81 წლის ასაკში გერმანელი ანატომი და მეცნიერი, გიუნტერ ფონ ჰაგენსი გარდაიცვალა. ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სხეულის პლასტინაციის ინოვაციური მეთოდის შემუშავებითა და სკანდალური მოძრავი გამოფენით Body Worlds. პლასტინაციის ინსტიტუტის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა გახდა.
ფონ ჰაგენსმა სხეულის ქსოვილების შენახვის უნიკალური ტექნოლოგია 1977 წელს, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მუშაობისას გამოიგონა. პროცესი გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმიდან სითხისა და ცხიმის გამოდევნას და მათ ნაცვლად სპეციალური ფისების, სილიკონისა და ეპოქსიდის შეყვანას გულისხმობს. ეს მეთოდი ქსოვილებს სიმყარეს ანიჭებს და საშუალებას იძლევა, სხეულები რეალისტურ, დინამიკურ პოზებში იქნეს წარმოდგენილი. 1995 წლიდან მისმა ექსპოზიციამ Body Worlds, სადაც პლასტინირებული გვამები ჭადრაკის თამაშისას, სპორტული აქტივობებისას თუ სხვა ყოველდღიურ მდგომარეობაში იყვნენ წარმოდგენილნი, გლობალური აღიარება მოიპოვა და მას 50 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.
ავტორის თქმით, პროექტის მიზანი „ანატომიის დემოკრატიზაცია“ და სიკვდილის თემასთან დაკავშირებული ტაბუების მსხვრევა იყო. თუმცა, ექსპონატებს შორის ემბრიონებისა და ცხოველების გამოყენებამ, ასევე გვამების წარმომავლობასთან დაკავშირებულმა ეჭვებმა გამოფენა მწვავე ეთიკური განხილვებისა და კრიტიკის საგნად აქცია.
მეცნიერის სურვილის შესაბამისად, მისი სხეულიც პლასტინაციის პროცედურას გაივლის. ფონ ჰაგენსი სიცოცხლეშივე აცხადებდა, რომ სურდა გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული მუზეუმში ან გამოფენის შესასვლელში განეთავსებინათ, თუმცა კონკრეტულად სად გამოიფინება ანატომის პლასტინირებული ცხედარი, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: The Guardian

