ზაფხულის პერიოდში ინტენსიური სიცხისა და გახანგრძლივებული თბური ტალღების პირობებში ადამიანის ორგანიზმი ააქტიურებს კომპენსატორულ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომელთა მიზანია სხეულის შიდა ტემპერატურის 36.5–37.5°C-ის ფარგლებში შენარჩუნება. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს ოფლის სეკრეციის გაძლიერება, კანის სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია), კანისკენ სისხლის ნაკადის ზრდა და გულის წუთმოცულობის მატება, რაც ორგანიზმიდან ჭარბი სითბოს გარემოში გამოშვებას უზრუნველყოფს. თუმცა, სხვადასხვა მედიკამენტმა შესაძლოა დაარღვიოს აღნიშნული ადაპტაციური მექანიზმების ფუნქციონირება, რის შედეგადაც მცირდება ორგანიზმის უნარი ეფექტურად ადაპტირდეს მაღალ ტემპერატურასთან და იზრდება დეჰიდრატაციის, გამოფიტვისა და სიცოცხლისთვის საშიში სითბური დარტყმის განვითარების რისკი.
აღნიშნული ფარმაკოლოგიური რისკები განსაკუთრებით საყურადღებოა მოწყვლადი პაციენტებისთვის, რომელთა იდენტიფიცირებაც კლინიკურ პრაქტიკაში პრიორიტეტულია. მაღალ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ჩვილები, მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის ან მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტები, კოგნიტიური დარღვევების მქონე ადამიანები, ასევე სოციალური იზოლაციის პირობებში მცხოვრები ან ისეთი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს მქონე პირები, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება განსაკუთრებით ინტენსიურია. ამ ჯგუფებში მედიკამენტური თერაპიის გავლენა თერმორეგულაციაზე შესაძლოა უფრო გამოხატული იყოს.
ანსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტების ბალანსზე ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის თერმული სტრესისადმი ადაპტაციურ რეაქციებზე. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება დიურეტიკები, საფაღარათო საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები (სარტანები), ბეტა-ბლოკერები, ფსიქოტროპული საშუალებები — განსაკუთრებით ანტიფსიქოზური პრეპარატები —, ანტიქოლინერგული მედიკამენტები, ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატი, ასევე თანამედროვე ანტიდიაბეტური საშუალებები, მათ შორის SGLT2 ინჰიბიტორები, DPP-4 ინჰიბიტორები და GLP-1 რეცეპტორის აგონისტები.
ზემოაღნიშნული მედიკამენტებიდან ზოგიერთი განსაკუთრებით ზრდის დეჰიდრატაციის განვითარების რისკს, რადგან გავლენას ახდენს ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტების ბალანსზე. დიურეტიკები აძლიერებს შარდით სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, ხოლო საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივმა ან ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს სითხის დეფიციტი. მსგავსი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს SGLT2 ინჰიბიტორების გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან შარდით გლუკოზისა და წყლის გამოყოფას. მაღალი ტემპერატურის პირობებში დეჰიდრატაცია განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ამცირებს ორგანიზმის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ეფექტური ოფლიანობა და ჭარბი სითბოს გაფანტვა, რაც ზრდის სითბური დაავადებების განვითარების რისკს.
სიცხის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მედიკამენტებსაც, რომლებიც თირკმლის ფუნქციაზე მოქმედებენ. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (NSAIDs), მათ შორის კოქსიბებმა და ანთების საწინააღმდეგო დოზით მიღებულმა ასპირინმა, შესაძლოა თირკმელში სისხლის მიმოქცევა შეამციროს, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის პირობებში. თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი ასევე დაკავშირებულია ACE ინჰიბიტორებთან, სარტანებთან, ზოგიერთი ანტიდიაბეტური პრეპარატთან, ამინოგლიკოზიდური და სულფონამიდური ანტიბიოტიკების ნაწილთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან, ინდინავირთან და იოდშემცველ საკონტრასტო საშუალებებთან.
დეჰიდრატაციამ შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი მედიკამენტის ფარმაკოკინეტიკა და გაზარდოს მათი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი. განსაკუთრებით საყურადღებოა ლითიუმის პრეპარატები, დიგოქსინი, ზოგიერთი ანტიარითმიული და ანტიეპილეფსიური საშუალება. მაღალი ტემპერატურის პირობებში შესაძლოა დაჩქარდეს ინსულინის აბსორბცია, რაც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობას. ამასთანავე, გამოხატული დეჰიდრატაციის ფონზე შესაძლოა შეიცვალოს სტატინებისა და ფიბრატების უსაფრთხოების პროფილიც, რაც ზრდის არასასურველი ეფექტების განვითარების რისკს.
თერმორეგულაციის დარღვევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმ მედიკამენტებს, რომლებიც ცენტრალურ ან პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ. ანტიფსიქოზური პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ლითიუმი, ტრიპტანები, ბუსპირონი და ზოგიერთი ოპიოიდური ანალგეტიკი გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსის თერმორეგულაციურ მექანიზმებზე. ანტიქოლინერგული მედიკამენტები ამცირებს ოფლის გამოყოფას, რის შედეგადაც ორგანიზმს სითბოს ეფექტური გაფანტვა უჭირს. გარდა ამისა, ბეტა-ბლოკერებმა და ზოგიერთმა დიურეტიკმა შესაძლოა შეამციროს გულის წუთმოცულობის ადაპტაციური ზრდა, რომელიც მაღალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია.
გარკვეული მედიკამენტები, პირიქით, ოფლიანობის გაძლიერებას იწვევს. მათ შორისაა პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა პილოკარპინი, ასევე აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორები — დონეპეზილი, გალანტამინი, რივასტიგმინი და ნეოსტიგმინი. ჭარბმა ოფლიანობამ შესაძლოა დამატებით გააძლიეროს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი შევსება ადეკვატურად არ ხდება.
სიცხის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მედიკამენტების გამოყენებისას, რადგან მათ შეუძლიათ არტერიული წნევის ზედმეტად შემცირება და ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება. ამავდროულად, საძილე საშუალებები, ანქსიოლიტიკები, ანტიფსიქოზური და ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ამცირებს სიფხიზლესა და გარემო პირობების ადეკვატური შეფასების უნარს, რის გამოც პაციენტმა შესაძლოა დროულად ვერ შეამჩნიოს გადახურების ადრეული ნიშნები.
მაღალი ტემპერატურის სეზონზე მნიშვნელოვანია ფოტომგრძნობელობის გამომწვევი მედიკამენტების გათვალისწინებაც. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება კეტოპროფენისა და დიკლოფენაკის ადგილობრივი გელები, იზოტრეტინოინი, ფტორქინოლონები, ტეტრაციკლინები, სულფონამიდები, ჰიდროქსიქლოროქინი, ამიოდარონი, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორი, ჰიდროქლორთიაზიდი, ინდაპამიდი, ტრიამტერენი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, გარკვეული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, კარბამაზეპინი, ლამოტრიჯინი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენებისას მზის სხივების ზემოქმედებამ შესაძლოა კანის მძიმე ფოტოტოქსიკური ან ფოტოალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშნებია ორთოსტატული ჰიპოტენზიის სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას, განსაკუთრებით თუ სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ.-ზე დაბალია. ასევე საყურადღებოა ერთ დღეში დაახლოებით 2 კგ სხეულის მასის სწრაფი შემცირება, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი დეჰიდრატაციის მაჩვენებელი იყოს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება და მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. მედიკამენტების თვითნებურად შეწყვეტა ან დოზის შეცვლა დაუშვებელია.
მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ გარკვეული მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სტაბილურობაზეც. სანთლები, ვაგინალური სანთლები და კრემები შეიძლება ფიზიკურად შეიცვალოს, რაც მათი ხარისხის დარღვევაზე მიუთითებს. სისხლში გლუკოზის საზომი აპარატები, ტესტ-ზოლები და რეაგენტები დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისა და მაღალი ტემპერატურისგან. ასევე აუცილებელია იმ მედიკამენტების შენახვის პირობების მკაცრი დაცვა, რომელთა ინსტრუქციაში მითითებულია 25°C ან 30°C-ზე დაბალი ტემპერატურის მოთხოვნა.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში მედიკამენტური თერაპიის შეფასება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. მკურნალობის სქემაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით უნდა შევიდეს, რადგან მრავალი პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტამ შესაძლოა გაცილებით სერიოზული საფრთხე შექმნას, ვიდრე თავად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებამ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, დეჰიდრატაციის ნიშნების ადრეულ გამოვლენას, მედიკამენტების სათანადო პირობებში შენახვას და მაღალი რისკის მქონე პაციენტების რეგულარულ მონიტორინგს.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სითბური დარტყმის დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა (აასს) და პარაცეტამოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ისინი არაეფექტურია აღნიშნული პათოლოგიის მართვის პროცესში და შესაძლოა დამატებითი რისკები შეუქმნან პაციენტის ჯანმრთელობას.
წყარო: medscape.com

