back to top

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი ESC-2025

გააზიარე

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი ESC-2025, რომელიც წელს დაარსებიდან 75 წელს აღნიშნავდა, არამხოლოდ სამეცნიერო მიღწევების, არამედ გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკისა და თანამშრომლობის პლატფორმაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის გამორჩეულ მნიშვნელობას  თანამედროვე კარდიოლოგიაში. კონგრესში მონაწილეობდა 33.000-მდე სპეციალისტი 169 ქვეყნიდან. მისი ცენტრალური თემა – “კარდიოლოგია საზღვრებს მიღმა” – გულისხმობდა გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებს, ჯანდაცვის თანაბარ ხელმისაწვდომობასა და პრევენციული სტრატეგიების გაძლიერებას. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ახალი კლინიკური გაიდლაინები და ე.წ. “კონსესუს”-თანხმობის დოკუმენტები, ასევე მრავალი მულტიცენტრული კვლევის შედეგი, რომელთაც მნიშვნელოვნად შეუძლიათ შეცვალონ კლინიკური პრაქტიკა.

წელს განახლებულ გაიდლაინებს შორის იყო “სარქვლოვანი დაავადებების მართვის გაიდლაინი”, სადაც დაციტირებული იყო ჩემს მიერ ლაიდენის უნივერსიტეტში შესრულებული კვლევის შედეგები საშუალო ხარისხის აორტის სტენოზის ტრანსკათეტერულ მკურანლობასთან დაკავშირებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ESC კონგრესზე არაერთი ორიგინალური სამეცნიერო კვლევის შედეგი მოვახსენე. წელს კი ჩემი მოხსენების თემას წარმოადგენდა , არაკომპაქტური კარდიომიოპათიის კლინიკური და დიაგნოსტიკური პრედიქტორები კარდიოვასკულურ გართულებებთან დაკავშირებით.  აღნიშნულ პროექტს ვხველმძღვანელობდი და ვასრულებდი სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (სტენფორდი, ა.შ.შ).

არაკომპაქტური კარდიომიოპათია გულის თანდაყოლილ პათოლოგიებს მიეკუთვნება და არაკლასიფიცირებად კარდიომიოპათიებშია გაერთიანებული.  პაციენტებს პათოლოგიური არაკომპაქტური კარდიომიოპათიით შესაძლოა აღენიშნოთ გულის უკმარისობა, უეცარი კარდიული სიკვდილი, თრომბოემბოლიური გართულება და პარკუჭოვანი ტაქიკარდია. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა კლინიკური და დიაგნოსტიკური (ძირითადად გულის მაგნიტურ რეზონანსულ CMR გამოკვლევაზე დამყარებული) პარამეტრები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ  პროგნოზული მნიშვნელობა კარდიოვასკულური გართულებების თვალსაზრისით. ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რამდენიმე რისკის მოდელი, რომელსაც პრედიქტორული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მოდელები მოიცავდა როგორც კლინიკურ ასევე არაინვაზიურ გამომსახველობით მეთოდებზე დამყარებულ პარამეტრებს.

კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს წინასწარ გამოვყოთ ის ჯგუფები, რომლებიც სიცოცხილსათვის საშიში გართიულებების ჯგუფს მიეკუთვნებიან და შევიმუშაოთ პერსონალიზებული პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგია ამ ჯგუფის პაციენტებისთვის.

თეა გეგენავა MD, PhD, კარდიოლოგი, ასისტენტ პროფესორი, თსსუ თერაპიის #1 დეპარტამენტი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები