური რეაქციები ჰქონდათ. მათი იდენტიფიცირება იმის მიხედვით მოხდა, თუ რამდენად სტაბილური იყო იზოლაციის დროს მათი მენტალური მდგომარეობა.

პირველ ჯგუფში მოხვდა მოზარდების უმრავლესობა (73%), რომლებიც დეპრესიას თითქმის არასოდეს განიცდიდნენ. მათი ფსიქიკური მდგომარეობა ლოკდაუნის განმავლობაში მდგრადი აღმოჩნდა და მათ პრაქტიკულად არავითარი სერიოზული ემოციური რყევები არ გამოუვლენიათ.

მეორე, ე.წ. მერყევ ჯგუფში გაერთიანდნენ ის მოზარდები, რომელთა დეპრესიული განწყობაც პერიოდულად ჩნდებოდა და ქრებოდა. მათი ემოციური მდგომარეობა დინამიკური იყო და ხშირად ჯანსაღ განწყობასა და დეპრესიულ ეპიზოდებს შორის იცვლებოდა.

MRI სკანირებამ ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური განსხვავებაც გამოავლინა. კერძოდ, მერყევ ჯგუფში ტვინის იმ რეგიონებში, რომლებიც მაღალ კოგნიტურ ფუნქციებთანაა დაკავშირებული, ცვლილებები ბევრად უფრო სწრაფად ხდებოდა, რაც მათ ემოციურ არასტაბილურობას ხსნის.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბევრი მოზარდისთვის ლოკდაუნი იმ ყოველდღიური ფსიქოლოგიური სტრესისგან შვება აღმოჩნდა, რომელსაც სკოლა და სოციალური აქტივობები იწვევს. ჩვეულებრივი რუტინის გაჩერებამ მათ საშუალება მისცა, სოციალური წნეხისთვის თავი დაეღწიათ.

წყარო: Plos

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები