მეოცნებე და გულმავიწყი გოგონას მიღმა — ADHD-ის ამოუცნობი სახე

გააზიარე

რატომ ვამჩნევთ მოუსვენარ ბიჭს, მაგრამ ხშირად ვერ ვხედავთ გოგონას, რომელსაც ყოველდღიურად უჭირს ყურადღების მართვა, დაწყებული საქმის დასრულება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა?

ADHD-ის ხსენებაზე თვალწინ ძირითადად ისეთი ბავშვი წარმოგვიდგება, რომელიც გაკვეთილზე ვერ ჩერდება, ადგილიდან დგება და პასუხებს დაუკითხავად წამოიძახებს. თუმცა სინდრომი ყოველთვის ხმაურიანი არ არის. გოგონებში ის ხშირად უყურადღებობით, გულმავიწყობითა და არაორგანიზებულობით ვლინდება — ნიშნებით, რომლებიც ადვილად შეუმჩნეველი რჩება.

ასეთ გოგონებზე ხშირად ამბობენ: „ჭკვიანია, მაგრამ უყურადღებო“, „შეუძლია უკეთ ისწავლოს, თუ მოინდომებს“, „ყველაფერს ბოლო წუთამდე წელავს“.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პრობლემა მონდომების ნაკლებობა კი არა, საკუთარი ყურადღების, დროისა და მოქმედებების მართვის სირთულეა?

რა არ უნდა გამოგვრჩეს:

1. უყურადღებოა და მეოცნებე

გოგონა თითქოს გისმენთ, მაგრამ ინსტრუქციის ნაწილი ავიწყდება. ადვილად ეფანტება ყურადღება, უშვებს დაუდევარ შეცდომებს, უჭირს მოსმენილს ბოლომდე გაჰყვეს ან დაწყებული დავალება დაასრულოს.

როგორ ჩანს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში? დედა გოგონას ეუბნება: „ჩაალაგე ჩანთა, აიღე სპორტული ფორმა და წყლის ბოთლი არ დაგავიწყდეს“. გოგონა თავს უქნევს, მაგრამ სკოლაში მისული აღმოაჩენს, რომ ფორმა სახლში დარჩა, წყლის ბოთლი კი სამზარეულოს მაგიდაზე დევს. ან, მასწავლებელი დავალებას ხსნის, გოგონა კი რამდენიმე წუთით საკუთარ ფიქრებში იძირება. როცა კვლავ გაკვეთილზე ერთვება, ინსტრუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გამოტოვებული აქვს.

2. გულმავიწყია? ნივთებს კარგავს?

ხშირად კარგავს რვეულებს, კალმებსა და სხვა საჭირო ნივთებს. ავიწყდება დავალებების ჩანიშვნა, შეთანხმებები ან ყოველდღიური აქტივობები, ან კი ახსოვს, მაგრამ მოქმედების თანმიმდევრობას ვერ მიჰყვება.

მათ მიმართ ხშირად გაიგონებთ: „რამდენჯერ უნდა შეგახსენო?“ გოგონა ოთახში წიგნის ასაღებად შედის, ადგილზე მისულს კი ავიწყდება, რისთვის შევიდა. ჩანთაში საჭირო რვეულს ვერ პოულობს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თავად ჩადო. გამუდმებით კარგავს თმის სამაგრს, გასაღებს, კალამსა თუ ყურსასმენებს. მშობლები კი ამას ხშირად უპასუხისმგებლობად თვლიან და კიცხავენ.

3. აქვს ორგანიზების და დროის მართვის სირთულეები?

უჭირს დავალების დაწყება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი სამუშაოს შესრულება. ხშირად აგვიანებს, ყველაფერს ბოლო წუთამდე გადადებს და იმაზე მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე თავიდან ეგონა.

გოგონა დარწმუნებულია, რომ გაკვეთილების მომზადებას ნახევარი საათი ეყოფა. ჯერ მაგიდას ალაგებს, შემდეგ ტელეფონს დახედავს, მესიჯებს ამოწმებს, კლასელის მოწერილ ჩატს კითხულობს, წინა დღით დადებულ პოსტზე მოწონებებს ამოწმებს. მოგვიანებით, როგორც იქნა, იწყებს: ერთ დავალებას შეასრულებს, თუმცა ახსენდება, რომ კომენტარზე არ უპასუხია… კვლავ ტელეფონს უბრუნდება და ამ გადართვა-გადმორთვაში აღმოაჩენს, რომ უკვე გვიანია. ან კიდევ — სახლიდან გასვლამდე ათი წუთი დარჩა, ის კი ჯერ ჩაცმულიც არ არის.

დავალებას ხშირად დედლაინის წინა საღამოს ასრულებს, თუმცა არა იმიტომ, რომ არ ადარდებს, არამედ იმიტომ, რომ მუშაობის დაწყება, დროის შეფასება და მოქმედებების თანმიმდევრულად შესრულება უჭირს.

4. იმპულსურია და მოუსვენარი? (თუმცა აქაც მეტი დაკვირვებაა საჭირო)

ADHD-ის მქონე გოგონებში ჰიპერაქტიურობა და მოუსვენრობა სხვანაირად ვლინდება: უჭირს რიგის დაცვა, აწყვეტინებს სხვას საუბარს, სხვის საქმეებს აგვარებს და იქაც ერევა, რაც არ ევალება. ბევრს ლაპარაკობს. დიალოგისას კოგნიტიური გადართვადობა ახასიათებს: კითხვას სვამს, თუმცა პასუხს აღარ უსმენს და მოულოდნელად სრულიად შეუსაბამო, ზოგჯერ სენსიტიურ თემაზე იწყებს ლაპარაკს (რადგან იმ წამს ეს მისთვის მნიშვნელოვანია).

შესაძლოა „გარედან მშვიდია, შიგნით კი ყველაფერი მოძრაობს“ გოგონა გაკვეთილზე ჩუმად ზის, მაგრამ ფეხს მუდმივად ათამაშებს, კალამს ატრიალებს ან ფიქრებში ათას რამეს ასწრებს. სხვებს შეიძლება ხელს არ უშლიდეს, თუმცა შინაგანად სიმშვიდის შენარჩუნება უჭირს. მოუსვენრობა ზოგიერთ გოგონაში ნაკლებად თვალსაჩინოა, ამიტომ მისი ამოცნობა რთულდება.

5. ემოციური გადაღლა და საკუთარი თავის მკაცრი შეფასება

როდესაც ბავშვი ყოველდღიურად ცდილობს, სხვებს არ ჩამორჩეს, შეცდომების დაშვების ეშინია. ის მძიმედ განიცდის კრიტიკას და საკუთარ თავს ზარმაცად ან არასაკმარისად ჭკვიანად მიიჩნევს. ზოგჯერ სწორედ შფოთვა ან დაბალი თვითშეფასება ხდება სპეციალისტთან მიმართვის მიზეზი, ყურადღების დეფიციტი კი კვლავ შეუმჩნეველი რჩება.

6. ურთიერთობები თანატოლებთან — როცა სხვებთან ყოფნაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს ყ

ურადღების მართვისა და იმპულსების კონტროლის სირთულეები ურთიერთობებზეც აისახება. ზოგ გოგონას უჭირს საუბრისას სხვისი მოსმენა, ნათქვამის დამახსოვრება ან თემის მიყოლა. შეიძლება დაავიწყდეს მეგობართან შეთანხმება, დააგვიანოს შეხვედრაზე ან დაუფიქრებლად თქვას ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებს.

მეორე მხრივ, ზოგი გოგონა სოციალური ურთიერთობებისას ზედმეტად ფრთხილობს, ცდილობს, შეცდომა არ დაუშვას და გარშემომყოფთა მოლოდინებს მოერგოს. თუ თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს, შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციებს თავი აარიდოს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაკარგოს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დიდი პრობლემები არ აქვს, სახლში დაბრუნების შემდეგ უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი შეიძლება ატირდეს ან გაღიზიანდეს. ის მთელი დღე ცდილობდა, ორგანიზებული და ყურადღებიანი ყოფილიყო, ახლა კი ემოციური რესურსი უბრალოდ აღარ ჰყოფნის.

7. რატომ შეიძლება კარგი ნიშნების მიღმა ADHD იმალებოდეს?

წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც დავალებას დღეების განმავლობაში გადადებს, მაგრამ ბოლო ღამეს თითქმის არ დაიძინებს, რათა ყველაფერი იდეალურად ჩააბაროს. ან ბავშვი, რომელიც ჩანთას რამდენჯერმე ამოწმებს, მუდმივად აწესრიგებს ჩანაწერებს და ცდილობს, არავინ შეამჩნიოს, სინამდვილეში რა ძალისხმევად უჯდება ორგანიზება.

გარედან ის შეიძლება პასუხისმგებლიანი და წარმატებული ჩანდეს, მაგრამ ამ შედეგის მისაღწევად სხვაზე გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს. გოგონების ნაწილი სირთულეებს მალავს ან სხვადასხვა გზით აკომპენსირებს. დაწყებით კლასებში მშობლისა და მასწავლებლის დახმარება საამისოდ საკმარისიც კია. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, როცა დამოუკიდებლად სწავლისა და დროის მართვის მოთხოვნები იზრდება, სირთულეებიც უფრო თვალსაჩინო ხდება.

ეს არ ნიშნავს, რომ ADHD მოზარდობის ასაკში იწყება. მისი ნიშნები ბავშვობიდან არსებობს, თუმცა მათი ამოცნობა შეიძლება დაგვიანდეს.

თუ ამ მაგალითებში თქვენთვის ნაცნობი გოგონა ამოიცანით, გახსოვდეთ: მას შენიშვნებით, კონტროლით ან შეხსენებით, რომ „უნდა მოინდომოს“, ვერაფრით დაეხმარებით. მნიშვნელოვანია, ყოველდღიური დეტალების მიღმა დიდი სურათი დავინახოთ და ბავშვს მეტად გავუგოთ.

ჩვენი დამოკიდებულების შეცვლითა და საზოგადოების უკეთ ინფორმირებით შევქმნით გარემოს, სადაც გოგონების სირთულეებს დროულად ამოიცნობენ, მათ შესაძლებლობებს სწორად შეაფასებენ და საჭირო მხარდაჭერას დროულად გაუწევენ.

მედეა ზირაქაშვილი — ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ნევროლოგი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები