ბოლო წლებში კანაფის ლეგალიზაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საზოგადოებრივ და ჯანდაცვის თემად იქცა. ზოგიერთი ქვეყანა კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ირჩევს, ზოგი კი მის სრულ ან ნაწილობრივ ლეგალიზაციას. თუმცა, მთავარი კითხვა კვლავ უცვლელია: იწვევს თუ არა ლეგალიზაცია კანაფის მოხმარებისა და დამოკიდებულების ზრდას?
2026 წლის ივნისში სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Psychiatry გამოქვეყნებულმა ფართომასშტაბიანმა საერთაშორისო კვლევამ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი პასუხები გასცა. კვლევის ავტორებმა 2000-2025 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული კანაფის პოლიტიკის ცვლილებები შეისწავლეს და მათი გავლენა შეაფასეს კანაფის მოხმარებაზე, დამოკიდებულებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დასკვნა ისაა, რომ კანაფის დეკრიმინალიზაცია თავისთავად არ იწვევს მოხმარების ზრდას. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც კანაფის ფლობა პირადი მოხმარებისთვის მხოლოდ დეკრიმინალიზდა, მოსახლეობაში მოხმარების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა იმ სახელმწიფოებშიც, სადაც კანაფი ლეგალურია, მაგრამ მისი წარმოება და გაყიდვა მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.
ამის ნათელი მაგალითია Uruguay. ქვეყანა, რომელმაც 2013 წელს მსოფლიოში პირველმა დააკანონა კანაფი, დღესაც ინარჩუნებს მკაცრ რეგულაციებს. ზრდასრულ მოქალაქეებს კანაფის შეძენა მხოლოდ განსაზღვრული გზებით შეუძლიათ, მაგ: ლიცენზირებულ აფთიაქებში, სოციალური კლუბების მეშვეობით ან შეზღუდული რაოდენობით სახლში მოყვანით. ამ მოდელში სახელმწიფოს შეუძლია გააკონტროლოს როგორც პროდუქტის ხარისხი, ასევე მისი სიმძლავრე და ხელმისაწვდომობა. კვლევის მიხედვით, ურუგვაიში კანაფის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.
სრულიად განსხვავებული სურათი შეინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის ბაზარი კომერციალიზებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია კანადა და შეერთებული შტატები, სადაც კანაფის ინდუსტრია მრავალმილიარდიან ბიზნესად ჩამოყალიბდა. კვლევამ აჩვენა, რომ კომერციული ლეგალიზაციის შემდეგ გაიზარდა როგორც მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე ბაზარზე არსებული პროდუქტების THC- ის (აქტიური სუბსტანცა) კონცენტრაცია. ეს სწორედ ის ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც კანაფის ძირითად ეფექტებს განაპირობებს. ამასთან ერთად გაიზარდა კანაფზე დამოკიდებულების შემთხვევებიც.
მკვლევრების შეფასებით, პრობლემა თავად ლეგალიზაცია კი არა, არამედ კომერციული ინტერესებია. როდესაც კერძო კომპანიებს მოგების მიღება სურთ, ისინი ცდილობენ მომხმარებლებს უფრო ძლიერი, იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტი შესთავაზონ. მსგავსი პროცესები ისტორიულად თამბაქოსა და ალკოჰოლის ინდუსტრიებშიც შეინიშნებოდა. შედეგად იზრდება არა მხოლოდ მოხმარება, არამედ ჯანმრთელობისთვის ზიანის რისკიც.
კვლევამ ყურადღება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც გაამახვილა. კომერციული ბაზრების პირობებში გაიზარდა ფსიქოზთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა. განსაკუთრებით მაღალი რისკი აღინიშნა იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად მოიხმარენ მაღალი პოტენციის კანაფს. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ფსიქოზისა და კანაფის კავშირი განსაკუთრებით საყურადღებოა ახალგაზრდებში და იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ ფსიქიკური დაავადებების განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობა.
საინტერესოა ისიც, რომ ამავე კვლევაში განხილული იყო სამედიცინო კანაბინოიდების ეფექტურობა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ ეტაპზე ძლიერი მტკიცებულებები არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ კანაბინოიდები ეფექტურად მკურნალობენ დეპრესიას, შფოთვით აშლილობებს ან პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. გარკვეული სარგებელი დაფიქსირდა მხოლოდ ცალკეულ მდგომარეობებში, მაგალითად უძილობის ზოგიერთი ფორმის დროს.
თანამედროვე სამეცნიერო მონაცემები მიუთითებს, რომ კანაფის ლეგალიზაციის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ეს პროცესი. დეკრიმინალიზაცია და სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებული მოდელები, როგორც ჩანს, არ იწვევს მოხმარებისა და დამოკიდებულების მნიშვნელოვან ზრდას. ამის საპირისპიროდ, კომერციული და მოგებაზე ორიენტირებული ბაზრები ასოცირდება უფრო ხშირ მოხმარებასთან, უფრო ძლიერ პროდუქტებთან და დამოკიდებულებისა თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდასთან. სწორედ ამიტომ, ექსპერტების აზრით, მომავლის მთავარი კითხვა აღარ არის უნდა ლეგალიზდეს თუ არა კანაფი, არამედ რა ფორმით უნდა მოხდეს მისი რეგულირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

