მეტყველების უნარდაკარგულმა პაციენტმა Neuralink-ის ტვინის იმპლანტის დახმარებით სატელეფონო ზარი განახორციელა

გააზიარე

ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა კომპანია Neuralink-მა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის (BCI) ახალი ფუნქციები გამოსცადა, რაც მეტყველების უნარდაკარგულ ადამიანებს სატელეფონო ზარების განხორციელების, iPhone-ში ტექსტის აკრეფისა და ხელოვნური ინტელექტის მართვის საშუალებას აძლევს.

ინჟინრებმა განახლებული სისტემა კლინიკურ კვლევა VOICE-ის მონაწილეზე გამოსცადეს. პროექტი მეტყველების მძიმე დარღვევების (მაგალითად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის) მქონე პაციენტებისთვის კომუნიკაციის უნარის აღდგენას ისახავს მიზნად. იმპლანტი წარმოსახვით მეტყველებასთან დაკავშირებულ ნეირონულ სიგნალებს კითხულობს და მათ სიტყვებად გარდაქმნის.

ხელოვნური ინტელექტის მართვა 

ახალი ფუნქციით პაციენტი ხელოვნური ინტელექტის აგენტს (Grok) მხოლოდ გონებაში წარმოთქმული ფრაზით, „Hey Neuralink“, რთავს და სასურველ ბრძანებას აძლევს, რის შემდეგაც სისტემა კომპიუტერულ დავალებას დამოუკიდებლად ასრულებს.

გარდა ამისა, სპეციალისტებმა ხმოვანი აქტივობის ნეირონული ამოცნობის სისტემა შექმნეს. აქამდე მომხმარებლები სიგნალების ჩაწერის დასაწყებად და დასასრულებლად ფიზიკურ ღილაკს აჭერდნენ ხელს. ახალი ალგორითმი თავად ხვდება, როდის აპირებს ადამიანი საუბარს და დეკოდირების პროცესს ავტომატურად რთავს ან თიშავს, რაც მოძრაობის მძიმე შეზღუდვის მქონე პირებს კომუნიკაციას უმარტივებს.

ინჟინრებმა სისტემას ნეირონული სიგნალების რეალურ დროში ვიზუალიზაციაც დაამატეს. მონაწილე ეკრანზე თავის ტვინის აქტივობის ინტენსივობას აკვირდება და წარმოსახვითი საუბრის იმ მანერას არჩევს, რომელიც ყველაზე ძლიერ სიგნალს წარმოქმნის.

სატელეფონო ზარები და iPhone-თან ინტეგრაცია

Neuralink-ის გუნდმა იმპლანტის მიერ გენერირებული მეტყველება პირდაპირ iPhone-ის სატელეფონო ზარებში ჩააშენა. პროგრამა სინთეზირებულ ხმას ტელეფონის მიკროფონის აუდიონაკადს აწვდის, რისი წყალობითაც მოსაუბრეს მეორე მხარეს პაციენტის გენერირებული ხმა პირდაპირ ესმის. ტესტირებისას კვლევის მონაწილემ ამ ტექნოლოგიით საკუთარ მეუღლეს დაურეკა და ესაუბრა.

კომპანიამ ასევე შეიმუშავა iOS-ის კლავიატურის ინტეგრაცია, რომლითაც პაციენტი ტექსტს ნებისმიერ აპლიკაციაში პირდაპირ გონებრივი სიგნალებით კრეფს. პარალელურად, დეველოპერებმა მობილური აპლიკაცია Bloom განაახლეს: დაამატეს ტექსტის სწრაფი რედაქტირების ფუნქცია და კომუნიკაციის რეჟიმი პირდაპირ დაბლოკილი ეკრანიდან, ტელეფონის განბლოკვის გარეშე.

ინჟინრებმა ეს პროტოტიპები კვლევის მონაწილის სახლში, 72-საათიანი უწყვეტი სამუშაო სესიის დროს, პაციენტსა და მის მეუღლესთან ერთად შექმნეს და გამოსცადეს.

მიუხედავად წარმატებული დემონსტრაციისა, Neuralink-ს ტექნოლოგიის სიზუსტისა და რეაგირების სისწრაფის რაოდენობრივი მონაცემები ჯერ არ გაუსაჯაროებია. კომპანიის იმპლანტები კვლავ კვლევით ეტაპზე რჩება და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) საბოლოო ნებართვა ჯერ არ მიუღია.

წყარო: interestingengineering.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები