კვლევა: წერის სიჩქარე და ხელწერა შესაძლოა ტვინის მუშაობის გაუარესების ადრეული ნიშანი იყოს

გააზიარე

ხელწერა იმაზე მეტს ამბობს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ხანდაზმულ ასაკში წერის ტემპისა და სტრუქტურის ცვლილება, შესაძლოა, ტვინის მუშაობის გაუარესების ადრეული ინდიკატორი იყოს. პორტუგალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წერა არა მხოლოდ მოტორული აქტივობა, არამედ ტვინში მიმდინარე პროცესების ერთგვარი ასახვაა, რადგან ის მოითხოვს ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა, მაგალითად, სენსორული ინფორმაციის შერჩევა, ორგანიზება და ინტერპრეტაცია.

ევორას უნივერსიტეტის მკვლევრებმა 62-დან 92 წლამდე ასაკის 58 ხანდაზმული ადამიანი შეისწავლეს, რომელთაგან 38-ს კოგნიტური დარღვევების დიაგნოზი ჰქონდა. ექსპერიმენტის დროს მონაწილეები ციფრულ პლანშეტზე სპეციალური კალმით ასრულებდნენ სხვადასხვა სირთულის დავალებებს, მათ შორის ხაზების გავლებისა და წერტილების დასმას, ასევე ტექსტის გადაწერასა და კარნახით წერას. მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ, შეძლებდა თუ არა წერის პროცესზე დაკვირვება კოგნიტური გაუარესების ნიშნების უფრო ადრეულ აღმოჩენას, ვიდრე ამას ტრადიციული ტესტები ახერხებს.

კვლევამ აჩვენა, რომ მარტივი მოტორული დავალებები, როგორიცაა ხაზების ხაზვა ან ტექსტის უბრალო გადაწერა, ჯგუფებს შორის განსხვავებას ვერ ავლენს, რადგან ისინი ტვინისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუმცა, მკაფიო სხვაობა გამოჩნდა კარნახით წერის დროს, რაც ტვინისგან ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის მობილიზებას ითხოვს: მოსმენას, ენობრივ დამუშავებას, ბგერის ასოებად გარდაქმნასა და მოძრაობის კოორდინაციას. კოგნიტური დარღვევების მქონე ჯგუფში წერის დაწყების დრო საგრძნობლად ხანგრძლივი იყო, მოძრაობები — ფრაგმენტული, ხოლო რთული წინადადებების დროს ასოების ზომა და წერის საერთო ხანგრძლივობა საგრძნობლად იცვლებოდა.

მეცნიერების განმარტებით, წერის სიჩქარე და ხაზების სიზუსტე პირდაპირ მეხსიერებასა და თვითკონტროლზეა დამოკიდებული. როგორც კი ტვინის ეს ფუნქციები სუსტდება, ხელწერა ნელი, წყვეტილი და ნაკლებად კოორდინირებული ხდება. მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ ციფრულ პლანშეტებზე დაფუძნებული წერის ეს მარტივი და არაინვაზიური მეთოდი მომავალში ხელმისაწვდომ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტად იქცევა, რომლის ინტეგრირებაც ექიმის კაბინეტში, რუტინული შემოწმებისას ადვილად იქნება შესაძლებელი სპეციალური ან ძვირადღირებული აღჭურვილობის გარეშე.

წყარო: frontiers

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები