მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა ახალი სამედიცინო იმპლანტი — LUCID შექმნეს. მოწყობილობა ტვინის აგრესიული სიმსივნის, გლიობლასტომის რეციდივს აფერხებს და მედიკამენტებს უშუალოდ სამიზნე ქსოვილში აწვდის. კვლევის შედეგებს სამეცნიერო ჟურნალი Device აქვეყნებს.
გლიობლასტომის დროს ქირურგები სიმსივნურ უჯრედებს სრულად ვერ კვეთენ, რის გამოც დაავადება ხშირად ბრუნდება, პაციენტები კი დიაგნოზის დასმიდან საშუალოდ 12-15 თვეს ცოცხლობენ. MIT-ის ახალი სისტემა ამ პრობლემას ადგილობრივი თერაპიით ჭრის: ქირურგიული ოპერაციისას ექიმები თავის ქალაში მუყაოს ფურცლის სისქის მოქნილ იმპლანტს ათავსებენ, რომელიც დარჩენილ სიმსივნურ უჯრედებს დროთა განმავლობაში ანადგურებს.
LUCID 100 მიკროლიტრი მოცულობის რეზერვუარს, 3D-პრინტერით დაბეჭდილ მიკრომილაკსა და 24 მინიატიურულ ულტრაბგერით გადამყვანს აერთიანებს. ოსმოსური ტუმბო პრეპარატს ქსოვილში ნელ-ნელა აწვდის, ულტრაბგერითი ტალღები კი ჰემატოენცეფალურ ბარიერს დროებით ხსნის და წამლის მოლეკულებს ტვინის ღრმა უბნებში ავრცელებს. ექიმები პროცესს Bluetooth-ის მეშვეობით, უსადენოდ მართავენ და დოზირებას დისტანციურად აპროგრამებენ. იმპლანტის ელემენტიც უსადენოდ იმუხტება.
„ჩვენი სისტემა პრეპარატს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება და ინფუზიას აძლიერებს. მოწყობილობა ექიმებს საშუალებას აძლევს, ინფუზიის მოცულობა, ხანგრძლივობა და სიხშირე თავად განსაზღვრონ“, — განმარტავს კვლევის უფროსი ავტორი, MIT-ის ასოცირებული პროფესორი ჯანან დაღდევირენი.
თაგვებსა და ქსოვილის მოდელებზე ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ულტრაბგერის დახმარებით პრეპარატი ტვინში გაცილებით შორ მანძილზე ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული, პასიური დიფუზიისას. კვლევის თანაავტორის, სარა ორნელასის თქმით, ადგილობრივი და პროგრამირებადი მიწოდება სხვა ორგანოებზე ქიმიოთერაპიის ტოქსიკურ გავლენას ამცირებს და სამიზნე უჯრედების განადგურების შანსს ზრდის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში LUCID-ის ტექნოლოგია იმუნოთერაპიასა და გენურ თერაპიაშიც დაინერგება და ტვინის გარდა, სხვა რბილი ქსოვილების მკურნალობასაც გაამარტივებს.
წყარო: MedicalXpress

