სტომატოლოგთან ვიზიტი ბევრისთვის კვლავ სერიოზულ სტრესთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა მთელი ორგანიზმის კეთილდღეობას განსაზღვრავს, თანამედროვე მეთოდები, დაბჟენა და იმპლანტით ჩანაცვლება, არასრულყოფილია. თუმცა, რეგენერაციული მედიცინის განვითარებასთან ერთად, მეცნიერები სრულიად ახალ მიდგომაზე მუშაობენ: რა მოხდება, თუკი დაზიანებულ კბილებს ხელოვნური ჩარევის ნაცვლად, უბრალოდ, ხელახლა გავზრდით?
მსოფლიოს მასშტაბით მკვლევართა ჯგუფები სტომატოლოგიის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას ისახავენ მიზნად. მათი ხედვით, მომავალში სტომატოლოგთან ვიზიტი სინთეტიკური მასალებით კბილის „შეკეთების“ ნაცვლად, დაზიანებული ქსოვილის ან მთლიანი კბილის ბიოლოგიურ რეგენერაციას დაეფუძნება.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საზოგადოება სტომატოლოგიაში რადიკალური სიახლეებისთვის უკვე მზადაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ღრძილების დაავადებები და კბილის დანაკლისი პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან, რესპირატორულ ინფექციებსა და ალცჰაიმერის დაავადებასთანაც კი.
თვითაღმდგენი ბჟენები
კარიესი, რომელიც კბილის დამცავი შრის განადგურებას იწვევს, ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. ტრადიციული ბჟენების (პლომბების) სიცოცხლისუნარიანობა საშუალოდ 5-დან 20 წლამდე მერყეობს, რაც პაციენტს განმეორებითი პროცედურებისთვის წირავს. ამის საპირისპიროდ, მეცნიერები ახლა იკვლევენ ცილებს, რომლებიც კბილს დამოუკიდებლად აღდგენისკენ უბიძგებს.
ლაბორატორიულ პირობებში, ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მკვლევრებმა უკვე შეძლეს მინანქრისა და დენტინის წარმომქმნელი უჯრედების სინთეზირება. შედეგად მიიღეს კბილის ორგანოსმაგვარი სტრუქტურა (organoid), რომელიც მინანქრის პროტეინებს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. სპეციალისტების განმარტებით, ეს გზას უხსნის ე.წ. „ცოცხალი ბჟენების“ შექმნის პერსპექტივას, რომლებიც კბილის ქსოვილს სინთეტიკური ჩარევის გარეშე, ბუნებრივად შეახორცებს.
ლაბორატორიული კბილი
დღეს დაზიანებული კბილის ჩანაცვლების საუკეთესო გზა იმპლანტია, თუმცა მას ნერვული დაბოლოებები არ გააჩნია, რაც ღეჭვისას მგრძნობელობას უკარგავს და დაზიანების რისკს ზრდის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მეცნიერები ლაბორატორიულად გამოზრდილი, სრულფასოვანი კბილების შექმნაზე მუშაობენ.
ცხოველებზე ჩატარებულმა უახლესმა ექსპერიმენტებმა უკვე აჩვენა პერსპექტიული შედეგები — ბიოინჟინერიულ კარკასზე უჯრედების მოთავსებით შესაძლებელი გახდა კბილის მსგავსი სტრუქტურის გაზრდა, რომელიც ბუნებრივი კბილის განვითარების ტემპს მიუახლოვდა. მეცნიერთა საბოლოო მიზანი ადამიანის პირის ღრუში სრულიად ახალი კბილის გაზრდაა ისე, რომ „ბუნებამ თავად იზრუნოს დანარჩენზე“.
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად უზარმაზარი მოთხოვნისა, კლინიკურ პრაქტიკაში „ცოცხალი კბილების“ მასობრივ დანერგვამდე ჯერ კიდევ დიიდ დროა, რადგან ტექნოლოგიამ ადამიანებზე ცდებამდე გრძელი გზა უნდა გაიაროს. თუმცა, რეგენერაციული სტომატოლოგიის მიღწევები უკვე იძლევა იმედს, რომ მომავალში სტომატოლოგთან ვიზიტი არა დროებით შეკეთებას, არამედ რეალურ განკურნებას ნიშნავს.
წყარო: BBC

