წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, თუკი გულის დაავადებებისა და დიაბეტს უბრალოდ „ღილაკის“ გამორთვით გავაქრობდით. სწორედ ასეთი საოცარი აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ამ კვლევამ ახალი წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმი და რა მეთოდებით შეგვიძლია ვებრძოლოთ ქრონიკულ დაავადებებს.
რა მოხდა უჯრედების დონეზე?
ტეხასის უნივერსიტეტის არლინგტონის მკვლევართა ჯგუფმა, პროფესორ სუბრანგსუ ს. მანდალის (Subhrangsu S. Mandal) ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ანთების დროს იმუნური უჯრედები ქოლესტერინის შეწოვის უნარს კარგავენ. ეს პროცესი გადამწყვეტია ორგანიზმში ლიპიდური ბალანსის შესანარჩუნებლად და მისი დარღვევა იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა ათეროსკლეროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პათოლოგიები.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანთებითი პროცესი ააქტიურებს ფერმენტს – ინდოლამინ-2,3-დიოქსიგენაზა 1 (IDO1). ეს ფერმენტი გამოიმუშავებს ნივთიერება კინურენინს, რომელიც უშუალოდ აფერხებს მაკროფაგების მიერ ქოლესტერინის შეწოვას. ამ აღმოჩენით მკვლევრებმა დაადგინეს, რატომ ფერხდება უჯრედებში ქოლესტერინის გადამუშავება ანთების დროს. როდესაც მათ ექსპერიმენტულად დაბლოკეს IDO1 ფერმენტის მოქმედება, მაკროფაგებმა კვლავ დაიწყეს ქოლესტერინის აქტიური ათვისება და ანთების დონეც მნიშვნელოვნად შემცირდა.
კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ კიდევ ერთი ფერმენტი, აზოტის ოქსიდის სინთეტაზა (NOS), აძლიერებს IDO1-ის მავნე ეფექტებს. ეს მიუთითებს, რომ, შესაძლოა, მომავალი თერაპიული სტრატეგიები ორივე ფერმენტის მოქმედების ერთდროულად დათრგუნვაზე იყოს დაფუძნებული.
სამომავლო პერსპექტივები
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, გაამარტივოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს მკურნალობა, რადგან ეს პათოლოგიები ხშირად დაკავშირებულია ქრონიკულ ანთებასთან და ქოლესტერინის რეგულაციის დარღვევასთან.
სრულად ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი ქვემოთ:
Chini, A., Guha, P., Rishi, A., Bhat, N., Covarrubias, A., Martinez, V., … & Mandal, S. S. (2024). HDLR-SR-BI Expression and Cholesterol Uptake are Regulated via Indoleamine-2,3-dioxygenase 1 in Macrophages under Inflammation. doi: 10.1021.
News Medical. (2025, June 27). New enzyme can be turned off to restore cholesterol balance and reduce inflammation. News Medical Life Sciences.
ScienceDaily. (2025, June 29). Scientists discover ‘off switch’ enzyme that could help stop heart disease and diabetes. ScienceDaily.

