სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის (NUS Medicine) მეცნიერებმა გამოავლინეს ჰიპოკამპის აქამდე უცნობი როლი მეხსიერების ფორმირებაში, რაც ცხადჰყოფს, თუ როგორ აძლიერებს სოციალური ურთიერთობები ტვინის უნარს, გარდაქმნას ხანმოკლე გამოცდილება ხანგრძლივ მოგონებებად.
ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ჰიპოკამპი, რომელიც აღიარებულია, როგორც ტვინის მეხსიერების მთავარი ცენტრი, გადამწყვეტია გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებაში. ამ სტრუქტურის შიგნით მდებარეობს ნაკლებად გამოკვლეული ქვე-რეგიონი, CA2.
NUS Medicine-ის მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ CA2 აქტიურდება სოციალური ურთიერთობების დროს და სწორედ ამ მოქმედებით აძლიერებს მეხსიერების შენარჩუნების პროცეს ხანგრძლივ პერსპექტივაში.
ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მეცნიერებმა სპეციალური მეთოდით (ქემოგენეტიკა) CA2 რეგიონი დროებით გათიშეს, სოციალურ ურთიერთობებს მეხსიერების გაძლიერების უნარი დაეკარგა. ამ მიგნებამ დაადასტურა CA2-ის საკვანძო როლი.
შემდგომმა ანალიზმა გამოავლინა, რომ CA2 ნეირონები გრძელვადიან მეხსიერებას აყალიბებენ CA1 რეგიონთან თანამშრომლობით. ისინი იყენებენ პროცესს, რომელსაც მეტაპლასტიურობა ეწოდება – ის უზრუნველყოფს ტვინში არსებული მეხსიერების ცილების გაძლიერებას.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოციალური ურთიერთობა ბიოლოგიური აუცილებლობაა, და არა მხოლოდ სასიამოვნო აქტივობა. ის უშუალოდ ცვლის ტვინის მუშაობას.
მიღებული შედეგები ხსნის, თუ რატომ არის მარტოობა და ხანგრძლივი სოციალური იზოლაცია მჭიდროდ დაკავშირებული მეხსიერების დაქვეითებასთან და ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა დემენცია. კვლევა ასევე განმარტავს, თუ რატომ თანაარსებობს სოციალური და მეხსიერების დარღვევები ფსიქიატრიული აშლილობების დროს.
NUS Medicine-ის მეცნიერების აზრით, CA2-დან CA1-ზე კავშირების გაძლიერება შეიძლება გახდეს ახალი სტრატეგია მეხსიერების ფუნქციის გადარჩენისთვის მოწყვლად ჯგუფებში (მაგალითად, ხანდაზმულებში) და დემენციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პოტენციური სამომავლო ინტერვენციები შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ მედიკამენტებს, ტვინის სტიმულაციის მეთოდებს ან ცხოვრების წესზე დაფუძნებულ თერაპიებს.
წყარო: PNAS

