ახალმა კვლევამ, რომელიც ევროპის ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის კოლეჯის (ECNP) კონგრესზე ამსტერდამში იქნა წარმოდგენილი, დაადასტურა კავშირი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD) და გაზრდილ შემოქმედებითობას შორის. კვლევამ პირველად შემოგვთავაზა მექანიზმი, რომელიც ამ კავშირს ხსნის: ეს არის გონების მოხეტიალე (mind-wandering) მდგომარეობის ტენდენცია.
გონების მოხეტიალე მდგომარეობა განიმარტება, როგორც ყურადღების კონკრეტული ამოცანიდან გონებაში გენერირებულ აზრებზე გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება ყველა ადამიანს ახასიათებს, ის უფრო მეტად ვლინდება ADHD-ის მქონე პირებში.
რადბაუდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების ხელმძღვანელობით, ჩატარდა ორი დამოუკიდებელი კვლევა, რომელშიც ჯამში 750 მონაწილე, მათ შორის ADHD-ის მქონე პაციენტები და საკონტროლო ჯგუფები შედიოდნენ. შედეგების დამოუკიდებელ ჯგუფებზე განმეორებითმა ანალიზმა დასკვნების სანდოობა გაზარდა.
მკვლევრებმა შეისწავლეს ADHD-ის სიმპტომებს, შემოქმედებითობასა და ფუნქციურ დარღვევებს შორის კორელაციური კავშირები და გაარკვიეს, თუ რა როლი აქვს მათში გონების მოხეტიალე მდგომარეობას. ADHD-ის მქონე პაციენტთა ორივე ჯგუფში გამოვლინდა სინდრომის კლასიკური ნიშნები: ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და საგნიდან ყურადღების გადატანის ტენდენცია. ორივე კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მწვავე იყო ADHD-ის სიმპტომები, მით უფრო მეტად იყო გამოხატული გონების მოხეტიალე მდგომარეობა.
მკვლევრებმა განასხვავეს გონების მოხეტიალე მდგომარეობის ორი ტიპი:
- სპონტანური გონების მოხეტიალე მდგომარეობა (spontaneous mind-wandering): კონცენტრაციის დაკარგვა, როდესაც აზრები უმიზნოდ გადადის ერთი თემიდან მეორეზე.
- განზრახული გონების მოხეტიალე მდგომარეობა (deliberate mind-wandering): ადამიანები მიზანმიმართულად აძლევენ თავიანთ აზრებს თემიდან გადახვევის თავისუფლებას
ორივე კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა კორელაცია, რომლის მიხედვითაც, ADHD-ის მახასიათებლების (როგორიცაა ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა ან იმპულსურობა) სიმძიმე დადებითად უკავშირდებოდა შემოქმედებითი მიღწევების მაღალ მაჩვენებლებს. ეს შედეგები ეთანხმება ადრეულ კვლევებს.
დამატებით, დადგინდა, რომ განზრახული გონების მოხეტიალე მდგომარეობა უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული გაზრდილ შემოქმედებითობასთან ADHD-ის მქონე ინდივიდებში. ეს აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ გონების მოხეტიალე მდგომარეობა, კერძოდ კი მისი განზრახული ფორმა, შესაძლოა წარმოადგენდეს ფუნდამენტურ ფაქტორს ADHD-სა და შემოქმედებითობას შორის კავშირში.
ამ შედეგებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება შეიძლება მოეძებნოს ფსიქოგანათლებასა და თერაპიულ ინტერვენციებში.
ფსიქოგანათლების სფეროში, სპეციალური პროგრამები, რომლებიც ასწავლის ADHD-ის მქონე ინდივიდებს სპონტანური იდეების შემოქმედებით პროდუქტად გარდაქმნას, ხელს შეუწყობს მათ მიერ გონების მოხეტიალე მდგომარეობით მიღებული სარგებლის გაზრდას.
მკურნალობის კუთხით, ADHD-ზე მორგებულმა კოგნიტურმა ინტერვენციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს სპონტანური გონების მოხეტიალე მდგომარეობის შემცირებას ან მის უფრო მიზანმიმართულ/განზრახულ ფორმებში ტრანსფორმაციას, შესაძლოა შეამციროს ფუნქციური დარღვევები და გააუმჯობესოს თერაპიის შედეგები.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გონების მოხეტიალე მდგომარეობა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვანრესურსს, რომელზეც ADHD-ის მქონე პირების შემოქმედებითობაა დაფუძნებული.
წყარო: ECNP

