საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა ჰანტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გაააქტიურა. პროცესი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, გემის მგზავრებში ჰანტავირუსის 8 შემთხვევა ფიქსირდება (3 დადასტურებული და 5 საეჭვო).
მართალია, ვირუსი ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება, ადამიანისგან ადამიანზე გადადება იშვიათია და საზოგადოებისთვის რისკი ამ ეტაპზე დაბალია, თუმცა პრობლემას დაავადების სიმძიმე წარმოადგენს. დღეისათვის ჰანტავირუსის სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს. ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა სწრაფად რთულდება და პაციენტებს ესაჭიროებათ ინტენსიური თერაპია, მათ შორის ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება და ზოგჯერ დიალიზიც კი. სწორედ ამიტომ, პრევენციის ერთადერთ საიმედო გზად ვაქცინის შექმნა რჩება.
ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩამოყალიბდა გლობალური კონსორციუმი, რომელშიც სამი სხვადასხვა კონტინენტის მეცნიერები არიან გაერთიანებულნი. უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო მთავარი სამედიცინო კომპონენტი – ანტიგენი, აშშ-ში, ტეხასელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს. სწორედ ეს ანტიგენია ის ბიოლოგიური „იარაღი“, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსის ამოცნობასა და განადგურებას ასწავლის. კვლევისა და განვითარების ეტაპზე პროცესში ასევე ჩართულია სამხრეთ აფრიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Afrigen, რომელიც წარმოების პროცესს უზრუნველყოფს.
მთავარ ინოვაციას კი, რომელიც პრეპარატის შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს სრულად ცვლის, ბრიტანული მხარე ხელმძღვანელობს. ბათის უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი ასელ სარტბაევა თავის გუნდთან ერთად ტეხასურ ანტიგენზე მუშაობს და იყენებს ტექნოლოგიას, სახელწოდებით ენსილიკაცია (ensilication). ცნობილია, რომ ტრადიციული ვაქცინების უმეტესობა ტრანსპორტირებისას ე.წ. „ცივ ჯაჭვს“ ანუ მუდმივ გაყინვას მოითხოვს, რაც სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემას ქმნის. ახალი მეთოდი კი გულისხმობს მგრძნობიარე ბიოლოგიური ვაქცინის დაფარვას არაორგანული მასალის (სილიკატების) უწვრილესი ფენით, რაც მას თერმოსტაბილურს ხდის.
როგორც პროფესორი სარტბაევა განმარტავს, 15-წლიანი კვლევის შედეგად შექმნილი ეს დამცავი გარსი ვაქცინას ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის მიმართ მდგრადს ხდის. პრეპარატი აღარ საჭიროებს ძვირადღირებულ სამაცივრე დანადგარებს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ლოგისტიკას და ვაქცინის მიწოდებას დისტანციურ, რთულად მისადგომ ადგილებში თუ კრიზისულ ზონებში – თუნდაც საფრენი აპარატებისა და დრონების მეშვეობით — სრულად შესაძლებელს გახდის.
წყარო: BBC

