მანჩესტერის უნივერსიტეტის მასშტაბური კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელებში გატარებული დრო ან კომპიუტერული თამაშებით გატაცება პირდაპირ კავშირში არ არის მოზარდებში დეპრესიისა და შფოთვის განვითარებასთან. ეს დასკვნა განსაკუთრებით აქტუალურია ბრიტანეთში იმ ფონზე, როდესაც მთავრობა, ავსტრალიის მსგავსად, 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას განიხილავს.
მკვლევარები სამი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 25,000 მოზარდს (11-დან 14 წლამდე). მეცნიერები სწავლობდნენ მათ ყოველდღიურ ჩვევებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, Instagram და Snapchat, ასევე ვიდეო თამაშებით გართობის სიხშირესა და მათ ემოციურ მდგომარეობას.
კვლევის ძირითადი მიგნებები
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის გამოყენების ინტენსივობის ზრდას არ ჰქონია უარყოფითი ეფექტი მოზარდების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში, მერვედან მეათე კლასამდე პერიოდში ეკრანთან გატარებული დროის მატება არ აღმოჩნდა მომდევნო წლის განმავლობაში შფოთვის ან დეპრესიის სიმპტომების გამომწვევი მიზეზი. მონაცემები ადასტურებს, რომ თავისთავად სოციალური ქსელების მოხმარება არ განსაზღვრავს მოზარდის ემოციურ კეთილდღეობას.
მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს, თუ რა ფორმით იყენებდნენ ახალგაზრდები ციფრულ პლატფორმებს. იქნებოდა ეს მეგობრებთან აქტიური მიმოწერა, ისტორიების გამოქვეყნება თუ უბრალოდ სიახლეების პასიური დათვალიერება (ე.წ სქროლვა). შედეგებმა აჩვენა, რომ არცერთ ამ აქტივობას არ გამოუწვევია ემოციური გაუარესება. ეს მიგნება ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კონტენტის პასიური მოხმარება ავტომატურად აუარესებს მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა მიზეზ-შედეგობრიობის გადააზრებაა. მეცნიერთა განმარტებით, ტექნოლოგია კი არ განაპირობებს ადამიანის განწყობას, არამედ პირიქით, მოზარდების არჩევანი, თუ რამდენ დროს დახარჯავენ სოციალურ მედიაში ან თამაშებში, შესაძლოა სწორედ მათი იმ მომენტალური ემოციური მდგომარეობით იყოს ნაკარნახევი. შესაბამისად, ტექნოლოგიის დადანაშაულების ნაცვლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა გარემოში უწევთ მოზარდებს ყოველდღიური ცხოვრება და რამდენად გრძნობენ ისინი რეალურ მხარდაჭერას.
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრობლემა არა ეკრანთან გატარებულ დროში, არამედ უშუალოდ გამოცდილებასა და იესეთ შიგთავსშია, როგორებიცაა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, ონლაინ ზეწოლა ან ექსტრემალური შინაარსის მასალები. ვინაიდა ისინი კვლავ რჩებიან საფრთხედ მოზარდების კეთილდღეობისთვის.
წყარო: The Guardian

